საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 19, 2017 17:35
მიღების თარიღი მაისი 16, 2017
საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 30 მარტის N265/7 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დასადგენად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა: ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რომელიც მნიშვნელოვან და არაგარდამავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის სათანადო, ეფექტიანი რეგულაციების დადგენა.
საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა 2017 წლის 2 მაისის და 11 მაისის კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომებზე. სხდომებს ესწრებოდნენ შპს „გუდვილკომის“, სს „გლობალ ერთის“, შპს „კავკასუს ონლაინის“, და შპს „მაგთიკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“, შპს „მაიფონის“, შპს „პრემიუმ ნეტ ინტერნეიშენალის“, სს „სილქნეტის“ და შპს „ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომებზე კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტმა (დ. გოგიჩაიშვილი) წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის სტატისტიკური მონაცემების თაობაზე. მან აღინიშნა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების მოცულობის პერმანენტულმა შემცირებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ტრაფიკის კლების ასეთი ტენდენცია უარყოფითად აისახა არა მარტო კომპანიების შემოსავლებზე, არამედ ქვეყნის ბიუჯეტში შეტანილ აქციზის გადასახადის მოცულობაზეც, რაც დასტურდება 2015 და 2016 წლების მონაცემების ანალიზის შედეგებით. საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის შემოღებიდან 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის სახით შევიდა 37.1 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს 24.5 მილიონი ლარი. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის, კერძოდ ურთიერთჩართვის ტარიფისაგან განსხვავებული ტარიფის დადგენის ძირითადი საფუძველია ავტორიზებული პირების უცხოეთის ქვეყნების (განსაკუთრებით რეგიონში არსებული ქვეყნების - რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსია, უკრაინა, თურქეთი) კომპანიებთან ანგარიშსწორებისას დისბალანსის მაქსიმალური შემცირება. ამავე დროს, საერთაშორისო ზარის დროებით რეგულაციის პირობები, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ავტორიზებული პირების მიერ საზღვარგარეთის კომპანიებისგან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზის გადასახადის შენატანებს, ასევე, ზრდის საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინებას (რადგან ამ რეგულაციით დადგენილი ტარიფები განისაზღვრება აშშ დოლარში). ამასთან ერთად, საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაცია გავლენას არ ახდენს ადგილობრივი მომხმარებლებისთვის დაწესებულ სატელეფონო მომსახურების ტარიფებზე.
კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილების მიღებისას, რომლითაც ვადა არ გაუგრძელდა კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას („საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“), კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გააგრძელებდა მუშაობას ავტორიზებულ პირებთან ერთად ოპტიმალური შედეგის მომტანი დროებითი რეგულაციის მოდელის შექმნაზე.
კომისიის სხდომებზე აღინიშნა, რომ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის რეგულაციის გაუქმებამ: უარყოფითი შედეგები მოიტანა როგორც კომპანიებისათვის, ასევე ქვეყნის ბიუჯეტისათვის; ავტორიზებულ პირებს შორის ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობები გაუარესდა, შედეგად კომისიამ განიხილა და განხილვის პროცესშია ავტორიზებულ პირებს შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავები; ამასთან, კომისიის მიერ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებების ფარგლებში დაეკისრათ პასუხისმგებლობები.
დროებითი რეგულაციის დადგენის შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელმა”, შპს ,,მაგთიკომმა” და შპს ,,მობიტელმა“ გამოთქვეს მზადყოფნა: საქართველოში ე.წ. „SIMBOX“-ების საშუალებით შემომავალი საერთაშორისო ზარის პრევენციის მიზნით გაამკაცრონ და კონტროლს დაუქვემდებარონ SIM ბარათების რეალიზაციის პრაქტიკა; უზრუნველყონ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის მომსახურების დროს ეფექტური კონტროლის და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება; შესაძლო დარღვევების გამოვლენის და პრევენციის მიზნით ეფექტურად ითანამშრომლონ კომისიასთან და შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ამასთან ერთად, მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ჯეოსელმა”, შპს ,,მაგთიკომმა”, შპს ,,მობიტელმა“, სს „სილქნეტმა“, შპს „ახალმა ქსელებმა“ და შპს „ახტელმა“ მზადყოფნა გამოთქვეს მონიტორინგის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ხელშეკრულება დადონ შესაბამისი გამოცდილების მქონე ერთი და იმავე საერთაშორისო კომპანიასთან, უზრუნველყონ კომისიის მიერ განსაზღვრულ პირთა წრის შეუზღუდავი წვდომა მონიტორინგის მონაცემებთან.
შპს ,,ჯეოსელმა ”, შპს ,,მაგთიკომმა”, შპს ,,მობიტელმა“, სს „სილქნეტმა“ და შპს „ახალმა ქსელებმა“ კომისიის სხდომაზე მოითხოვეს საერთაშორისო ზარების დასრულებაზე ერთიანი ტარიფების დადგენა როგორც ქსელის მფლობელი, ასევე ტრანზიტორი ოპერატორებისათვის, ან ქსელის მფლობელი ოპერატორებისათვის მათ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულებაზე მათთვის ტარიფის დამოუკიდებლად დადგენის უფლების მინიჭება.
საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე ერთიანი ტარიფის მოქმედების პირობებში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორებმა გამოთქვეს მზადყოფნა ავტორიზებული პირების მიერ მათ ქსელში ტრაფიკის მოზიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხადონ მათ მომსახურების საფასური.
შპს „გუდვილკომმა“, სს „გლობალ ერთმა“, შპს „კავკასუს ონლაინმა“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“, შპს „მაიფონმა“, შპს „პრემიუმ ნეტ ინტერნეიშენალმა“ და შპს „ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ“, ასევე ააიპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციამ“ კომისის სხდომაზე წარმოადგინეს ერთობლივი წერილი, სადაც აღნიშნავენ, რომ ბაზარზე მოქმედი ყველა ოპერატორის ინტერესების დასაცავად აუცილებელია დადგინდეს დიფირენცირებული ტარიფი, რაც საშუალებას მისცემს ტრანზიტულ ოპერატორებს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენცია გაუწიონ ქსელის მფლობელ ოპერატორებს.
კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით, საქართველოში საერთაშორისო ზარის მობილურ ქსელში დასრულების მომსახურება იბეგრება − ერთ წუთზე 15 თეთრის ოდენობით, ხოლო ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება − ერთ წუთზე 8 თეთრის ოდენობით. ამასთან, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მიხედვით, აქციზის გადასახადის გადამხედელია ავტორიზებული პირი, რომელიც ახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას. შესაბამისად, აქციზის გადასახადის ბიუჯეტში შეტანაზე პასუხისმგებელია ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველა ავტორიზებული პირი უნდა იყოს თანაბარ კონკურენტულ პირობებში, შესაბამისად ერთი და იგივე მომსახურებაზე ავტორიზებული პირებისთვის სხვადასხვა ტარიფების დაწესება არ უზრუნველყოფს ბაზარზე მათი საქმიანობის კონკურენტულ პირობებთან თავსებადობას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა საერთაშორისო ზარების დასრულებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, მაკედონია, ბელგია, ხორვატია, ნორვეგია. წყარო: http://www.culleninternational.com/product/documen-ts/FLTEEU20150102) დასაშვებად იქნა ცნობილი საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის ურთიერთჩართვის ტარიფებისაგან განსხვავებული ტარიფების დაწესება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ამ მომსახურებაზე ოპერატორებისთვის ერთი ტარიფი მოქმედებს.
