წვდომის მენიუ

შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 373 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2017 19:03

მიღების თარიღი ივნისი 01, 2017

შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათის (N10/3081-17, 11.04.2017)  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2017 წლის 18 მაისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის და 70-ე მუხლის მე-5 მუხლის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N10/3081-17, 11.04.2017)   აღნიშნულია, რომ  ავტორიზებული პირი შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ი არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად არაუგვიანეს 1 თებერვლისა გამოაქვეყნონ და კომისიას წარმოუდგინონ შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ. 

კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარატმენტის სამსახურებრივ ბარათში დამატებით აღნიშნულია, რომ  შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“  არ წარმოადგენს კომისიაში  ზემოაღნიშნულ ინფორმაციას,  მიუხედავად წერილობითი გაფრთხილებისა (წერილი №16/580-17; 23.02.2017), რომელიც ავტორიზებულ პირ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს  2017  წლის 24 თებერვალს ჩაბარდა.

შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 25 მაისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (03/1545-17, 19.05.17), რომელიც მას გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ მისამართზე.  შეტყობინებით, კომპანია    მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

შეტყობინების ჩაბარების მიუხედავად, კომისიის 2017 წლის 25 მაისის სხდომაზე არ  გამოცხადდა შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის წარმომადგენელი, რის გამოც, საკითხის განხილვა გადადო 2017  წლის 1 ივნისისთვის, 15:00 საათზე, აღნიშნულის თაობაზე შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს  ეცნობა შეტყობინებით (N03/1626-17; 29.05.2017).

კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ა კომისიაში წარმოადგინა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათავალისწინებული ინფორმაცია (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4105-17, 29.05.2017).

კომისიის 2017 წლის 1 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის წარმომადგენელი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.  კომისიას მიაჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი  შპს  „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის    დაუსწრებლად.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის  Nშ-10/3081-17 სამსახურებრივი ბარათი თანდართული მასალით;
  2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის   შესახებ მონაცემები;
  3. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“ მიერ 2017 წლის 29 მაისს კომისიაში წარმოდგენილი წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4105-17; 29.05.17);
  4. კომისიის შეტყობინებები (03/1545-17; 19.05.17; N03/1626-17; 29.05.2017) და ამ შეტყობინებების  შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის  ჩაბარების   დამადასტურებელი დოკუმენტი. 

III.         დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“  არის ავტორიზებული მაუწყებელი (ავტორიზაციის თარიღი 27.05.2014; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა );

2.   შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს   ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისათვის (2017 წლის 19 მაისი), კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ;

3. შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ს 2017 წლის 23 თებერვალს გაეგზავნა კომისიის გამაფრთხილებელი წერილი, რომელიც ავტორიზებულ პირს 2017 წლის 24 თებერვალს ჩაბარდა. აღნიშნული წერილით კომპანიას მოეთხოვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა;

4.  შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-მა 2017 წლის 29 მაისს (გადაწყვეტილების მიღებამდე) კომისიაში წარმოადგინა შესაბამისობის დეკლარაცია და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია;

4 .  შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის    მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  2. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად,  ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;  ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა;
  6.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგნენასთან დაკავშირებით   ვადების დარღვევა სახეზეა,  თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის  სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევები აღმოფხვრილი იქნა) , კერძოდ,  შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ის მიერ 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ მაუწყებელს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისათვის,  კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ი  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და  შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-ისათვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის  ა)  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2  პუნქტების  და 71-ე მუხლის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  36-ე მუხლის მე-13, მე-14  და მე-17 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-სთვის  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა)  გადაწყვეტილების ავტორიზებული პირი შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12”-ისათვის  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  დამოწმებული  ასლის ავტორიზებული პირი შპს „ტელერადიო კომპანია ატვ-12“-თვის    ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                           კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                          მერაბ ქათამაძე         

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები