წვდომის მენიუ

შპს „რადიო უცნობისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 366 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 19, 2017 17:58

მიღების თარიღი მაისი 25, 2017

შპს  „რადიო უცნობისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

  I.  საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/3846-17; 15.05.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2017 წლის 19 მაისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო უცნობისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/3846-17; 15.05.2017) ირკვევა, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „რადიო უცნობის“  სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 1-7 აპრილის პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (Nშ-10/3846-17; 15.05.2017) აღნიშნულია შემდეგი:

1. შპს „რადიო უცნობის“  ეთერში ყოველდღიურად განთავსებულია სხვადასხვა დასახელების პროგრამები რუბრიკებით, რომელსაც წარმოადგენენ შესაბამისი სპონსორები:

1.1.  (7 აპრილი, 09:44:54+01:49:17 დრო დისკის მიხედვით)

„ამოჩემებული სიმღერის სპონსორია რესტორანი „მრავალჟამიერი“. დაუვიწყარი, სასიამოვნო და გულთბილი შეხვედრების მუდმივი ადგილი თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის.“

1.2.  (7 აპრილი, 09:44:54+01:49:21)

 „ამოჩემებული სიმღერის სპონსორია „პი-სი-შოპ-ჯი.“ „პი-სი-შოპი“  გთავაზობთ კომპიტერული ტექნიკის, პლანშეტების, სმარტფონების, ტელევიზორების საუკეთესო არჩევანს საუკეთესო ფასად. გვეწვიეთ ვაჟა-ფშაველას 16-სა და მარჯანიშვილის 2-ში. „პი-სი-შოპ-ჯი“  - შენი კომპიტერული მაღაზია.“

1.3.  (7 აპრილი, 04:44:54+04:06:48)

„უცნობის დილის“ სპონსორია „ტუპინამბას“ ჯგუფის ბრენდების ყოველთვის სასურველი ყავა. „ტუპინამბა“  -  ეს პრემიუმ ხარისხის ყავის ერთგულება და საუკეთესო ჯიშის რჩეული ყავის მარცვლების კომბინაციის ტრადიციაა, რომელმაც საუკეთესო ყავის ისტორია შექმნა. „ტუპინამბა“  -  ეს ცოცხალი ყავაა. „ტუპინამბა“  -  100 წელზე მეტის და ასეთი ახალგაზრდა.“

2. ასევე, სამაუწყებლო პროგრამაში წარმოდგენილია  გადაცემა „ჭიჭიკოს და ბიჭიკოს შოუ“, რომლის ფორმატშიც  წამყვანები ტელეფონის მეშვეობით მსმენელთან საუბრობენ სხვადასხვა თემებზე. ზოგჯერ წამყვანები თავად უკავშირდებიან მსმენელს. ასეთ დროს საუბარს აქვს კომერციული რეკლამის ხასიათი. კერძოდ, 7 აპრილს, 18:36 სთ-ზე წამყვანები დაუკავშირდნენ კომპანია „ემ კრედიტის“ წარმომადგენელს (ხატიას). მასთან საუბარი წარიმართა კომპანიის ბიზნეს-შეთავაზებების, ასევე „ემ კრედიტის“ უპრეცედენტო (წარმომადგენლის შეფასებით) ხასიათის სალომბარდე მომსახურების შესახებ. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ მიერ სალომბარდე ბაზარზე შეტანილ 2-პროცენტიან შეთავაზებას ვერცერთი სხვა კომპანია ვერ გაუწევს კონკურენციას, რის გამოც „ემ კრედიტი“ არის უპრეცედენტო ამ ბაზარზე.

ამავე გადაცემაში („ჭიჭიკოს და ბიჭიკოს შოუ“, 7 აპრილი, 14:44:54+04:09) წამყვანები  საუბრობენ რესტორან „მრავალჟამიერის“ აქციაზე. რესტორანი მომხმარებელს 50-ლარიანი დანახარჯის სანაცვლოდ სთავაზობს გათამაშების ერთ ბილეთს. გათამაშებაშია სხვადასხვა ბრენდების პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასდაკლების ვაუჩერები, რასაც წამყვანები ჩამოთვლიან. 

ასევე, შპს „რადიო უცნობის“ დილის გადაცემაში „უცნობის დილა“ წამყვანები (7 აპრილი, 09:44:54+04:05სთ.) ყურადღებას უთმობენ გადაცემის სპონსორის პროდუქტს  -  „ტუპინამბას“ ყავას. იყენებენ გამოთქმებს:  „დავაყოლოთ უგემრიელესი „ტუპინამბა“, „...რომელიც მე და მარიამს ყოველ დილას გვიქმნის შესანიშნავ განწყობას, საინტერესო ენერგიებს...“,“დილიდან ზრუნავს ჩვენს განწყობაზე და თქვენს განწყობაზეც იზრუნებს, თუ მას მიირთმევთ.“

ზემოაღნიშნული სიუჟეტების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული სიუჟეტები არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე–2 პუნქტს, ვინაიდან სიუჟეტებში პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და ხშირ შემთხვევაში შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში ჩამოთვლილ პროგრამებში სპონსორზე მითითება ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა  და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევით.

