სს „სილქნეტსა“ და „Mediafon datapro“/„Mediafon“-ს შორის არსებული დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2017 18:03
მიღების თარიღი მაისი 18, 2017
სს „სილქნეტსა“ და „Mediafon datapro“/„Mediafon“-ს შორის არსებული დავის განხილვის შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 13 თებერვალს სს „სილქნეტმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (Nშ-6/1355-17) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის „Mediafon datapro“-სა და „Mediafon“-თან 2016 წლის 29 დეკემბერს სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის ცენტრალურ მონაცემთა ბაზის მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, დავის განხილვის მოთხოვნით; სს „სილქნეტის“ განცხადებაში (13.02.2017 Nშ-6/1355-17) აღნიშნულია რომ:
ა) „Mediafon“-ის/„Mediafon datapro“-ს მიერ, ოპერატორებისთვის განსახილველად წარდგენილი იყო ხელშეკრულების ინგლისურენოვანი რედაქცია, ხოლო ქართული რედაქციით ხელშეკრულება ოპერატორებმა მიიღეს მხოლოდ ხელმოწერის წინ. ამასთან, ორენოვან ხელშეკრულებაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ და არა ქართულ რედაქციას. სს „სილქნეტის“ განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, უპირატესობა მინიჭებოდა ქართულ რედაქციას;
ბ) სს „სილქნეტის“ განცხადების თანახმად, ასევე გადასახედია ხელშეკრულების N1 დანართის მე-4 მუხლის 4.4. პუნქტში მოცემული ტექნიკური პრობლემის სირთულის დონეები და მათი განმარტებები, სადაც მხოლოდ კრიტიკული სირთულის შემთხვევებზეა განსაზღვრული გაუწეველი მომსახურების პროპორციულად ყოველთვიური საფასურის გადაანგარიშების პირობა, რაც არასწორია, ვინაიდან, სირთულის დონეების განმარტებებს თუ დავეყრდნობით, „კრიტიკული სირთულისაა“ შემთხვევა, როდესაც „სისტემა ვერ მუშაობს და სისტემის გამოყენების შეუძლებლობა კრიტიკულ ზემოქმედებას ახდენს მომსახურების პროვაიდერის (ოპერატორის) მუშაობაზე“, „დიდი სირთულისაა“ შემთხვევა, როდესაც „სისტემის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ სისტემის ძირითადი/მნიშვნელოვანი კომპონენტი ცუდად მუშაობს და არსებით გავლენას ახდენს მომსახურების პროვაიდერის (ოპერატორის) ნებისმიერ/ყველა ოპერაციაზე“, „მცირე სირთულისაა“ შემთხვევა, როდესაც „სისტემის გამოყენება შეიძლება, მაგრამ იგი არ მუშაობს არსებული სპეციფიკაციების შესაბამისად და შეცდომა არსებით გავლენას არ ახდენს მომსახურების პროვაიდერის (ოპერატორის) ოპერაციებზე“;
გ) სს „სილქნეტის“ განცხადების თანახმად, ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, სერვისის ხელმისაწვდომობა განისაზღვრება წლიური 99,7%-ით, მაშინ როდესაც N1 დანართის მიხედვით ეს მაჩვენებელი ყოველთვიური უნდა იყოს. ამასთან არ არის განსაზღვრული, უპირატესი ძალა ძირითად ხელშეკრულებას აქვს თუ დანართებს. სს „სილქნეტი“ აღნიშნავს, რომ მის შენიშვნაზე ადმინისტრატორის პასუხი იყო შემდეგი: „დანართ N 1-ში (3.1. და 3.2. პუნქტებში) განზრახ არის დატოვებული თვე, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხელშეკრულებისა და დანართ N1-ის 6.1. მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სისტემაზე წვდომა შეიზღუდება (ანუ ჩამოცდება 99.7 %-ს), ადმინისტრატორი ოპერატორებს შეუმცირებს თვიურ გადასახდელ თანხას (იხ. N1 დანართის 6.1.1. პუნქტი). შესაბამისად, რადგან გადასახდელის შემცირება მოხდება ყოველთვიურად, საჭიროა, რომ ხელმისაწვდომობის განსაზღვრაც განხორციელდეს ყოველთვიურად, რათა შესაძლებელი გახდეს მიუღებელ მომსახურებაზე მისი პროპორციული საფასურის თვიურ ჭრილში გადაანგარიშება (6.1.1. პუნქტში მოცემული გადასახადის პროპორციულად შემცირების ცხრილის მიხედვით). ხელშეკრულებაში ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებლის წლიურად განსაზღვრა კი განაპირობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოთხოვნებმა, ასევე კომისიასა და „მედიაფონს“ შორის გაფორმებულმა ხელშეკრულების პირობებმა, რომლის თანახმადაც NPCDB ბაზაზე ხელმისაწვდომობა უნდა იყოს წლიურად 99.7%;
დ) სს „სილქნეტი“ ასევე სადაოდ ხდის ხელშეკრულების N1 დანართის 6.1.1. პუნქტით განსაზღვრული ცხრილის მიხედვით თვიური გადასახდელის შემცირებაზე იმ შემთხვევებში, როცა სისტემაზე წვდომა ანუ სერვისის ხელმისაწვდომობა შეიზღუდება და ჩამოცდება 99.7 %-ს, მაშინ როდესაც საკონკურსო პირობებით ადმინისტრატორმა კომპანიამ იკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს სერვისის ხელმისაწვდომობა წლიური 99,7%-ით. სს „სილქნეტის“ მოსაზრებით, თუ სერვისის ხელმისაწვდომობა წლიურ 99,7%-ზე ნაკლებია, ოპერატორმა კომპანიამ მომსახურების მიწოდების შეფერხების მქონე დღეებზე (პერიოდზე) საერთოდ არ უნდა გადაიხადოს პორტაბელურობის საფასური. ამავე ცხრილით, მომსახურების მიღება დასაშვებია სერვისზე 10%-იანი წვდომის შესაძლებლობითაც და ასეთი მომსახურება შესაბამისად არ უნდა იყოს ანაზღაურებადი;
ე) სს „სილქნეტის“ განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების 8.5. პუნქტში არ არის გაწერილი ადმინისტრატორი კომპანიის მიერ გაწეული დამატებითი მომსახურების თაობაზე წარსადგენი ინვოისის წარდგენის ვადები, ასევე ასეთ (დამატებით) მომსახურებაზე აქტის გაფორმების ვალდებულება და ვადები.
სს „სილქნეტს“ „Mediafon“/„Mediafon datapro“-სთან დავის კომისიის მიერ განხილვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს:
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მე-11 მუხლი, რომლის თანახმად, პორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, ბოლო მომხმარებელს (აბონენტსა) და მიმღებ ან დონორ ოპერატორს შორის, მიმღებ და დონორ ოპერატორს შორის, მიმღებ ან დონორ ოპერატორს, აგრეთვე მათსა და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკებების გზით; ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირებს შორის არსებული დავისას, მოდავე მხარეთა მოურიგებლობის შემთხვევაში, დავა განიხილება კომისიის მიერ ან სასამართლო წესით. კომისია, პორტირებასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად (მუხლი 36).
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს კომისიის მიერ დავის განხილვის წესს.
სს „სილქნეტის“ მოთხოვნები:
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შეფასდეს აღნიშნული პირობების შესაბამისობა 2016 წლის 21 აპრილის „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის N259/10 გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებთან, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და „Mediafon“/„Mediafon datapro-ს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე 2016 წლის 17 ივლისს დადებული ხელშეკრულების პირობებთან;
2. შეუსაბამობის დადგენის ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან სს „სილქნეტის“ შენიშვნების გაზიარების შემთხვევაში, დაევალოს Mediafon“/ „Mediafon datapro“-ს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება 2016 წლის 29 დეკემბერს დადებულ სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის ცენტრალურ მონაცემთა ბაზის მომსახურების ხელშეკრულებაში.
სს ,,სილქნეტის“ განცხადების (09.03.2016 Nშ-6/2219-6) საფუძველზე, სს „სილქნეტსა“ და „Mediafon“/ „Mediafon datapro-ს შორის დავის განხილვის მიზნით, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება და მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 23 თებერვალს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ როგორც სს „სილქნეტს“, ისე „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
2016 წლის 23 თებერვალს კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი ნინო ნიჟარაძე, არ გამოცხადდა „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს უფლებამოსილი წარმომადგენელი, თუმცა კომისიას წარედგინა შუამდგომლობა მოსამზადებელი სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს წარმომადგენლის ი.გაფრინდაშვილის საქართველოში არ ყოფნის გამო. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა კომისიის მიერ და დავაზე მოსამზადებელი სხდომა გადაიდო 2017 წლის 2 მარტისათვის.
