შპს ,,GUDA.TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2017 18:55
მიღების თარიღი ივნისი 01, 2017
შპს ,,GUDA.TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3336-17; 25.04.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „GUDA.TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „GUDA.TV“-ის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/3336-17, 25.04.2017) თანახმად, აპარატში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2017 წლის 11 აპრილს განხორციელდა შპს „GUDA.TV“-ის შემოწმება კომისიის ოფისში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N8. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს „GUDA.TV“-ი IPTV ტექნოლოგიის გამოყენებით ახორციელებს ქართული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას. კერძოდ, შპს „GUDA.TV“-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ უფასოდ ყურება შესაძლებელია „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“ და „პალიტრა ტვ“-ის, ხოლო რეგისტრაციის გავლისა და შესაბამისი თანხის (აშშ დოლარი) გადახდის შემდეგ ხელმისაწვდომია: „რუსთავი 2“, „მარაო“, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „ტელეარხი 25“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „აჭარა“, „საფერავი ტვ“, „სილქ-უნივერსალი“, „ობიექტი“ და „მაესტრო“.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, კომპანიას კომისიაში არ წარმოუდგენია შემოწმების აქტში დაფიქსირებულ არცერთ სამაუწყებლო არხზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შპს „GUDA.TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 25 მაისი. შპს „GUDA.TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის განხილვის დღის, დროისა და ადგილის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N03/1572-17; 22.05.2017) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული შეტყობინება კომპანიას 2017 წლის 22 მაისს ჩაბარდა. შეტყობინებით შპს „GUDA.TV“-ის განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 25 მაისს, რომელსაც ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი გიორგი თედიაშვილი. შპს „GUDA.TV“-ის წარმომადგენელმა სხდომაზე წარმოადგინა რიგ სამაუწყებლო არხებზე სანებართვო წერილები, რომელთა შესწავლის მიზნით საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 1 ივნისის სხდომისთვის, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე კომპანიის წარმომადგენელი გაფრთხილდა კანონის შესაბამისად.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს „GUDA.TV”-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე (კომისიაში რეგისტრაციი: N6/4067-17, 25.05.17) დგინდება, რომ კომპანიას რიგ სამაუწყებლო არხებზე მოპოვებული ჰქონდა მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი სანებართვო წერილები მონიტორინგის ჩატარების დღისთვის (11 აპრილი), თუმცა, აღნიშნული დოკუმეტები არ ჰქონდა წარმოდგენილი კომისიაში, რითაც შპს „GUDA.TV”-ის მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით ა) ქვეპუნქტი. კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტებიდან დგინდება, რომ 2015 წლის 6 მარტიდან შპს „GUDA.TV”-ის მოპოვებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლება სამაუწყებლო არხების - „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხის“, 2015 წლის 6 თებერვლიდან სამაუწყებლო არხი - „კავკასიის“, 2016 წლის 10 ოქტომბრიდან სამაუწყებლო არხის „პალიტრა TV“-ის, 2016 წლის 11 ოქტომბრიდან 2017 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით სამაუწყებლო არხი „GDS”-ის, 2017 წლის 15 მარტიდან სამაუწყებლო არხი - „TV 25“-ის, 2017 წლის 15 თებერვლიდან სამაუწყებლო არხი - „ტვ. პირველის“, ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან სამაუწყებლო არხების: „რუსთავი 2“-ის, „მარაოსი“ და „კომედი არხის“. აღსანიშნავია, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი არხების გავრცელების უფლება ვრცელდება მხოლოდ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის მიერ ნაწარმოებ პროდუქციაზე.
კომისიის 2017 წლის 1 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „GUDA.TV”-ის წარმომადგენელი გიორგი თედიაშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევა და განაცხადა, რომ შპს „GUDA.TV“-ის მიერ ოქმის შედგენის დროს (11 აპრილი) კომპანიის მიერ ხოეციელდებოდა შემოწმების ოქმში მითითებული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი.
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის N10/3336-17 სამსახურებრივი ბარათი;
2. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 11 აპრილის შემოწმების აქტი N8;
4. შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
7. შპს „GUDA.TV“ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
8. შპს „GUDS.TV“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2017 წლის 25 მაისის და 1 ივნისის სხდომებზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
- შპს „GUDA.TV“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 03/02/2015; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი);
- 2017 წლის 11 აპრილს, 11:15 საათზე, კომისიის ოფისში, მისამართზე ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქუჩა 50/18, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კვირკველია, ი. ბაღაშვილი) მიერ განხორციელდა შპს „GUDA.TV“-ის მიერ IPTV ტექნოლოგიით ქართული სამაუწყებლო არხების გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, დეპარტამენტში არსებული კომპიუტერისა და ვიდეოკამერის მეშვეობით. რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №8. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი;
- შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2017 წლის 11 აპრილს, შპს „GUDA.TV“ IPTV ტექნოლოგიით ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიაზე ქართული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას. კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში უფასოდ ხელმისაწვდომია შემდეგი სამაუწყებლო არხები: „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „პალიტრა ტვ“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „ტელეარხი 25“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „აჭარა“, „საფერავი ტვ“, „სილქ-უნივერსალი“, „ობიექტი“ და „მაესტრო“, ხოლო ერთი თვის შემდეგ „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხის“ და „პალიტრა ტვ“ გარდა, ყველა სხვა ქართული სამაუწყებლო არხები ხელმასწვდომია შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ;
- 2017 წლის 11 აპრილს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2017 წლის 11 აპრილის №8 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
- შპს „GUDA.TV“-ის არც 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „პალიტრა ტვ“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „იმედი“, „GDS“, „კომედი არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „ტელეარხი 25“, „ტვ პირველი“, „კავკასია“, „აჭარა“, „საფერავი ტვ“, „სილქ-უნივერსალი“, „ობიექტი“ და „მაესტრო“ მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- შპს „GUDA.TV”-ის ავტორიზაციის გავლისას (2015 წლის 3 თებერვალს) განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (N04/80-13 წერილი ხელზე ჩაბარდა გ. თედიაშვილს);
- შპს „GUDA.TV“-ის გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის (1 ივნისი) კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციები შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „იმედი“, „აჭარა“, „საფერავი ტვ“, „სილქუნივერსალი“, „ობიექტივი“ და „მაესტრო“;
- შპს „GUDA.TV“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდგაცნობისათვისსაჯაროგადაცემისუფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორისუფლებასნაწარმოებთანდაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
10.,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) გადაცემის ჩაწერა;
ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;
გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;
დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;
ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.
ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა;
თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
შპს „GUDA.TV“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 1 ივნისის კომისიის სხდომაზე, სადაც აღინიშნა, რომ სატელევიზიო არხების „საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხია“, „პალიტრა ტვ“-ის, „რუსთავი 2“-ის, „მარაოსი“, „GDS“-ის, „კომედი არხი“-ის, „საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხის“, „ტელეარხი 25“-ის, „ტვ პირველის“, „კავკასიის“ შესაბამისი ხელშეკრულებების წარმოდგენის გარეშე IPTV ტექნოლოგიით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „GUDA.TV“-ის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, ხოლო სამაუწყებლო არხების „იმედის“, „აჭარის“, „საფერავი ტვ“-ის, „სილქუნევარსალის“, „ობიექტივის“ და „მაესტროს“ შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე გარეშე IPTV ტექნოლოგიით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „GUDA.TV“-ის მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/მსგავს დარღვევას, ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს.
კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „GUDA.TV“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხის „იმედი“, „აჭარა“, „საფერავი ტვ“, „სილქ-უნივერსალი“, „ობიექტი“ და „მაესტროს“ არამართლზომიერი ტრანზიტი.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „GUDA.TV“-ის მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
- უზრუნველყოს შპს „GUDA.TV“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების „იმედი“, „აჭარა“, „საფერავი ტვ“, „სილქ-უნივერსალი“, „ობიექტი“ და „მაესტრო“ არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „GUDA.TV“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
- დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) შპს „GUDA.TV“-სთვის სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„GUDA.TV“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „GUDA.TV“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიდუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
