შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2017 18:17
მიღების თარიღი ივნისი 15, 2017
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე
I. აღწერილობითი ნაწილი
2017 წლის 26 აპრილს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის შ/№10/3334-17 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (წერილობითი დოკუმენტაცია; CD) ერთად. აღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლების მონიტორინგი, რომლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2017 წლის 24 მარტს, 23 საათსა და 53 წუთზე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის-2“-ის ეთერში გავიდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სარეკლამო რგოლი, რომლის მონაწილეებიც არიან პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ცნობილი სახეები. სარეკლამო რგოლი ეხება დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების უფლებებს და თანასწორობის პრინციპებს, თუმცა პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი საარჩევნო აგიტაციის ნიშნების შემცველ განცხადებას აკეთებს: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“. ასევე, პოლიტიკური გაერთიანების კიდევ ერთი ლიდერი ამბობს: „ჩვენ ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ევროპული საქართველოსკენ“, რითაც მინიშნებას აკეთებს პოლიტიკური პარტიის სახელწოდებაზე. ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიამ წერილობით მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის-2“-ს და სთხოვა განმარტება თუ რა სტატუსით განთავსდა აღნიშნული სარეკლამო რგოლი მათ ეთერში. 2017 წლის 8 აპრილს კომისიაში შემოვიდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის-2“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N: შ-6/3020-17, 10.04.17), რომლის თანახმად, აღნიშნული ვიდეორგოლი ,,რუსთავი 2”-ის ეთერში განთავსდა სოციალური რეკლამის სტატუსით.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი შეიცავს პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს, იგი ემსახურება პოლიტიკური მოძრაობის რეკლამირებას და ის არ შეიძლება ჩაითვალოს სოციალურ რეკლამად.
2. 2017 წლის 18 აპრილს, 21 საათსა და 38 წუთზე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ რეკლამა, რომელშიც პარტიის ცნობილი სახეები საუბრობენ მათი პოლიტიკური გაერთიანების, ხედვების, გეგმების და დაპირებების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2 მუხლის ჰ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია არის საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, ხოლო 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლი ადგენს მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებების წესებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი, ავტორიზებული საეთერო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები: ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობით არის გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება; ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს; გ) პოლიტიკური/ წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა; დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფისა და წინასაარჩევნო რეკლამის ფასიანი/უფასოდ განსათავსებლად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროის გამოყოფის ვალდებულება წარმოეშვება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ცესკოს მიერ გამოცემული შესაბამისი განკარგულების შემდგომ. რაც შეეხება პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის არაწინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო ბადეში განთავსებას, კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის N04/3699-16 წერილის (აღნიშნული წერილი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს ჩაბარდა 2016 წლის 17 ოქტომბერს) შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების დაუშვებლობა. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მაუწყებლების მიერ საკუთარ ეთერში განთავსება შეზღუდულია.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის შ/№10/3334-17 სამსახურებრივი ბარათისა და მასზე დართული მასალების საფუძველზე (წერილობითი დოკუმენტაცია; CD), 2017 წლის 1 მაისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლების განთავსების მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხის განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 11 მაისს, რის თაობაზეც შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (№03/1368-17; 03.05.2017) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მათ ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა წერილობითი შუამდგომლობით (№შ-6/3648-17; 05.05.2017) მიმართა კომისიას სხდომის გადადების თაობაზე, ვინაიდან 2017 წლის 8 მაისიდან 17 მაისამდე კომპანიის პასუხისმგებელი იურისტები იქნებოდნენ მივლინებაში, ხოლო კომპანიის დირექტორი შვებულებაში, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა და საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 18 მაისისთვის, რის თაობაზეც ეცნობა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს.
2017 წლის 18 მაისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელები თ. მურადაშვილი და დ. საძაგლიშვილი. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა და გამოაქვეყნა ა(ა)იპ ,,მრავალ ეთნიკური ერთობის“ წერილი (N17/0133; 15.03.2017), საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებული სოციალური რეკლამის განთავსების თაობაზე 2017 წლის 16 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით. თ. მურადაშვილის განცხადებით, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამა განათავსა ა(ა)იპ ,,მრავალ ეთნიკური ერთობის“ წერილი საფუძველზე.
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა კომისიას საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მტკიცებულების სახით დართულიყო მის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი CD დისკი, რომელზეც ჩაწერილი პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, მისი განცხადებით, არაწინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა შპს ,,ტელეიმედისა“ და ა(ა)იპ ,,მედია კავშირ ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეებში. ასევე, კომისიას გამოეთხოვა ინფორმაცია აღნიშნული მაუწყებლებისგან, განათავსეს თუ არა მათ სამაუწყებლო ბადეში შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი არაწინასაარჩევნო პერიოდში. კომისიის მიერ აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ამასთან საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2017 წლის 23 მაისს.
2017 წლის 18 მაისს, კომისიამ წერილობით (N03/1553-17, 18.05.2017; N03/1554-17, 18.05.2017) მიმართა შპს ,,ტელეიმედსა“ და ა(ა)იპ „მედია კავშირ ობიექტივს“ წარმოედგინათ ინფორმაცია - განათავსებული იყო თუ არა მათ სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური შინაარსის რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში და რა სტატუსით, ასევე, განათავსეს თუ არა სამაუწყებლო ბადეში შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი არაწინასაარჩევნო პერიოდში, 2015 წლიდან. აღნიშნული წერილის საპასუხოდ, შპს „ტელეიმედმა“ მოითხოვა (Nშ-6/3986-17, 23.05.2017) დამატებითი ვადა საარქივო მასალის დეტალურად შესასწავლად და ასევე, წინასაარჩევნო პერიოდების დაზუსტება წლების მიხედვით.
კომისიის წერილებით (N03/1610-17, 25.05.2017; N03/1611-17, 25.05.2017) შპს ,,ტელეიმედსა“ და ა(ა)იპ „მედია კავშირ ობიექტივს“ მიეთითათ წინასაარჩევნო პერიოდები და ეთხოვათ 2014 წლიდან მიმდინარე წლის ჩათვლით ინფორმაციის წარმოდგენა.
კომისიაში შემოვიდა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის თ. მურადაშვილის წერილი (Nშ-6/3992-17, 23.05.2017), რომელშიც აღნიშნულია, რომ ამ წერილით დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო Mediachecker-ის სტატია (სტატიის გამოქვეყნების წყაროზე მითითებით) და ასევე, აღნიშნულ წყაროზე განთავსებული სტატიის Pdf ვერსია.
2017 წლის 23 მაისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელები თ. მურადაშვილი და დ. საძაგლიშვილი. კომისიის სხდომაზე გამოქვეყნდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ვიდეორგოლი, რასთან დაკავშირებით დ. საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ვიდეორგოლი წარმოადგენდა პოლიტიკურ რეკლამას, ვინაიდან კლიპში ასახული მოვლენები მიმართული იყო იმ დროს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლება აღნიშნეს, რომ კომისიაში საკითხის განხილვა უნდა გადადებულიყო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტელეიმედსა“ და ა(ა)იპ „მედია კავშირ ობიექტივს“ არ ჰქონდათ წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და მნიშვნელოვანი იყო კომისიას საკითხის არსებითი განხილვა დაეწყო სხვა მაუწყებლებისგან ინფორმაციის მიღებისა და მისი შესწავლის შემდეგ. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელთა განცხადების გათვალისწინებით, კომისიამ საკითხის განხილვის გაგრძელების მიზნით კომისიის სხდომა დანიშნა 2017 წლის 6 ივნისს, რის თაობაზეც კომპანიის წარმომადგენლები კომისიის 2017 წლის 23 მაისის სხდომაზე გაფრთხილდნენ. ამასთან, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებს დაევალათ კომისიაში წარმოედგინათ პოლიტიკური შინაარსის რეკლამის განთავსების ტარიფის, რაოდენობის, ხანგრძლივობის, სრული ღირებულების, კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის შესახებ წერილობითი ინფორმაცია და ხელშეკრულება რეკლამის განთავსების თაობაზე.
2017 წლის 30 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის დ. საძაგლიშვილის განცხადება (Nშ-6/4123-17; 30.05.2017), რომელსაც თან ერთვოდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ შორის დადებული ხელშეკრულება პოლიტიკური გაერთიანების ფასიანი რეკლამის განთავსების შესახებ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ რეკლამა შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში გადიოდა 2017 წლის 13 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, დღეში ათჯერ. სარეკლამო რგოლის ქრონომიეტრაჟი იყო 38 წამი. სარეკლამო მომსახურების ღირებულება 80 000 აშშ დოლარი (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების ღირებულება გადახდილ უნდა იქნას ორ ტრანშად - 40 000 აშშ დოლარი 2017 წლის 10 ივნისამდე, ხოლო დარჩენილი 40 000 აშშ დოლარი 2017 წლის 10 ივლისამდე. აღნიშნულ განცხადებას თან ერთვის პოლიტიკური გაერთიანების ფასიანი რეკლამის განთავსების შესახებ ხელშეკრულება.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს გადაეცა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/4212-17; 02.06.2017) შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ კომისიის 2017 წლის 18 მაისის სხდომაზე წარმოდგენილი ვიდეორგოლთან დაკავშირებით. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და წარმოდგენილი ვიდეო რგოლის შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ვიდეო რგოლი შესაძლებელია შეიცავდეს პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს, თუმცა, სრულფასოვანი შეფასებისათვის და დასკვნისათვის წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ვიდეო რგოლი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას, საჭიროა სრული დეტალური ინფორმაცია, აღნიშნული ვიდეო რგოლის განთავსების კონტექსტთან დაკავშირებით (განთავსების პერიოდი და ფორმა, განთავსებასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია, მათ შორის შესაბამისი ხელშეკრულებები), რაც ამ შემთხვევაში სახეზე არ არის.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა შპს ,,ტელეიმედის“ საპასუხო წერილი (№შ-6/4267-17; 05.06.2017), რომლის თანახმად, 2014 წლიდან დღემდე შპს ,,ტელეიმედის“ სამაუწყებლო ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსებული არ ყოფილა. ამასთანავე, შპს ,,ტელეიმედის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი (წარმოდგენილი არანჟირებითა და კადრების თანმიმდევრობით) კომპანიის სამაუწყებლო ეთერში განთავსებული არ ყოფილა. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „მედია კავშირ ობიექტივს“ არ წარმოუდგენია კომისიაში ინფორმაცია მის სამაუწყებლო ბადეში არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის განთავსების საკითხთან დაკავშირებით.
2017 წლის 6 ივნისს, კომისიის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელები თ. მურადაშვილი და დ. საძაგლიშვილი. კომისიის სხდომაზე გამოქვეყნდა და კომპანიის წარმომადგენელს გადაეცა შპს ,,ტელეიმედის საპასუხო წერილი (№შ-6/4267-17; 05.06.2017) და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/4212-17; 02.06.2017).
კომისიის 2017 წლის 6 ივნისის სხდომაზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯელობა ეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლს, რომლის ჩანაწერი პირდაპირ მიმართულია პოლიტიკური პარტიაზე. მათი განცხადებით, კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი უშუალო გავლენას მოახდენს პარტიის კანონიერ ინტერესებზე და შეუზღუდავს მას გამოხატვის უფლებას. მათი განმარტებით, ასევე, მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლიტიკური პარტიისგან ინფორმაციის მიღება, ის როგორ ხედავს აქამდე არსებულ საკანონმდებლო ბაზას არა მხოლოდ მის უფლებებზე გავლენის მოხდენის კუთხით, არამედ საკითხზე ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ამავე კოდესის 95–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
კომისია აღნიშნავს, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იხილება საკითხი თუ რამდენად მართლზომიერად განთავსდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური და პოლიტიკური შინაარსის რეკლამები. იმ შემთხვევაში, თუ კომისია მივა იმ დასკვნამდე, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური და პოლიტიკური შინაარსის რეკლამები განთავსდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, შეიძლება დადგეს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პასუხისმგებლობის საკითხი. შესაბამისად, ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო გავლენას მოახდენს სწორედ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის უფლებებსა და ვალდებულებებზე და შეიძლება გაუარესოს მისი, და არა პოლიტიკური პარტიის, სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
კომისიის 2017 წლის 6 ივნისის სხდომაზე შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა თ. მურადაშვილმა აღნიშნა, რომ კონვენციები და ყველა საერთაშორისო პაქტი განსაზღვრავს, რომ არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ ეს პირდაპირ არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით და არსებობს კიდევ სხვა საფუძვლები, როდესაც კანონში პირდაპირი ჩანაწერი არ არის. მისი განმარტებით, პოლიტიკური პარტია უფლებამოსილია გამოხატოს თავისი მოსაზრება, მასმედია კი არის ამის გამტარი, გარდა ამისა არის კომერციული ინტერესი, მომსახურების ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, საზოგადოება, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია. მან, ასევე აღნიშნა, რომ შპს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლი არის მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლოპის შესახებ და ამ მუხლში არ წერია პირდაპირ, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის განთავსება არის დაუშვებელი. თ. მურადაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილება შეეხება 3 წრეს: მაუწყებელს, პოლიტიკურ პარტიას და საზოგადოებას. კომისიამ, თავისი გადაწყვეტილბით ამ სამ წრეს უნდა შეუზღუდოს ფუნდამენტური უფლების რეალიზების შესაძლებლობა. მისი განმარტებით, პოლიტიკური რეკლამით პარტია გამოხატავს თავის იდეებს რეკლამის ფორმით და პოლიტიკური რეკლამა ყველაზე ეფექტური მესიჯია საზოგადოებისთვის. ეს არის პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის საშუალება. კომისია კი ამ კომუნიკაციას უკრძალავს პოლიტიკურ პარტიას. მან ასევე, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. თ. მურადაშვილმა ასევე მიუთითა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის დ. საძაგლიშვილის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის დისპოზიციაში არ იგულისხმება სარეკლამო მომსახურება. მისი განმარტებით, ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს ნორმის ტელეოლოგიური და არა სიტყვასიტყვითი განმარტება. ამ ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებით, საერთოდ აკრძალულია სარეკლამო მომსახურების შეძენა პოლიტიკური პარტიების მიერ, მათ შორის წინასწაარჩევნო პერიოდში, ვინაიდან გამონაკლისად არ უთითებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალსიწინებულ და წინასაარჩევნო პერიოდისთვის დადგენილ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებელი გააკეთებდა დეტალურ ჩანაწერს და აღნიშნავდა, რომ გამონაკლისის გარდა, აკრძალულია არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების რეკლამა. დ. საძაგლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რადგანაც საქართველოში პოლიტიკური პარტიები შებოჭილები არიან თანხის მიღების და ხარჯვის ნაწილში, მას მიაჩნია, რომ სარეკლამო მომსახურების შეძენის შეზღუდვა იქნება არალეგიტიმური და შეზღუდვა მიჩნეული იქნება არაკონსტიტუციურად მისი შესაბამის ეტაპზე განხილვის პერიოდში. მისი აზრით, არც კანონის რედაქცია იძლევა იმ ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ აკრძალულია სარეკლამო მომსახურების შეძენა არაწინასაარჩევნო პერიოდში, ვერც კონსტიტუციის განმარტებიდან უნდა მივიდეს კომისია დასკვნამდე, რომ შეზღუდვა, თუკი დაწესდება, იქნება ლეგიტიმური.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის №შ-10/3334-17 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №04/3699-16 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვიდეორგოლების ამსახველი - CD) ერთად;
2. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3020-17, 10.04.17), რომლის თანახმად, 2017 წლის 24 მარტს, 23 საათსა და 53 წუთზე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში ვიდეორგოლი განთავსდა სოციალური რეკლამის სტატუსით;
3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3614-17, 05.05.17), რომლის თანახმად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსდა (2017 წლის 18 აპრილს, 21 საათსა და 38 წუთზე) პოლიტიკური შინაარსის რეკლამა კომერციული რეკლამის ტარიფით;
4. კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის N04/3699-16 წერილი გაგზავნილი შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის და აღნიშნული წერილის მისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილობითი შუამდგომლობა (№შ-6/3648-17; 05.05.2017);
6. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის თ. მურადაშვილის მიერ კომისიის 2017 წლის 18 მაისის სხდომაზე წარმოდგენილი ა(ა)იპ ,,მრავალ ეთნიკური ერთობის“ წერილი (17/0133; 15.03.2017);
7. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის თ. მურადაშვილის მიერ კომისიის 2017 წლის 18 მაისის სხდომაზე წარმოდგენილი CD დისკი მასზე დატანილი ვიდეორგოლით;
8. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის თ. მურადაშვილის წერილი (Nშ-6/3992-17;23.05.2017);
9. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის დ. საძაგლიშვილის განცხადება (Nშ-6/4123-17; 30.05.2017), რომელსაც ერთვის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ შორის დადებული ხელშეკრულება პოლიტიკური გაერთიანების ფასიანი რეკლამის განთავსების თაობაზე;
10. შპს ,,ტელეიმედის“ წერილები (23.05.2017; Nშ-6/3986-17; 05.06.2017; Nშ-6/4267-17);
11. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/4212-17; 02.06.2017);
12. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან დაკავშირებით;
13. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ 2015 წლის 17 ივლისიდან წარმოადგენს ავტორიზებულ პირს მაუწყებლობის სფეროში (მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა). შესაბამისად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, როგორც მაუწყებელი, ვალდებულია შეასრულოს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები;
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ვიდეორგოლების მონიტორინგი, რის შედეგად გამოვლინდა:
ა) 2017 წლის 24 მარტს, 23 საათსა და 53 წუთზე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის-2“-ის ეთერში გავიდა ვიდეორგოლი, რომელშიც მონაწილეობენ პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ ლიდერები და ცნობილი სახეები. პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი მაყურებელებს/მსემენელებს მიმართავს და აძლევს დაპირებას: ,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“. ასევე, ერთ-ერთი ლიდერი მაყურებლებს/მსმენელებს მიმართავს სიტყვებით: ,,ჩვენ ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ევროპული საქართველოსკენ“, რითაც მინიშნებას აკეთებს პოლიტიკური პარტიის სახელწოდებაზე;
ბ) 2017 წლის 18 აპრილს, 21 საათსა და 38 წუთზე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა ვიდეორგოლი, რომელშიც მონაწილეობენ პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ ლიდერები და ცნობილი სახეები. ისინი მაყურებლებს/მსმენელებს მიმართავენ და აცნობენ მათი პოლიტიკური გაერთიანების ხედვების, გეგმების და დაპირების თაობაზე. კერძოდ: „რატომ ჰქვია ჩვენს ახალ მოძრაობას ევროპული საქართველო?“ „ევროპული საქართველო არის სადაც არ ეშინიათ სიბერის, არ ეშინიათ შიმშილის, არ ეშინიათ უსამართლობის“; „ევროპული საქართველო არის სადაც არ ეშინიათ შვილის გაჩენის, არ ეშინიათ ექიმთან მისვლის, არ ეშინიათ ტელეფონზე ლაპარაკის“; „ევროპული საქართველო არის სადაც არ ეშინიათ, რომ იყვნენ განსხვავებულნი, არ ეშინიათ, რომ დარჩნენ დაუცველნი, არ ეშინიათ, რომ არ ექნებათ სამსახურის პოვნის შანსი“; „ევროპულ საქართველოში ხელისუფლება არეულობის გარეშე იცვლება და ერთი კაცის სურვილით არ იმართება“; „ევროპული საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს აქვთ კეთილდღეობა, უსაფრთხოება და თავისუფლება. ჩვენ შეგვიძლია ასეთი ქვეყნის აშენება“. ვიდეორგოლში ასევე აღნიშნულია (მათ შორის ტექსტის სახით): ,,ევროპული საქართველო ნამდვილი საქართველო“.
მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 25 აპრილის №შ-10/3334-17 სამსახურებრივი ბარათი თანდართულ მასალასთან (კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №04/3699-16 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვიდეორგოლების ამსახველი - CD) ერთად.
3. 2017 წლის 24 მარტს, 23 საათსა და 53 წუთზე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში ვიდეორგოლი განთავსდა როგორც სოციალური რეკლამა;
მტკიცებულება: შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3020-17, 10.04.17).
4. 2017 წლის 18 აპრილს, 21 საათსა და 38 წუთზე, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამა განთავსდა კომერციული რეკლამის ტარიფით;
მტკიცებულება: შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/3614-17, 05.05.17)
5. კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის N04/3699-16 წერილით, რომელიც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს ჩაბარდა 2016 წლის 17 ოქტომბერს, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს ეცნობა არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსების დაუშვებლობის თაობაზე;
მტკიცებულება: (კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის №04/3699-16 წერილი და აღნიშნული წერილის შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი
6. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ შორის 2017 წლის 7 აპრილს დადებული ხელშეკრულების (SMT.07.04.2017/1) 2.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანია კისრულობს ვალდებულებას გაუწიოს დამკვეთს სარეკლამო მომსახურება, ხოლო დამკვეთი კისრულობს ვალდებულებას აუნაზღაუროს კომპანიას სარეკლამო მომსახურების საფასური. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთის გასაწევი სარეკლამო მომსახურება გულისხმობს ტელეარხის ეთერში დამკვეთის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული (დაკვეთილი) პოლიტიკური გაერთიანების რეკლამის (ქრომომეტრაჟი - 38 წმ) 2017 წლის 12 აპრილიდან 2017 წლის 2 მაისის ჩათვლით (21 კალენდარული დღე) ტელეარხის ეთერში განთავსებას დღეში ათჯერ. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია გადაუხადოს კომპანიას მომსახურების ღირებულება 2(ტრანშად) – 2017 წლის 10 ივნისამდე 40 000 აშშ დოლარი, დღგ-ს ჩათვლით და 2017 წლის 10 ივლისამდე დარჩენილი 40 000 აშშ დოლარი, დღგ-ს ჩათვლით;
მტკიცებულება: ხელშეკრულება პოლიტიკური გაერთიანების ფასიანი რეკლამის განთავსების შესახებ; შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლის განცხადება (Nშ-6/4123-17; 30.05.2017);
7. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევას და შესაბამისად, მის მიმართ იგივე/ერთგვაროვანი სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახე გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა;
4. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება;
5. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
6. ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არასათანადო რეკლამა არის არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური, შეცდომაში შემყვანი ან სხვა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, დროის, ადგილის ან გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
7. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
8. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
9. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას;
10. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებლობის განმახორციელებელი ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის;
11. ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;
12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი) და არ უნდა დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
კომისია აღნიშნავს, რომ სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში 2017 წლის 24 მარტს განთავსებულ ვიდეორგოლში, რომელშიც მონაწილეობენ და მაყურებლებს/მსმენელებს მიმართავენ პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის ცნობილი სახეები. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მაყურებლებს/მსმენელებს აძლევს დაპირებას - ,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“. ასევე, ერთ-ერთი ლიდერი მაყურებლებს/მსმენელებს მიმართავს სიტყვებით: ,,ჩვენ ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ევროპული საქართველოსკენ“, რითაც მინიშნებას აკეთებს პოლიტიკური პარტიის სახელწოდებაზე (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: პუნქტი 2, ა) ქვეპუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიდეორგოლი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას. შესაბამისად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ - მა თავის ეთერში სოციალური რეკლამის სახით განათავსა და გაავრცელა ვიდეოკლიპი, რომელიც არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას. შესაბამისად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ - მა თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია მისი შინაარსის, ასევე გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ - მა განათავსა და გაავრცელა არასათანადო რეკლამა, რითაც მის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვა ემსახურება მაუწყებლის დაცვას პოლიტიკური პარტიის გავლენისგან, მაუწყებლის მიუკერძოებლობის, ასევე, თავისუფალი და პლურალისტული დებატის უზრუნველყოფას, რაც აძლიერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს. ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება დასაშვებია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით და განსაზღვრულია შესაბამისი რეგულაციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად, პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით მაუწყებლის დაფინანსება პოლიტიკური პარტიის მიერ დასაშვებია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში და ამავე კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე და 51-ე მუხლები განსაზღვრავენ მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგად რეგულირებებსა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს, რომელთა მიზანი, ზემოაღნიშნულის გარდა, არის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა საარჩევნო კამპანიის დროს.
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში 2017 წლის 18 აპრილს გავრცელებულ ვიდეორგოლში პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის ცნობილი სახეები მაყურებლებს/მსმენელებს მიმართავენ და აცნობენ მათი პოლიტიკური გაერთიანების ხედვების, გეგმების და დაპირების თაობაზე. იმას, რომ აღნიშნული რეკლამა პოლიტიკური შინაარსისაა, ადასტურებს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, რომელიც, მისივე მტკიცებით, მის ეთერში განთავსდა კომერციული რეკლამის ტარიფით (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: პუნქტი 4), რაც ასევე დასტურდება შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ შორის 2017 წლის 7 აპრილს დადებული ხელშეკრულებით (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: პუნქტი 6). აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილი აქვს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ პოლიტიკური პარტიიდან დაფინანსების მიღებას, რაც გამოიხატა პოლიტიკური პარტიის მიერ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მომსახურების შესყიდვით, მისი ეთერით პოლიტიკური პარტიის რეკლამის გავრცელების მიზნით, რითაც შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტი.
ამასთან, პოლიტიკური პარტიის მიერ კანონდარღვევით მაუწყებლის მომსახურების შესყიდვის ფარგლებში გავრცელებული რეკლამა წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, ვინაიდან დარღვეულია რეკლამის გავრცელების წესის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებითა და გავრცელებით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტი). წინასაარჩევნო რეკლამა არის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას (,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტი).
შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში 2017 წლის 24 მარტს და 18 აპრილს განთავსებული პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლები, რომლებშიც მონაწილეობენ პოლიტიკური გაერთიანება ,,მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის ცნობილი სახეები, თავისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკური პარტიის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციებს, რომლებიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურებიან პოლიტიკური პარტიის წევრებისა და პოლიტიკური პარტიისადმი ინტერესის ფორმირებას და შენარჩუნებას, რომლის საბოლოო მიზანი, პოლიტიკური პარტიის შექმნის არსიდან და მიზნიდან გამომდინარე, არის მომავალი ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების არჩევის ხელშეწყობა. შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლები, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ14) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენენ წინასაარჩევნო რეკლამებს, რომელთა განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს, რის შესახებ, კომისიის 2016 წლის 12 ოქტომბრის N04/3699-16 წერილით ეცნობა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს (იხ. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: პუნქტი 5). შესაბამისად, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ - მა თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა, რომელშიც დარღვეულია რეკლამის განთავსების დროის და გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ - მა განათავსა და გაავრცელა არასათანადო რეკლამა, რითაც მის მიერ დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული და დაცულია გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება. ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას გარკვეული პირობების დაცვით: ჩარევა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით [1]; ემსახურებოდეს ჩამოთვლილ მიზნებს [2]; ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში [3].
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის თანახმად, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმაცია ზეპირად, წერილობით ან პრესის და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობასა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამიტომ, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც დადგენილია კანონით და აუცილებელია: a) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის დასაცავად; b) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დასაცავად.
,,ჩარევა“ ნიშნავს ,,ფორმალობებს“, ,,პირობებს“, ,,შეზღუდვებს“, ან ,,სანქციებს“, ხოლო ,,გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით“ გულისხმობს იმას, რომ გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ კანონმდებლობას. როგორც წესი, ეს ნიშნავს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიულ კანონიერებას, რაც მხოლოდ საპარლამენტო განხილვებისა და ხმის მიცემის პროცედურის გზით მიიღწევა. სწორედ ეროვნულმა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, შესაძლებელია თუ არა ამგვარი შეზღუდვა[1]. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს პრეცედენტული სამართლის ნორმებით.[2]
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლიდან გამომდინარე ხელშემკვრელი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისუფალი შეფასების ფარგლებით ამავე მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობისა და ფარგლების შეფასებისას.[3]
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით განსაზღვრული დაცვა ვრცელდება არა მხოლოდ გამოხატული იდეებისა და ინფორმაციის შინაარსზე, არამედ ასევე მათი გამოხატვის ფორმაზე.[4]
დემოკრატიის არსი მდგომარეობს განსხვავებული პოლიტიკური პროგრამების შეთავაზებისა და დებატების დაშვებაში იმის უზრუნველყოფით, რომ ისინი თავის მხრივ არ ავნებენ დემოკრატიას. არ არსებობს დემოკრატია პლურალიზმის გარეშე. ამასთან მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს აუდიოვიზუალურ მედიას, როგორიცაა რადიო და ტელევიზია[5].
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს მაუწყებელი მედიის დაუყოვნებლივ და გავლენიან მოქმედებას, რადიოსა და ტელევიზიის მუდმივი ფუნქციონირებით გამოწვეულ ეფექტს[6]. შესაბამისად, ვითარება, როდესაც საზოგადოებაში ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი ჯგუფები უფლებამოსილი არიან მოიპოვონ დომინანტური პოზიცია აუდიოვიზუალურ მედიაში და შესაბამისად ზეწოლა განახორციელონ მაუწყებლებზე და ფაქტიურად შეზღუდონ მათი სარედაქციო თავისუფლება, ასუსტებს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს[7]. იმისთვის, რომ გავლენიან მედიაზე პრივილეგირებული წვდომის მქონე ძლიერ საფინანსო ჯგუფებს არ შეეძლოთ მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა ფასიანი რეკლამის სფეროში და შესაბამისად, შეზღუდონ თავისუფალი და პლურალისტული დებატი, საჯარო ინტერესის თემაზე დებატის გაშუქების რეგულირება აუცილებელია კონვენციის 10.2 მუხლის მნიშვნელობით[8].
შესაბამისად, ისეთ სენსიტიურ სექტორში, როგორიცაა აუდიოვიზუალური მედია, ჩაურევლობის უარყოფით ვალდებულებასთან ერთად სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს სათანადო კანონმდებლობა და ადმინისტრაციული რეგულირების ჩარჩო ეფექტიანი პლურალიზმის უზრუნველსაყოფად.[9] აუდიოვიზუალურ სექტორში ეფექტიანი პლურალიზმის გარანტიის შექმნისთვის ჩარევის პოზიტიური ვალდებულების აღიარება არ შემოიფარგლება გარკვეული პერიოდით, ვინაიდან დემოკრატიული პროცესი განგრძობადია და მუდმივ მხარდაჭერას საჭიროებს თავისუფალი და პლურალისტული საჯარო დებატით[10].
საქმეზე Animal Defenders International გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ[11], რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია ასაჩივრებდა პოლიტიკური რეკლამის ტელევიზიითა და რადიოთი გავრცელების აკრძალვას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა: „ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს ევროპული კონსესუსი პოლიტიკური რეკლამის ფასიანი საეთერო დროის რეგულირების შესახებ ... და პარტიებისთვის ეს მისაღებია. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის შესაბამისი კონსესუსის არარსებობა მეტყველებს ფართო შეფასების ფარგლების დაშვებაზე ვიდრე ჩვეულებრივ არის ხელმისაწვდომი საჯარო ინტერესის საკითხების გამოხატვაზე შეზღუდვების დადგენასთან მიმართებით... ამ კონსესუსის არარსებობა ასევე აფართოვებს საჯარო ინტერესის საკითხებზე გამოხატვის შეზღუდვებთან მიმართებით თავისუფალი შეფასების ფარგლებს.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიტიკური რეკლამის ტელევიზიითა და რადიოთი გავრცელების აკრძალვა დასაშვებად მიიჩნია[12].
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 35-ე მუხლით რეგლამენტირებულია კონკრეტული, ამომწურავი შემთხვევები, რაც შეიძლება ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებებად, რომლებსაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შემამსუბუქებელ გარემოებებს, მათი ჩამონათვალი 34-ე მუხლით ამომწურავი არ არის და ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წყვეტს, შეუძლია შემამსუბუქებლად მიიჩნიოს ისეთი გარემოებანიც, რომლებიც არ არის აღნიშნული კანონმდებლობაში.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე კომისიას არ გამოუვლენია მაუწყებლის მიერ არაწინასაარჩევნო პერიოდში მის სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის განთავსებისა და არაწინასაარჩევნო პერიოდისთვის პოლიტიკური შინაარსის რეკლამის განთავსებისთვის პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის მიერ დაფინანსების შემთხვევები. ასევე, არ მიუღია გადაწყვეტილება ზემოთ მითითებული დარღვევების ჩადენის გამო მაუწყებლისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, კომისიის აზრით, წინამდებარე საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე, უზრუნველყოფს საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს სამართალდარღვევის პრევენციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს სამართალდამღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევაში დაცული იქნება კანონიერებისა და პროპორციულობის პრინციპი, ასევე, მიიღწევა ის მიზანი, რაც ზოგადად გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე უნდა ეცნობოს ყველა ავტორიზებულ და ლიცენზირებულ მაუწყებელს, რათა სარეკლამო შინაარსის ვიდეორგოლების სამაუწყებლო ბადეში განთავსებისას თავიდან იქნას აცილებული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის არაერთგვაროვანი აღქმა და მისი დარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ), ჰ7) და ჰ14) ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) და ი) ქვეპუნქტების, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 661 მუხლის, 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, შესაბამისად, კომისიამ ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 661 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;
- შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;
- ეცნობოს წერილობით ყველა ავტორიზებულ და ლიცენზირებულ მაუწყებელს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ი. ხარებავა);
- დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულება (ი. მახარაძე);
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) შპს ,,სამაუწყებელო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-3 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
[1] M. Novak, UN Covenant on Civil and Political Rights (Strasbourg, N.P. Engel Publisher, 1993), p. 351
[2] The Sunday Times v. UN, 1979
[3] Tammer v. Estonia, no. 41205/98, § 60, ECHR 2001-I
[4] Jersild v. Denmark, 1994, § 31; Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08
[5] Centro Europa 7 S.R.L. and Di Stefano v. Italy ; Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08
[6] Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08 §119
[7] Centro Europa 7 S.R.L. and Di Stefano v. Italy ; Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08
[8] Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08 §112
[9] Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08 § 101
[10] Centro Europa 7 S.R.L. and Di Stefano v. Italy; Bowman v. the United Kingdom, Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08 § 111
[11] Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08 § 123
[12] Animal Defenders International v. the United Kingdom [GC] - 48876/08