კომისია, ასევე, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო შემომავალი ზარის „A“ ნომერის დაფარვის, კორექტირების, შემოკლების, გადაკეთების და სხვა სახის თაღლითობის (ე.წ. „ფროდის“) გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის დროული აღმოფხვრის მიზნით, ავტორიზებულ პირებს უნდა მიეცეთ საერთაშორისო შემომავალი ზარის დასრულების მომსახურების შეჩერების უფლება. ამასთან, ასეთი ტიპის ზარის გამოვლენის შემთხვევაში, ავტორიზებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს კომისიას და წარუდგინოს მას შესაბამისი მტკიცებულებები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, სამი ხმა ორის წინააღმდეგ (მომხრე კომისიის წევრები: ვახტანგ აბაშიძე, კახი ბექაური და გიორგი ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრები: ელისო ასანიძე და მერაბ ქათამაძე):
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დადგინდეს ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ ქსელში და ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები:
ა) მოძრავ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);
ბ) ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულება: 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით);
2. დაევალოთ შპს ,,ჯეოსელს”, შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,მობიტელს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ 2017 წლის 1 ივნისამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოადგინონ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა მოიცავდეს მხოლოდ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მიწოდების არსებით პირობებს, მათ შორის:
ა) საერთაშორისო ზარის დასრულების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში - ა.შ.შ. დოლარი/წუთი;
ბ) ანგარიშსწორების პირობები.
3. მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებს: შპს ,,ჯეოსელს”, შპს ,,მაგთიკომს”, შპს ,,მობიტელს“, სს „სილქნეტს“, შპს „ახალ ქსელებს“, შპს „ახტელს“, შპს „ივერია ქსელს“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“, შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით დაევალოთ:
ა) ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი თვის ვადაში საერთაშორისო ზარების დასრულების ერთიანი მონიტორინგის და ტესტირების სისტემის დანერგვა;
ბ) ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში კომისიასთან შესათანხმებლად წარმოადგინონ საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგისა და ტესტირების სისტემის დანერგვის მიზნით ერთი და იმავე საერთაშორისო კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობები, მათ შორის შესყიდვის ობიექტი (საგანი) და შესყიდვის ტექნიკური პირობები;
გ) საერთაშორისო ზარების დასრულების მონიტორინგისა და ტესტირების მონაცემებთან კომისიის შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფა.
4. ავტორიზებულ პირებს, საკუთარ ქსელში შემომავალი ზარის „A“ ნომერის დაფარვის, კორექტირების, შემოკლების, გადაკეთების და სხვა სახის თაღლითობის (ე. წ. „ფროდი“) გამოვლენის შემთხვევაში, მიეცეთ:
ა) ასეთი ტიპის ზარებზე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ტარიფის დაწესების უფლება;
ბ) საერთაშორისო შემომავალი ზარის დასრულების მომსახურების შეჩერების უფლება. საერთაშორისო შემომავალი ზარის მომსახურების შეჩერების შემთხვევაში ავტორიზებულმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას და წარუდგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
5. ავტორიზებულ პირებს მიეცეთ რეკომენდაცია საზღვარგარეთის პარტნიორ ოპერატორებთან პირდაპირი ურთიერთჩართვის განხორცილების თაობაზე;
6. ავტორიზებულმა პირებმა ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე უზრუნველყონ სატელეფონო ზარების შესახებ დეტალური ინფორმაციის („CDR“) კომისიაში წარმოდგენა, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მოიცავდეს:
ა) საზღვარგარეთის პარტნიორი ოპერატორების დასახელებას და შესაბამის ტრაფიკს;
ბ) როუმინგული ზარის შემთხვევაში წამომწყები აბონენტის მობილური საკომუნიკაციო ქსელის კოდს (IMSI).
7. დაევალოთ ავტორიზებულ პირებს, საზღვარგარეთის პარტნიორ ოპერატორებთან ანგარიშსწორებისას ინვოისებში და ურთიერთშედარების დოკუმენტებში ასახონ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორცილებული წუთების რაოდენობა მიმართულებების (გამავალი და შემავალი) მიხედვით, ერთი წუთის ფასი და მიღებული და გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულებები;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე და მოქმედების ვადა განისაზღვროს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კახი ბექაური
გიორგი ფრუიძე
მერაბ ქათამაძე