„Mediafon“/ „Mediafon datapro“-ს მიერ 2017 წლის 28 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილი იქნა პასუხი სს „სილქნეტის“ საჩივართან დაკავშირებით (Nშ-6/1981-16). „Mediafon“/ „Mediafon datapro-ს შეპასუხებაში აღნიშნულია შემდეგი:
სს „სილქნეტის“ საჩივრიდან არ ჩანს თუ რაში გამოიხატება ადმინისტრატორის მხრიდან „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემების ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“ კომისიის 2016 წლის 21 აპრილის N259/10 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების და ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ადმინისტრატორს შორის 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევა.
„Mediafon“/„Mediafon datapro“-ს შეპასუხების თანახმად, სინამდვილეს არ შეესაბამება, რომ თითქოს მონაცემთა გაცვლის მთელ პერიოდზე ოპერატორებისთვის განსახილველად წარდგენილი იყო ხელშეკრულების ინგლისურენოვანი რედაქცია და ხელშეკრულების ქართულენოვანი ვერსია მათ გაეგზავნათ მხოლოდ ხელმოწერის წინ.
„Mediafon“/ „Mediafon datapro“-ს შეპასუხაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ საჩივრის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საფასურის გადაანგარიშების პრინციპი უნდა გავრცელდეს ,,დიდი სირუთულის’’ შემთხვევაზეც. მიუხედავად, აღნიშნულისა საჩივრის ავტორი, საჩივრის სხვა პუნქტებში (,,გ’’ და ,,დ’’) მიუთითებს, რომ საფასურის გადაანგარიშების სისტემა საერთოდ უნდა გაუქმდეს. კერძოდ, საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ იმ შემთხვევაში თუ სერვისის წლიური ხელმისაწვდომობა 99.7%-ზე ნაკლები დაფიქსირდება, მათ იმ დღეებზე (პერიოდზე) საერთოდ არ უნდა გადაიხადონ პორტაბელურობის საფასური. აღნიშნულიდან გამომდინარე, „Mediafon“/ „Mediafon datapro“-ს მიაჩნია, რომ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება გამორიცხავს მეორის დაკმაყოფილებას.
შეპასუხების თანახმად, ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-6 მუხლში საუბარია სერვისის საფასურის/ღირებულების შემცირების მექანიზმზე, როდესაც ვერ ხერხდება სერვისის ხელმისაწვდომობის 99.7%-ით მიწოდება და ამ კონკრეტულ პერიოდში ადმინისტრატორი უზრუნველყოფს ოპერატორთათვის მომსახურების საფასურის იმ პროპორციით შემცირებას, რომელიც შეესაბამება სერვისით სარგებლობის ხელშეშლას. მოპასუხე აღნიშნავს, რომ აღნიშნული პირობის არარსებობის შემთხვევაში, ადმინისტრატორი მოკლებული იქნება შესაძლებლობას მოახდინოს ოპერატორთათვის სერვისის ღირებულების შემცირება სერვისით სარგებლობის შეზღუდვის (სერვისის ხელმისაწვდომობის 99.7%-ით ნაკლებობით სარგებლობის) შემთხვევაში, ვინაიდან, ადმინისტრატორის ვალდებულება, უზრუნველყოს სერვისის ხელმისაწვდომობის წლიური 99.7%-ი მაჩვენებლობა დადგენილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ და მისი შეცვლა არ არის ადმინისტრატორზე დამოკიდებული.
სს „სილქნეტის“ მოთხოვნა, რომ თუ სერვისის წლიური ხელმისაწვდომობა 99.7%-ზე ნაკლები დაფიქსირდება, მათ იმ დღეებზე (პერიოდზე) საერთოდ არ გადაიხადონ პორტაბელურობის საფასური (საჩივრის ,,დ’’ პუნქტი), მოპასუხის მოსაზრებით წარმოადგენს საჩივრის ავტორის მცდელობას შეიქმნას პრივილეგირებული მდომარეობა და მიიღოს ის სარგებელი, რომლის მიღების საფუძველიც არ გააჩნია. მოპასუხის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს სერვისის წლიურ ხელმისაწვდომობას 99.7%-ით, ეს მაინც არ შეიძლება გახდეს ოპერატორთა მხრიდან მათთვის გაწეული მომსახურების საფასურის (იმ დღეებზე (პერიოდზე), როცა ხელმისაწვდომობა ნაკლებია 99.7%-ზე) გადახდისაგან სრულად გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან ამ შემთხვევაში შეიქმნება მდგომარეობა, როდესაც ოპერატორებმა რომელიმე დღეს (პერიოდში) შეიძლება ისარგებლონ სისტემაზე წვდომის 98%-ით და მათ ამ მომსახურებაში არ გადაიხადონ არანაირი საფასური, რაც თავის მხრივ წარმოადგენს არასამართლიან პირობას.
მოპასუხის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრატორი ვერ უზრუნველყოფს სერვისის მიწოდებას წლიური ხელმისაწვდომობის 99.7%-ით, ეს ჩაითვლება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების უხეშ დარღვევად, რადგან აღნიშნული ხელშეკრულების 2.5 პუნქტის თანახმად, უხეშ დარღვევად მიიჩნევა ხელშეკრულების პირობების ისეთი დარღვევა, რომელიც იწვევს ,,დებულების’’ დარღვევას. თავის მხრივ, ,,დებულების“ ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს ადმინისტრატორის ვალდებულება უზრუნველყოს სერვისის მიწოდება წლიური ხელმისაწვდომობის არანაკლებ 99.7%-ით. ადმინისტრატორის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრება პირგასამტეხლო, ხოლო განმეორებითი (სისტემატიური) დარღვევების შემთხვევაში შესაძლებელია მასთან შეწყდეს ხელშეკრულება.
„Mediafon“/ „Mediafon datapro“-ს შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრატორის მხრიდან ადგილი არ აქვს ,,სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემების ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ’’ კომისიის 2016 წლის 21 აპრილის N259/10 გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების და ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ადმინისტრატორს შორის 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას. კომპანიის მოსაზრებით, სს „სილქნეტის“ პოზიცია და მისი მოთხოვნები არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი და ისინი მიზნად ისახავენ საჩივრის ავტორისათვის იმ შეღავათების მიღებას, რომელთა მიღების სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნია. შესაბამისად, „Mediafon“/ „Mediafon datapro“-მ მოითხოვა კომისიის მიერ უარი ეთქვას სს „სილქნეტს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
კომისიის 2017 წლის 2 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი და „Mediafon“/„Mediafon datapro-ს წარმომადგენლები ი. გაფრინდაშვილი და ნ. აბუთიძე.
კომისიის 2017 წლის 2 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებმა მხარი დაუჭირეს მათ მიერ კომისიაში წერილობით წარმოდგენილ პოზიციებს (სს „სილქნეტის“ საჩივარი, „Mediafon“/ „Mediafon datapro“-ს შეპასუხება). კომისიამ მხარეებს შესთავაზა მორიგება საკითხის არსებითად განხილვის დაწყებამდე და საკითხის განხილვის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 9 მარტი.
2017 წლის 9 მარტის სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი და „Mediafon“/„Mediafon datapro-ს წარმომადგენლები ი. გაფრინდაშვილი და ნ. აბუთიძე.
2017 წლის 9 მარტის სხდომაზე „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს წარმომადგენელმა ნ.აბუთიძემ განაცხადა, რომ სს „სილქნეტთან“ მორიგება ვერ შედგა, ვინაიდან სს „სილქნეტის“ მიერ წარდგენილი მორიგების აქტის პირობები კომისიაში წარმოდგენილი საჩივრის ანალოგიური იყო. მხარის მიერ მორიგების თვალსაზრისით რაიმე ახალი შეთავაზება არ ყოფილა, იყო მხოლოდ უმნიშვნელო საკითხები, მაგალითად ქართულ ენაზე ხელშეკრულების წარმოდგენის მოთხოვნა, რაზედაც ისედაც იყო თანხმობა მიღწეული; ნ. აბუთიძემ ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დავის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების ინგლისურენოვან რედაქციას. თუ Mediafon”/„mediafon Datapro“ მიმართავს კომისიას ან სასამართლოს, წარმოადგენს ხელშეკრულების ინგლისური რედაქციის ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანს;
2017 წლის 9 მარტის კომისიის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კახი ყურაშვილმა განაცხადა, რომ „Mediafon”/„mediafon Datapro“-სა და ხელშეკრულების სახელმწიფო ენაზე წარმოდგენის მოთხოვნა სს „სილქნეტს“ არ მოუხსნია, მხოლოდ ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენასთან დაკავშირებით მოთხოვნა იყო მოხსნილი; კ. ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მხარის მიერ კომისიასთან 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 3.2. პუნქტის ო) ქვეპუნქტის თანახმად, Mediafon”/„mediafon Datapro“-ს ევალებოდა ამ ხელშეკრულების სს „სილქნეტში“ გამოგზავნამდე, კომისიასთან შეეთანხმებინა მოწვევის ოფერტა. მისი ინფორმაციით, ეს ხელშეკრულება კომისიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, ისე დაეგზავნათ კომპანიებს.
გამომდინარე იქიდან, რომ „Mediafon”/„mediafon Datapro“-ს გარდა სს „სილქნეტისა“ ხელშეკრულება აქვს გაფორმებული 43 ოპერატორთან, კომისიამ მიიჩნია, რომ სხვა ოპერატორების მონაწილეობით უნდა გაიმართოს სამუშაო შეხვედრა, სადაც მოისმენს კომისია სხვა ოპერატორების მოსაზრებას სადაო საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, „Mediafon”/„mediafon Datapro“-სა და სს „სილქნეტს“ შორის დავასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 16 მარტისთვის.
2017 წლის 15 მარტს კომისიაში „Mediafon”/„mediafon Datapro“-ს მიერ ელექტრონულად იქნა წარმოდგენილი კომპანიის პოზიცია, რომლის თანახმად, „Mediafon”/„mediafon Datapro“ იღებს ვალდებულებას კომისიას წარმოუდგინოს ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულების ინლისურენოვანი ტექსტის შესაბამისი (შესატყვისი) ქართულენოვანი თარგმანი, რომელიც თავის მხრივ გამოქვეყნებულ იქნება შესაბამის ვებ-გერდზე (gport.ge) და ოპერატორებს განემარტებათ, რომ იგი არის მათთან გაფორმებული ხელშეკრულების ინგლისურენოვანი ტექსტის შესაბამისი (შესატყვისი) ქართული თარგმანი.
„Mediafon”/„mediafon Datapro“-ს წერილობით პოზიციაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ის 4.4 პუნქტთან დაკავშირებით, კომპანია კისრულობს ვალდებულებას, რომ მის მიერ საკუთარ ვებგვერდზე (gport.ge) ოფიციალური განცხადების გამოქვეყნების გზით ოპერატორებისთვის მოხდება ,,დიდი პრობლემის’’ დეტალური განმარტება, სადაც ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ ,,დიდი პრობლემის“ დროს ხორციელდება პორტირება (აღნიშნული ტექსტი, ოპერატორებს ასევე გაეგზავნებათ ინდივიდუალურ ელექტრონულ მისამართებზეც).
2017 წლის 16 მარტის კომისიის სხდომაზე კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, „Mediafon”/„mediafon Datapro“-ს დაევალა 2016 წლის 17 ივლისს კომისიასთან გაფორმებული ხელშეკრულების 3.2. პუნქტის ო) ქვეპუნქტის თანახმად ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ოპერატორებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე მოწვევის ოფერტის კომისიისთვის წარმოდგენა შესათანხმებლად 2017 წლის 6 აპრილამდე, საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 20 აპრილისთვის და საკითხის განხილვამდე შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება.
2017 წლის 6 აპრილს „Mediafon“/„Mediafon datapro“-მ კომისიაში წარმოადგინა ოპერატორებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე ოფერტა. კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის დასკვნის (04.05.17 Nშ-10/3602-17) საფუძველზე, კომისიამ განაცხადა თანხმობა ოფერტის „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
სს „სილქნეტის“ განცხადებასთან დაკავშირებით კომისიამ იმსჯელა 2017 წლის 20 აპრილისა და 4 მაისის სხდომებზე. კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი და „Mediafon“/„Mediafon datapro-ს წარმომადგენლები ი. გაფრინდაშვილი და ნ. აბუთიძე.
„Mediafon“/„Mediafon datapro“-ს მიერ ოფერტის კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, 2017 წლის 4 მაისის სხდომაზე სს „სილქნეტმა“„Mediafon“/„Mediafon datapro“-ს მიმართ მოხსნა ყველა მოთხოვნა გარდა ხელშეკრულების ენასთან დაკავშირებული საკითხისა. სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ.ყურაშვილმა მოითხოვა, რომ „Mediafon“/„Mediafon datapro“-სა და ოპერატორებს შორის გაფორმებული ხელშკრულების ქართულ ვერსიას მიენიჭოს უპირატესი ძალა. აღნიშნულ მოთხოვნას არ დაეთანხმნენ „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს წარმომადგენლები ი. გაფრინდაშვილი და ნ. აბუთიძე და განაცხადეს, რომ მათი მარწმუნებელი არის ლიტველი, არ ფლობს ქართულ ენას, ამიტომაც ითხოვს ხელშეკრულების ინგლისურ ვერსიას ჰქონდეს უპირატესი იურიდიული ძალა.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. სს „სილქნეტის“ განცხადება თანდართული დოკუმენტაციით (13.02.17. Nშ-6/1355-17);
2. „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს შეპასუხება (28.02.17 Nშ-6/1981-16);
3. კომისიასა და „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს შორის 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე;
4. „Mediafon“/„Mediafon datapro“-სა და სს „სილქნეტს“ შორის 2016 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ნომრის პორტაბელურობის ცენტრალურ მონაცემთა ბაზის მომსახურების შესახებ;
5. კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის 02.03.17 Nშ-10/2104-17 სამსახურებრივი ბარათი;
6. კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის 04.05.17 Nშ-10/3602-17 დასკვნა.
7. „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს მიერ კომისიასთან შეთანხმებული ოფერტა;
8. საკითხის განხილვასთან დაკავშირებულ კომისიის სხდომებზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენლის კ.ყურაშვილისა და „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს წარმომადგენლების ი.გაფრინდაშვილისა და ნ.აბუთიძის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.
III.ფაქტობრივი გარემოებები
1. კომისიის 2016 წლის 21 აპრილის N259/10 გადაწყვეტილების საფუძველზე სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა „Mediafon Datapro” და „Mediafon“–ი ერთობლივად მოქმედი, როგორც – „MEDIAFON”–ი;
2. სს „სილქნეტი“ 2010 წლის 10 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა და ა.შ.
3. კომისიასა და „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს შორის 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის ო) ქვეპუნქტის შესაბამისად, „Mediafon“/„Mediafon datapro“ ვალდებულია ადმინისტრატორის ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტში გამოაქვეყნოს კომისიასთან შეთანხმებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის მომსახურების შეთავაზების წინადადებები (მოწვევის ოფერტები) მომსახურების მიწოდების დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
4. „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს მიერ საკუთარ ვებგვერდზე 2016 წლის ნოემბერში ატვირთული იქნა ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, რომელზედაც კომისიის და ოპერატორების მიერ წარდგენილი იქნა შენიშვნები. საბოლოოდ კომისიასთან შეთანხმებული, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის მომსახურების შეთავაზების წინადადებები (მოწვევის ოფერტები) მომსახურების მიწოდების დაწყებამდე ერთი თვით ადრე არ ყოფილა გამოქვეყნებული „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს მიერ, როგორც ამას ითვალისწინებს კომისიასა და „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს შორის 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის ო) ქვეპუნქტი.
5. „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს მიერ სს „სილქნეტთან“ (ასევე სხვა ოპერატორებთან) გაფორმებულია ორენოვანი, კერძოდ ინგლისურ-ქართული ხელშეკრულება. დავის წარმოქმნის შემთხვევასი უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას. ქართულენოვანი ვერსია არის გაუმართავი, საკითხის განხილვის დროს დაფიქსირდა წინააღმდეგობები ქართულ და ინგლისურ ვერსიას შორის. ორივე მხარე აღიარებს, რომ ქართული ვერსია არის ცუდი თარგმანი.
6. კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა) „Mediafon datapro“/„Mediafon“-ის მიერ წარმოდგენილი იქნა კომისიაში 2017 წლის 25 აპრილს, კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის დასკვნის (04.05.17 Nშ-10/3602-17) საფუძველზე, კომისიამ განაცხადა თანხმობა ოფერტის „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
IV. სამართლებრივი საფუძველი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორი არის კომისიის მიერ, საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებთან ერთობლივად, კონკურსის საფუძველზე შერჩეული პირი, რომელიც ახორციელებს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირებას და ცენტრალიზებული მეთოდით კოორდინაციას უწევს სააბონენტო ნომრის პორტირების პროცესს;
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით „დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-11 მუხლის თანახმად, პორტირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, ბოლო მომხმარებელს (აბონენტსა) და მიმღებ ან დონორ ოპერატორს შორის, მიმღებ და დონორ ოპერატორს შორის, მიმღებ ან დონორ ოპერატორს, აგრეთვე მათსა და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორს შორის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკებების გზით. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ პირებს შორის არსებული დავისას, მოდავე მხარეთა მოურიგებლობის შემთხვევაში, დავა განიხილება კომისიის მიერ ან სასამართლო წესით. კომისია, პორტირებასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის“ 36-ე მუხლის შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე კომისიასა და კონკურსის წესით შერჩეულ ადმინისტრატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, აგრეთვე ამ უკანასკნელსა და ამ დებულებით განსაზღვრულ ავტორიზებულ პირებს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები ამ დებულებასთან ერთად არის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი.
5. კომისიასა და „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს შორის 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრატორი ვალდებულია მომსახურება გაუწიოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, პორტაბელურობის დებულებით (კომისიის დადგენილება), კომისიასთან და თვით ამ ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან გააფორმონ ხელშეკრულებები სააბონენტო ნომრების პორტირების პროცესის უზრუნველსაყოფად ან/და საკუთარ მონაცემთა საოპერაციო ბაზის სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზასთან სინქრონიზაციის თაობაზე. ამდენად, აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლა ავტორიზებული პირების თავისუფალ ნებაზე არ არის დამოკიდებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიასა და ბაზის ადმინისტრატორს შორის 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 3.2. მუხლის პ) ქვეპუნქტის მოთხოვნის (ოპერატორებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე მოწვევის ოფერტის კომისიასთან შეთანხმება) მიზანს წარმოადგენს ბაზის ადმინისტრატორის მიერ შეთავაზებული პირობების (მოწვევის ოფერტის) კანონდებლობასა და კომისიასა და „Mediafon“/„Mediafon datapro“-ს შორის 2016 წლის 17 ივლისს გაფორმებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შესწავლა. შესაბამისად, ადმინისტრატორსა და ოპერატორებს შორის ხელშეკრულება უნდა იყოს გაფორმებული კომისიასთან შეთანხმებული ოფერტის საფუძველზე და ოფერტის შესაბამისი პირობებით.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან, ბაზის ადმინისტრატორსა და ავტორიზებულ პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ქართულენოვანი ვერსია გაუმართავია, როგორც რედაქციულად, ისე შინაარსობრივად, „Mediafon datapro“/„Mediafon“-ს უნდა დაევალოს კომისიასთან შეთანხმებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) ქართულ ენაზე საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება და ავტორიზებულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების კომისიასთან შეთანხმებულ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის მომსახურების შეთავაზების წინადადებასთან (მოწვევის ოფერტასთან) შესაბამისობაში მოყვანა.
V.სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-36 მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებით „დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის, მე-11 მუხლის, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. სს „სილქნეტის“ განცხადება „Mediafon datapro“-სა და „Mediafon“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. „Mediafon datapro“/„Mediafon“-ს დაევალოს:
ა) კომისიასთან შეთანხმებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისთვის მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) ქართულ ენაზე გამოქვეყნება საკუთარ ვებგვერდზე;
ბ) კომისიასთან შეთანხმებულ და გამოქვეყნებულ ოფერტასთან ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისობაში (რედაქციულად, შინაარსობრივად) მოყვანა;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას წინამდებარე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მხარეებისთვის გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარეთათვის ჩაბარებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) 1 თვის ვადაში მხარეებისათვის ჩაბარებიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურს (ი.ვერძეული).
კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