შპს „რადიო უცნობისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 25 მაისს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა  შპს „რადიო უცნობს“ და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

2017 წლის 25 მაისის სხდომაზე  გამოცხადდნენ  შპს „რადიო უცნობის“ დირექტორი გ. გაჩეჩილაძე და   შპს „რადიო უცნობის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი ქ. კაკულია.  შპს „რადიო უცნობის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის არ იყო ცნობილი სპონსორობასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე და აღიარეს დარღვევის ფაქტი;

II.  კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული შემოწმების დამადასტურებელი CD-ით (Nშ-10/3846-17; 15.05.2017);
  2. შპს „რადიო უცნობის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები  მიცემული კომისიის 2017 წლის 25 მაისის სხდომაზე;
  3. შპს „რადიო უცნობის“  შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

III.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „რადიო უცნობი“ კომისიის 24.12.2015 N813/22  გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს  N B70 რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ პირს - კერძო საერთო მაუწყებლობა;

2. შპს „რადიო უცნობის“  ეთერში ყოველდღიურად განთავსებულია სხვადასხვა დასახელების პროგრამები რუბრიკებით, რომელსაც წარმოადგენენ შესაბამისი სპონსორები:

2.1.        7 აპრილი, 09:44:54 - „ამოჩემებული სიმღერის სპონსორია რესტორანი „მრავალჟამიერი“. დაუვიწყარი, სასიამოვნო და გულთბილი შეხვედრების მუდმივი ადგილი თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის;“

2.2.        7 აპრილი, 09:44:54 - „ამოჩემებული სიმღერის სპონსორია „პი-სი-შოპ-ჯი.“ „პი-სი-შოპი“  გთავაზობთ კომპიტერული ტექნიკის, პლანშეტების, სმარტფონების, ტელევიზორების საუკეთესო არჩევანს საუკეთესო ფასად. გვეწვიეთ ვაჟა-ფშაველას 16-სა და მარჯანიშვილის 2-ში. „პი-სი-შოპ-ჯი“  - შენი კომპიტერული მაღაზია;“

2.3.        7 აპრილი, 04:44:54 - „უცნობის დილის“ სპონსორია „ტუპინამბას“ ჯგუფის ბრენდების ყოველთვის სასურველი ყავა. „ტუპინამბა“  -  ეს პრემიუმ ხარისხის ყავის ერთგულება და საუკეთესო ჯიშის რჩეული ყავის მარცვლების კომბინაციის ტრადიციაა, რომელმაც საუკეთესო ყავის ისტორია შექმნა. „ტუპინამბა“  -  ეს ცოცხალი ყავაა. „ტუპინამბა“  -  100 წელზე მეტის და ასეთი ახალგაზრდა;“

3. 7 აპრილს, 18:36 სთ-ზე გადაცემა „ჭიჭიკო და ბიჭიკოს შოუ“ წამყვანები დაუკავშირდნენ კომპანია „ემ კრედიტის“ წარმომადგენელს (ხატიას).  კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ მიერ სალომბარდე ბაზარზე შეტანილ 2-პროცენტიან შეთავაზებას ვერცერთი სხვა კომპანია ვერ გაუწევს კონკურენციას, რის გამოც „ემ კრედიტი“ არის უპრეცედენტო ამ ბაზარზე; ამავე გადაცემაში („ჭიჭიკოს და ბიჭიკოს შოუ“, 7 აპრილი, 14:44:54) წამყვანები  საუბრობენ რესტორან „მრავალჟამიერის“ აქციაზე. რესტორანი მომხმარებელს 50-ლარიანი დანახარჯის სანაცვლოდ სთავაზობს გათამაშების ერთ ბილეთს. გათამაშებაშია სხვადასხვა ბრენდების პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასდაკლების ვაუჩერები, რასაც წამყვანები ჩამოთვლიან;

4. შპს „რადიო უცნობის“ დილის გადაცემაში „უცნობის დილა“ წამყვანები (7 აპრილი, 09:44:54) ყურადღებას უთმობენ გადაცემის სპონსორის პროდუქტს  -  „ტუპინამბას“ ყავას. იყენებენ გამოთქმებს:  „დავაყოლოთ უგემრიელესი „ტუპინამბა“, „...რომელიც მე და მარიამს ყოველ დილას გვიქმნის შესანიშნავ განწყობას, საინტერესო ენერგიებს...“,“დილიდან ზრუნავს ჩვენს განწყობაზე და თქვენს განწყობაზეც იზრუნებს, თუ მას მიირთმევთ;“

5. შპს „რადიო უცნობის“ მიმართ, ანალოგიური დარღვევისთვის უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, კომისიის მიერ  არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ17 ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;

 4.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი  სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;

 5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან

გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით;

6.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;

7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  „რადიო უცნობი“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

შპს  „რადიო უცნობის“  სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის 7 აპრილის რუბრიკებში  სასპონსორო მითითებებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს, რითაც შპს „რადიო უცნობის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  „რადიო უცნობის“ სამაუწყებლო ბადეში 2017 წლის  7 აპრილს  განთავსებული გადაცემების - „ჭიჭიკო და ბიჭიკოს შოუ“  და „უცნობის დილა“  პროდუქტს ენიჭება გადაჭარბებული მნიშვნელობა და გადაცემა შეიცავს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას, რითაც შპს „რადიო უცნობის“ მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს „რადიო უცნობის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ ყოფილა ანალოგიური დარღვევისათვის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „რადიო უცნობს“ უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, ხოლო დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცეს გონივრული ვადა 5 დღის ოდენობით.

V. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) და ჰ17) ქვეპუნქტების, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შპს „რადიო უცნობს“ მიეცეს გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 691 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების და 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო;
  2. შპს „რადიო უცნობს“  დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5  დღის ვადაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „რადიო უცნობისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს „რადიო უცნობისთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს  „რადიო უცნობისთვის“   ჩაბარების დღიდან;
  7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                       კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                      ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                      მერაბ ქათამაძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები