წვდომის მენიუ

ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 363 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 01, 2017 16:29

მიღების თარიღი მაისი 25, 2017

ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (N10/3081-17, 11.04.2017)  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2017 წლის 11 მაისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ფიზიკური პირი მაკა სამუშიასთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის და 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ  ავტორიზებული პირი „მაკა სამუშია“ არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ. 

კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარატმენტის სამსახურებრივ ბარათში დამატებით აღნიშნულია, რომ  ავტორიზებული პირი „მაკა სამუშია“  არ წარმოადგენს კომისიაში  ზემოაღნიშნულ ინფორმაცია,  მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა (წერილი №16/580-17; 23.02.2017), რომელიც ავტორიზებულ პირ „მაკა სამუშიას“   2017  წლის 24 თებერვალს ჩაბარდა.

ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 18 მაისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/1471-17; 11.05.2017), რომელიც მას გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ მისამართზე.  შეტყობინებით, ავტორიზებული პირი „მაკა სამუშია“    მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2017 წლის 18 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა ავტორიზებული პირი „მაკა სამუშია“, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას 2017 წლის 13 მაისს ჩაბარდა. ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 25 მაისის სხდომაზე, რის თაობაზეც ავტორიზებულ პირ „მაკა სამუშიას“ ეცნობა შეტყობინებით (N03/1567-17; 19.05.2017).

2017 წლის 25 მაისის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ავტორიზებული პირი „მაკა სამუშია“, მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინება კომპანიას  2017 წლის 22 მაისს ჩაბარდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიას“  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის  Nშ-10/3081-17 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით;
  2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ფიზიკური პირი მაკა სამუშიას   შესახებ მონაცემები;
  3. კომისიის შეტყობინებები (03/1471-17; 11.05.17; N03/1567-17; 19.05.2017) და ამ შეტყობინებების  ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიასთვის“  ჩაბარების   დამადასტურებელი დოკუმენტი.

III.   დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.   ავტორიზებული პირი „მაკა სამუშია“   არის ავტორიზებული მაუწყებელი (ავტორიზაციის თარიღი 05.02.2015; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობა );

2.   ავტორიზებულ პირ „მაკა სამუშიას“   გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, 2017  წლის 25 მაისის მდგომარეობით, კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ;

3.  ავტორიზებულ პირ „მაკა სამუშიას“ 2017 წლის 23 თებერვალს გაეგზავნა კომისიის გამაფრთხილებელი წერილი, რომელიც ავტორიზებულ პირს 2017 წლის 24 თებერვალს ჩაბარდა. აღნიშნული წერილით კომპანიას მოეთხოვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;

4 .  ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიას“    მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება 

  1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ;
  5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიას“ მიერ 2017 წლის პირველი თებევრლიდან დღემდე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობით დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის  70-ე  მუხლის მე-5  პუნქტი,  451-ე მუხლის 10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი  და  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიას“   მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა)  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის  და 71-ე მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  ავტორიზებულ პირ „მაკა სამუშიას“  მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  61-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს ავტორიზმებულმა პირმა „მაკა სამუშიამ“  10 სამუშაო დღის ვადაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა)  გადაწყვეტილების ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიასთვის“   დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიასთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  დამოწმებული  ასლის ავტორიზებული პირი „მაკა სამუშიასთვის“    ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                           კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე         

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები