წვდომის მენიუ

სს „სილქნეტსა“ და შპს „ნიუ ვიჟენს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 335 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2017 18:06

მიღების თარიღი მაისი 11, 2017

სს „სილქნეტსა“ და შპს „ნიუ ვიჟენს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის თანხმობის გარეშე საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებით, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე  მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიის სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ, კომისიას საჩივრით  მომართა შპს „ნიუ ვიჟენმა“ (18.04.17 შ-6/3171-17).

შპს „ნიუ ვიჟენის“ საჩივრის (18.04. 17 Nშ-6/3171-17) თანახმად, სს „სილქნეტმა“ 2017 წლის 16 აპრილს შეუჩერა ურთიერთჩართვა, იმ მიზეზით, რომ შპს „ნიუ ვიჟენი“ არ დაეთანხმა სს „სილქნეტის“ ოფერტას, რომელიც არ არის შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არის გამოქვეყნებული კომისიის მიერ. საჩივარში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ მოთხოვნილია ხარჯების აღიარება და თანხების გადახდა მათ მიერ უკანონოდ ვადა გაგრძელებული ოფერტების საფუძველზე. შპს „ნიუ ვიჟენის“ განცხადებით, არა თუ არ ერიცხება დავალიანება არცერთი კომპანიის და მათ შორის სს „სილქნეტის“ მიმართ, არამედ, ავანსად აქვს გადახდილი თანხები და სს „სილქნეტის“ ანგარიშზე ჩარიცხული აქვს დეპოზიტი 10 000 აშშ დოლარის ლარში ექვივალენტის ოდენობით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ნიუ ვიჟენს“ მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის  ქმედება წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას.

შპს „ნიუ ვიჟენმა“ მოითხოვა კომისიის მიერ შესაბამისი ზომების მიღება და შეჩერებული ურთიერთჩართვის აღდგენა.

შპს „ნიუ ვიჟენის“ საჩივართან დაკავშირებით, კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის პირველ მაისს. სხდომების გამართვის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს  და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2017 წლის პირველი მაისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ.ყურაშვილი, შპს „ნიუ ვიჟენის“ წარმომადგენლები ნ.შეყილაძე და თ.მიქიაშვილი.

კომისიის 2017 წლის პირველი მაისის მოსამზადებელი სხდომა შპს „ნიუ ვიჟენის“ მიერ მოთხოვნის დაზუსტების მიზნით გადაიდო 2017 წლის 4 მაისისთვის.

კომისიის 2017 წლის პირველი მაისის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს დაევალათ ერთმანეთის ქსელში განხორციელებული ტრაფიკის თაობაზე (ე.წ. CDR-ები) ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა.

კომისიის 2017 წლის 4 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ.ყურაშვილი, შპს „ნიუ ვიჟენის“ წარმომადგენლები ნ.შეყილაძე და თ.მიქიაშვილი.

კომისიის 2017 წლის  4 მაისის მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2017 წლის 11 მაისისთვის, შპს „ნიუ ვიჟენის“ მიერ ურთიერთჩართვის შეწყვეტის თაობაზე მტკიცებულების წარმოდგენის მიზნით.

2017 წლის 8 მაისს შპს „ნიუ ვიჟენმა“ ელექტრონულად წარმოადგინა სს „სილქნეტის“ ქსელში განუხორციელებელი ზარების (ე.წ. ლოგები) თაობაზე ინფორმაცია. აღნიშნული მტკიცებულება კომისიის მიერ გაეგზავნა სს „სილქნეტს“.

2017 წლის 11 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა შპს „ნიუ ვიჟენის“ წარმომადგენელი ნ.შეყელაძე, არ გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ.ყურაშვილი, თუმცა კომისიაში წარმოდგენილი იქნა სს „სილქნეტის“ განცხადება, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ კ.ყურაშვილი 2017 წლის 8-დან 11 მაისის ჩათვლით იმყოფება შვებულებაში.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, ხოლო 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.

ამდენად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნიუ ვიჟენსა“ და სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და დავის განხილვის დღედ უნდა განისაზღვროს 2017 წლის 18 მაისი 15:00 საათი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „ნიუ ვიჟენსა და  სს „სილქნეტს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა დაინიშნოს 2017 წლის 18 მაისს, 15:00 საათზე;
  2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის  გაგზავნის უზრუნველყოფა;
  4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).

კომისიის თავმჯდომარე                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                            ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                            კახი ბექაური

კომისიის წევრი                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                            მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები