წვდომის მენიუ

შპს „ახალი ქსელების“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 414 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2017 18:09

მიღების თარიღი ივნისი 15, 2017

შპს „ახალი ქსელების“  განცხადების განხილვის  მიზნით  დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ 

I.          აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ახალმა ქსელებმა“ (№შ-6/3691-17; 08.05.2017) და მოითხოვა სს „გლობალ ერთთან“, შპს „კავკასუს ონლაინთან“, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-თან, შპს „მაიფონთან“, შპს „ნიუ ვიჟენთან“, შპს „სითი ტელეკომთან“, შპს „ჯეონეთთან“ და შპს „ლაგთან“ საერთაშორისო ზარების ტერმინაციის ნაწილში შპს „ახალი ქსელების“ მიერ ურთიერთჩართვის მომსახურების შეჩერების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

შპს „ახალი ქსელების“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნულ ავტორიზებულ პირებს შპს „ახალი ქსელების“ მიმართ ერიცხებათ ჯამში 338,273.43 ლარის ოდენობის  დავალიანება, კერძოდ: სს „გლობალ ერთს“ - 215,639.67 ლარი; შპს „კავკასუს ონლაინს“ - 43,926.70 ლარი; შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს - 17,884.17 ლარი; შპს „მაიფონს“ - 5,313.79 ლარი; შპს „ნიუ ვიჟენს“ - 39,059.40 ლარი; შპს „სითი ტელეკომპს“- 4,360.81 ლარი; შპს „ჯეონეთს“- 7,422.68 ლარი და შპს „ლაგს“- 4,666.21 ლარი.

მოთხოვნა:

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, მიეცეს შპს „ახალ ქსელებს“ თანხმობა განცხადებაში მითითებულ ავტორიზებულ პირებს შეუჩერდეთ საერთაშორისო ზარის ტერმინიაცია დროებით, დარიცხული დავალიანებების და საგარანტიო თანხების ჩარიცხვამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2017 წლის 18 მაისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით  ეცნობათ  შპს „ახალ ქსელებს“ (N03/1486-17, 15.05.17); სს „გლობალ ერთს“ (N03/1484, 15.05.17); შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს (N03/1497-17, 16.05.17); შპს „ლაგს“ (N03/1483-17, 15.05.17); შპს „სითი ტელეკომს“ (N03/1482-17, 15.05.17); შპს „ჯეონეთს“ (N03/1481-17, 15.05.17); შპს „მაიფონს“ (N03/1479-17, 15.05.17) და შპს „ნიუ ვიჟენს“ (N03/1478-17, 15.05.17). კომპანიებს, ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვის უფლება. აღნიშნული შეტყობინებით შპს „ახალ ქსელებს“ მოეთხოვა კომისიის 2017 წლის 18 მაისის სხდომამდე კომისიაში წარმოედგინა 2017 წლის 8 მაისის N6/3691-17 განცხადებასთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, მათ შორის განცხადებაში მითითებული ავტორიზებულ პირებთან დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებების ასლები, საბილინგო მონაცემები, საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებით დარიცხვების თაობაზე ინფორმაცია (წუთების რაოდენობისა და დარიცხული თანხის მითითებით), ხოლო დანარჩენ ავტორიზებულ პირებს მოეთხოვათ მოსამზადებელ სხდომამდე კომისიაში წარმოედგინათ წერილობითი შეპასუხებები და შპს „ახალი ქსელების“ განცხადებასთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები.

2017 წლის 18 მაისს კომისიაში შემოვიდა შპს „ახალი ქსელების“ შუამდგომლობა  მოსამზადებელი სხდომის  გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის:N6/3896-17, 18.05.2017). აღნიშნული შუამდგომლობა კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და მოსამზადებელი სხდომა  გადატანილ იქნა 2017 წლის 1 ივნისს  15:00 საათზე, რის  თაობაზე კომპანიის წარმომადგენლები გაფრთხილდნენ კანონის შესაბამისად.

კომისიის 2017 წლის 1 ივნისის მოსამზადებელი სხდომა მხარეების მოთხოვნის საფუძვლით გადატანილ იქნა 15 ივნისს  15:00 საათზე, ამასთან, შპს „ახალ ქსელებს“,  სს „გლობალ ერთს“, შპს „კავკასუს ონლაინს“, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-ს, შპს „მაიფონს“, შპს „ნიუ ვიჟენს“, შპს „სითი ტელეკომს“, შპს „ჯეონეთს“ და შპს „ლაგს“  დაევალათ  შედარების აქტების კომისიაში წარმოდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 12 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „ახალი ქსლების“ შუამდგომლობა (კომისიაში რეგისტრაციის: N6/4429-17, 12.06.17), რომლითაც კომპანიამ უარი განაცხადა 2017 წლის 8 მაისის საჩივარზე (№შ-6/3691-17; 08.05.2017) და მოთხოვა დავის განხილვის შეწყვეტა.

I I. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;
  5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები;
  6. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისის მიაჩნია, რომ  ვინაიდან შპს „ახალმა ქსელებმა“   უარი განაცხადა თავის განცხადებაზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

III.       სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის,  36-ე მუხლის, 38-ე მუხლის, 42-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „ახალი ქსელების“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ,,ახალი ქსელებისთვის“, სს „გლობალ ერთისთვის“, შპს „კავკასუს ონლაინისთვის“, შპს „ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს“-სთვის, შპს „მაიფონისთვის“, შპს „ნიუ ვიჟენისთვის“, შპს „სითი ტელეკომისთვის“, შპს „ჯეონეთისთვის“ და შპს „ლაგისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

 5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).

კომისიის თავმჯდომარე                                          კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                         ვახტანგ  აბაშიძე

კომისიის წევრი                                                         ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                         გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები