წვდომის მენიუ

შპს „მობიტელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 404 / 24

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 21, 2017 18:03

მიღების თარიღი ივნისი 15, 2017

შპს „მობიტელისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მობიტელმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №7/3858-17, 16/05/2017,)   მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში შპს „მობიტელი“ ითხოვს მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის 147 122 სააბონენტო ნომერს იმ ნუმერაციის რესურსიდან,  რომელსაც იგი მართლზომიერად ფლობდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N102 ლიცენზიის მოქმედების ვადაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, პირები, რომლებზეც 2012 წლის პირველ თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების შესაბამისი ვადის განმავლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას 579 ინდექსზე №N102 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2017 წლის 29 ივნისამდე) 147 122 სააბონენტო ნომერს.

  კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „მობიტელი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

GSM

LTE;

B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

ტექსტური შეტყობინების მომსახურება.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

სხვა;

B.F.3 მონაცემთა გადაცემა:

მონაცემთა გადაცემა;

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

როუმინგული კავშირით  მომსახურება

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);

მოძრავი ინტერნეტ მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირებს, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, უფლება აქვთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართონ კომისიას მათ სარგებლობაში არსებულ ნუმერაციის რესურსზე ნებართვის გაცემის მოთხოვნით.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ.ა) ქვეპუნქტებისა და მე-8 მუხლის ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ნებართვა გაიცემა არაგეოგრაფიულ ნომრებზე. არაგეოგრაფიული ნომრების გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე  მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს 1- სააბონენტო ნომერზე;

კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა  შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა  კომისიის  2012 წლის 21  თებერვლის  №2  დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს „მობიტელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 14,712.20 ლარის (0,10 ლარი 1- სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი. შპს „მობიტელის“ მიერ დაცულია აგრეთვე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა სანებართვო განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-21 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 14 დღით ადრე უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება, ხოლო მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან/და მომსახურებაზე ავტორიზებულმა პირმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და ამ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.  მიეცეს შპს „მობიტელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N374 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 5-7-9 (ხუთი-შვიდი-ცხრა) სულ 147 122 (ას ორმოცდაშვიდი ათას ას ოცდაორი) დანართი №1-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილო­ბების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;

ბ)  გეოგრაფიული ზონა: საქართველო;                                             

გ)  ნებართვის მოქმედების ვადა: 2017 წლის 29 ივნისიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;

2.  ეცნობოს შპს „მობიტელს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე (2018 წლის 29 ივნისამდე) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;

3. გადაწყვეტილების დანართი №1 (CD-1 ცალი თან ერთვის) ცნობილი იქნას გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა და სანებართვო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მობიტელისთვის“ გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „მობიტელისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                       კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები