რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 25 აპრილის №281/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2017 17:22
მიღების თარიღი მაისი 25, 2017
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 25 აპრილის №281/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 25 აპრილის №281/8 გადაწყვეტილებით, შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადებების საფუძველზე გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 4482 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; სიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 5886 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – საკაბელო ქსელის სათაო სადგურამდე (ქ. თბილისი, ნ. ბოხუას ქ. N6); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;
ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 5,932.00 (ხუთი ათას ცხრაას ოცდათორმეტი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 11 მაისის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2017 წლის 25 მაისის, 13:00 საათი; აუქციონის ბიჯმა შეადგინა - 297.00 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა, მხოლოდ შპს ”სტუდია მაესტრომ“, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა კომისიის 2017 წლის 25 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”სტუდია მაესტროს” წარმომადგენელი დავით მიქაუტაძე.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”სტუდია მაესტროს” წარმომადგენელმა დავით მიქაუტაძემ რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5,932.00 (ხუთი ათას ცხრაას ოცდათორმეტი) ლარის და აუქციონის ერთი ბიჯის 297.00 (ორას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის საერთო ოდენობის - 6,229.00 (ექვსი ათას ორასოცდაცხრა და 00) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”სტუდია მაესტრო” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2017 წლის 25 აპრილის №281/8 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 6,229.00 (ექვსი ათას ორასოცდაცხრა და 00) ლარი;
2. უზრუნველყოს შპს ”სტუდია მაესტრომ” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 1,868,70 (ერთი ათას რვაასსამოცდარვა ლარი და 70 თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 593.20 (ხუთასოთხმოცდაცამეტი ლარი და 20 თეთრი) ლარი ანუ 1,275.50 (ერთი ათას ორასსამოცდათხუთმეტი და 50 თეთრი) ლარის გადახდა 2017 წლის 25 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ს – 4,360.30 (ოთხი ათას სამას სამოცი და 30) ლარის გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენზიის მაძიებელს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) შპს „სტუდია მაესტროსთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარებისთანავე;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
