შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2017 15:00
მიღების თარიღი მაისი 25, 2017
შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 17 მაისის Nშ-10/3877-17 სამსახურებრივი ბარათიდან (თანდართული მასალით -1 CD) ირკვევა, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „მომავლის რეკლამის“ - რადიო „დარდიმანდის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი, 2017 წლის აპრილის პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით.
მონიტორინგის შედეგად ირკვევა:
2017 წლის 4 აპრილს 00:00 სთ. + 01 წთ. 18 წმ-ზე ეთერში გავიდა სპონსორზე მითითება შემდეგი ტექსტით: „რუბრიკის სპონსორია მზესუმზირა ბრავადოსი. განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამზადებული ნარჩევი მარცვლები. მზესუმზირა ბრავადოსი - თბილი მზე თქვენს ხელისგულებზე.“
შპს „მომავლის რეკლამის“ - რადიო „დარდიმანდის“ ეთერში 2017 წლის 6 აპრილს 01:00 სთ. + 00წთ.35წმ.-ზე გავიდა სპონსორზე მითითება შემდეგი ტექსტით: „რუბრიკის სპონსორია რესტორანი „კიდობანი“ პლეხანოვზე. 37-ლარიანი კანჭის მენიუ, ოთხი კათხა ლუდი და არაყი. მისამართი - აღმაშენებლის 141, ტელეფონი....“; „ბობო არის ბურბუშელა, გემრიელი, კუნტრუშელა. ვინც წაიღო სახლში, გაახარა ბავშვი...მომიტანე ბობო?“.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით. ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად „აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე.“
როგორც, სამსახურებრივ ბარათშია აღნიშნული კომისიის აპარატის აუდი-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ წინამდებარე სამსახურებრივი ბარათში ჩამოთვლილ პროგრამებში სპონსორზე მითითება ხდებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციებით“ დადგენილი წესების დარღვევით. გარდა ამისა, დარღვეულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვინაიდან ხდება მაგარი სპირტიანი სასმელის - არყის რეკლამირება.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/3877-17; 17.05.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 19 მაისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 25 მაისს, რის თაობაზეც შპს „მომავლის რეკლამას“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/1573-17; 19.05.2017) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება (N03/1573-17; 19.05.2017) შპს „მომავლის რეკლამას“ ჩაბარდა 2017 წლის 22 მაისს.
კომისიის 2017 წლის 25 მაისის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მომავლის რეკლამის“ წარმომადგენელი მანანა დგებუაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „მომავლის რეკლამის“ მიერ დარღვეულია კანონი. ეს გარემოება გამოწვეულია იმით, რომ კომპანიაში არიან ახალი თანამშრომლები. კომპანიაში რეგულარულად ხორციელდებოდა კონტროლი, მოწმდებოდა ყოველი ჩაწერილი რეკლამა, როგორც იურიდიულ განყოფილებასთან, ისე ხელმძღვანელობასთან და დგინდებოდა მისი კანონთან შესაბამისობა. ამ შემთხვევაში არ შემოწმებულა ჩანაწერი და ახალმა თანამშრომლებმა დამოუკიდებლად ჩაუშვეს სამაუწყებლო ბადეში და გავიდა ეთერში. მსგავსი შემთხვევა ამ ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა და გაფრთხილებაც კომპანიამ მიიღო მხოლოდ ერთხელ, გასულ წელს.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/3877-17; 17.05.2017) თანდართული მასალით (1 ცალი CD);
- კომისიის 2016 წლის 28 აპრილის N277/18 გადაწყვეტილება შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
- კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/3980-17; 22.05.2017);
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (შ -10/4018-17; 24.05.2017);
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „მომავლის რეკლამის“ შესახებ;
- შპს „მომავლის რეკლამის“ წარმომადგენლის მანანა დგებუაძის მიერ კომისიის 2017 წლის 25 მაისის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „მომავლის რეკლამა“ 02.04.2015 N178/6 და 24.12.2015 N813/22 გადაწყვეტილებების საფუძველზე წარმოადგენს N B76 რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირს - კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობა;
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის აპრილის თვეში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შპს „მომავლის რეკლამის“ კუთვნილი რადიოს, ბრენდული სახელწოდებით „რადიო დარდიმანდის“ (ლიცენზია N B76) ეთერში ადგილი აქვს გადაცემის სპონსორის საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ამ საქონელზე და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, ასევე, სპონსორობით ხდება მაგარი სპირტიანი სასმელის რეკლამირება, კერძოდ:
2.1. 2017 წლის 4 აპრილს 00:00 სთ. + 01 წთ. 18 წმ-ზე ეთერში გავიდა სპონსორზე მითითება შემდეგი ტექსტით: „რუბრიკის სპონსორია მზესუმზირა ბრავადოსი. განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამზადებული ნარჩევი მარცვლები. მზესუმზირა ბრავადოსი - თბილი მზე თქვენს ხელისგულებზე.“;
2.2. 2017 წლის 6 აპრილს 01:00 სთ. + 00წთ.35წმ.-ზე შპს „მომავლის რეკლამის“ - რადიო „დარდიმანდის“ ეთერში გავიდა სპონსორზე მითითება შემდეგი ტექსტით: ა) „რუბრიკის სპონსორია რესტორანი „კიდობანი“ პლეხანოვზე. 37-ლარიანი კანჭის მენიუ, ოთხი კათხა ლუდი და არაყი. მისამართი - აღმაშენებლის 141, ტელეფონი....“; ბ) „ბობო არის ბურბუშელა, გემრიელი, კუნტრუშელა. ვინც წაიღო სახლში, გაახარა ბავშვი...მომიტანე ბობო?“;
3. კომისიის 2016 წლის 28 აპრილის N277/18 გადაწყვეტილებით შპს „მომავლის რეკლამის“ მიმართ ანალოგიური სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ გამოყენებული იყო გაფრთხილება, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 02.04.2015 N178/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის პ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
- ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამისა და სპონსორობის საკითხები რეგულირდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებზე, ჟურნალების გარეკანზე;
- კომისიის 2015 წლის 2 აპრილის N178/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლობის პროცესში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირევლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახლდელთაგანი, რომელებსაც ითვალისწინებენ რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები.
კომისია აღნიშნავს, რომ მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის პირობებთან შესაბამისობა.
შპს „მომავლის რეკლამის“ სამაუწყებლო ბადეში, სპონსორის საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდებით, ამ საქონელზე და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, კომპანიის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, კომისიის 2015 წლის 2 აპრილის N178/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის პ) ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „მომავლის რეკლამას“ ანალოგიური სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და კომისიის 2015 წლის 2 აპრილის N178/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის პ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო, მიეცა წერილობითი გაფრთხილება და ამ გადაწყვეტილებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ჩადენილ იქნა იგივე სამართალდარღვევა, შპს „მომავლის რეკლამას“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „მომავლის რეკლამის“ წლიური შემოსავლის 0.5% არ აღემატება 2500 ლარს, კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა - 2500 ლარის ოდენობით.
ამასთან, შპს „მომავლის რეკლამის“ სამაუწყებლო ბადეში დარღვევით განხორციელებული სპონსორის მითებების დროს, მაგარი სპირტიანი სასმელის - არყის რეკლამირებით, კომპანიის მიერ დაირღვა „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი. აღნიშნული დარღვევისათვის სანქციის სახით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გათვალისწინებულია წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო, სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო სერიოზული დარღვევისათვის. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართალდარღვევებისათვის შპს „მომავლის რეკლამას“ უნდა დაეკისროს ჯარიმა - 2500 ლარის ოდენობით. ხოლო სამართლადარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „მომავლის რეკლამას“ უნდა დაევალოს შეწყვიტოს სპონსორობის წესების დარღვევის შემცველი ინფორმაციის გავრცელება წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 36-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ), ვ) და ი) ქვეპუნქტების, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „მომავლის რეკლამას“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, კომისიის 2015 წლის 2 აპრილის N178/6 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის პ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
- უზრუნველყოს შპს „მომავლის რეკლამამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი - 300773251;
- უზრუნველყოს შპს „მომავლის რეკლამამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
- შპს „მომავლის რეკლამამ“ წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში შეწყვიტოს სპონსორობის წესების დარღვევის შემცველი ინფორმაციის გავრცელება;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მომავლის რეკლამისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- კონტროლი აღნიშნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „მომავლის რეკლამისათვის“ ჩაბარების დღიდან;
- კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
