წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს „ჯეოსელს“ შორის სასამართლო დავის (საქმე №3/469-16) მორიგებით დასრულებისა და მორიგების აქტზე ხელმომწერი პირის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: 388 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2017 16:35

მიღების თარიღი ივნისი 06, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს „ჯეოსელს“ შორის სასამართლო დავის (საქმე 3/469-16) მორიგებით დასრულებისა და მორიგების აქტზე ხელმომწერი პირის განსაზღვრის თაობაზე

I.   საქმის აღწერა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს კომისიას წერილობით მიმართა შპს „ჯეოსელმა“ (განცხადება №შ-6/9008-15; 19.11.2015) და მოითხოვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №8.5-ის შპს ,,ჯეოსელის“ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა ზიანს მიაყენებდა მის კონკურენტუნარიანობას. კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის წერილით (№08/3273-15; 29.11.2015), შპს ,,ჯეოსელს“ უარი ეთქვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 8.5-ის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის თანახმად,  ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა და აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია შპს „ჯეოსელის“ მიერ 2012 წლიდან 2015 წლის 29 დეკემბრამდე წარმოდგენილ ინფორმაციას კომერციულ საიდუმლოებად ვერ მიიჩნევდა, ვინაიდან შპს ,,ჯეოსელი“ სტატისტიკური ანგარიშგების მე-8 ფორმას ავსებდა ყოველკვარტალურად 2012 წლიდან, წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ მოთხოვნა შპს ,,ჯეოსელს“ არ წარმოუდგენია და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ინფორმაცია ღია იყო. ამავე წერილით სტატისტიკური ანგარიშგების  ფორმა  №8.5-ში 2015 წლის მე-14 კვარტლის მონაცემებთან დაკავშირებით შპს ,,ჯეოსელს“ განემარტა, რომ ის უფლებამოსილი იყო კომისიისგან მოეთხოვა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №08/3273-15 წერილი შპს ,,ჯეოსელის“ მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქმე №3/469-16) და მოთხოვნილ იქნა აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და შპს ,,ჯეოსელის“ მიერ კომისიისთვის მიწოდებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №8.5-ში მოყვანილი ინფორმაციის (მათ შორის, 2012 წლის პირველი იანვრიდან და ამის შემდეგ მოწოდებული ინფორმაციის) კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

2017 წლის 6 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მთავარი სხდომა გადაიდო 2017 წლის 12 აპრილამდე იმ საფუძვლით, რომ მოდავე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი დავის მორიგებით დასრულების მიზნით მოლაპარაკების წარმოების თაობაზე. 2017 წლის 12 აპრილს მთავარი სხდომა გადაიდო 2017 წლის 15 ივნისისთვის, მხარეთა შორის მორიგების პირობებზე მოლაპარაკების გაგრძელების საფუძვლით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიასა და შპს „ჯეოსელს“ შორის სასამართლო დავის (საქმე №3/469-16) მორიგებით დასრულებისა და მორიგების პირობების განსაზღვრის მიზნით კომისიაში საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 6 ივნისს.

კომისიაში შემოვიდა შპს ,,ჯეოსელის“ წერილი (Nშ-6/428517;06.06.2017), რომლითაც შპს ,,ჯეოსელმა“ დაადასტურა თანხმობა მორიგებით დასრულდეს კომისიასა და შპს ,,ჯეოსელს“ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №08/3273-15 წერილის ბათილად ცნობასა და კომისიისთვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით აღნიშნულ წერილზე თანდართული შეთანხმების პირობების შესაბამისად.  კერძოდ, შპს ,,ჯეოსელი“ აცხადებს თანხმობას მორიგებით დაასრულოს დავა კომისიასთან იმ პირობით, თუ კომისია კომერციულ საიდუმლოებად ცნობს შპს ,,ჯეოსელის“ მიერ კომისიისთვის მიწოდებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №8.5-ში   მოყვანილ ინფორმაციას შპს ,,ჯეოსელის“ საბაზო სადგურების რაოდენობის შესახებ (მათ შორის, 2012 წლის პირველი იანვრიდან მოწოდებული ინფორმაცია) და გამოაქვეყნებს თავის ვებ-გვერდზე პრეს-რელიზის სახით ინფორმაციას შპს ,,ჯეოსელთან“ მორიგების თაობაზე. ამასთანავე, შპს ,,ჯეოსელი“ ადასტურებს თანხმობას იკისროს ვალდებულება დაფაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული, სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და არ იდავოს სასამართლოში კომისიასთან კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის წერილით შპს ,,ჯეოსელის“ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №8.5-ში  მოყვანილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და აღნიშნული მონაცემების ღიაობის უზრუნველყოფის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, კომისიის მიერ მორიგების პირობების შესრულების შემთხვევაში.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია სასამართლოში მისი მონაწილეობით მიმდინარე საქმე დაასრულოს მორიგებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  მოცემულ საკითხზე კომისია გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიურად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში კომისიასა და შპს ,,ჯეოსელს“ შორის მიმდინარე დავა (საქმე №3/469-16) კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №08/3273-15 წერილის ბათილად ცნობასა და კომისიისთვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით დასრულდეს მორიგებით;

2. განისაზღვროს მორიგების შემდეგი პირობები:

ა)   კომისია კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ წინამდებარე მორიგების პირობების დამტკიცების შემთხვევაში, მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე სასამართლო განჩინების კომისიისთვის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შპს ,,ჯეოსელის“ მიერ კომისიისთვის მიწოდებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №8.5-ში შპს „ჯეოსელის“ საბაზო სადგურების რაოდენობის შესახებ მოყვანილი ინფორმაციის (მათ შორის, 2012 წლის პირველი იანვრიდან მოწოდებული ინფორმაცია) კომერციულ საიდუმლოებად ცნობა;

ბ)   კომისია კისრულობს ვალდებულებას, გამოაქვეყნოს  კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პრეს-რელიზის სახით შპს „ჯეოსელთან“ მორიგების თაობაზე ინფორმაცია;

გ)   შპს ,,ჯეოსელი“ კისრულობს ვალდებულებას, სრულად დაფაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განსაზღვრული, სასამართლო განხილვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (სახელმწიფო ბაჟი და სხვ.). ამასთან, შპს „ჯეოსელი“ კისრულობს ვალდებულებას არ იდავოს სასამართლოში კომისიასთან კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №08/3273-15 წერილით შპს ,,ჯეოსელის“ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №8.5-ში მოყვანილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და აღნიშნული მონაცემების ღიაობის უზრუნველყოფის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ კომისიის მიერ შესრულებული იქნება წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მორიგების პირობები;

2. მორიგების აქტის ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიის თავმჯდომარეს კახი ბექაურს;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ერთი  თვის ვადაში;

5.     დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა)     გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გაგზავნა შპს „ჯეოსელისთვის“;

ბ)    გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-5 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (დ. ქუთათელაძე) და სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).

კომისიის თავმჯდომარე                                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                            ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                            ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                            მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები