წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნომერი: 416 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 30, 2017 16:38

მიღების თარიღი ივნისი 15, 2017

შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

I.საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯეოსელმა“  (№შ-6/4232-17; 02.06.2017) და მოითხოვა შპს „ალფაკომთან“ 2016 წლის ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ურთიერთჩართვის შეჩერებაზე კომისიის თანხმობა. შპს „ჯეოსელის“ განმარტებით, შპს „ალფაკომს“ ერიცხება დავალიანება შპს „ჯეოსელის“ მიმართ.

კომისია აღნიშნავს, რომ დავის განხილვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სხდომა გაიმართა 2017 წლის 15 ივნისს. მოსამზადებელი სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით  ეცნობათ  შპს „ჯეოსელს“ და შპს „ალფაკომს“. კომპანიებს, ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2017 წლის 15 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ.გიორგაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „ალფაკომმა“ დაფარა შპს „ჯეოსელის“ მიმართ არსებული დავალიანება, შესაბამისად, შპს „ჯეოსელმა“ უარი განაცხადა შპს „ალფაკომის“ მიმართ მოთხოვნაზე და მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა. კომისიის 2017 წლის 15 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „ალფაკომის“ წარმომადგენელი.

II.წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისის მიაჩნია, რომ  ვინაიდან შპს „ჯეოსელმა“ უარი განაცხადა საკუთარ განცხადებაზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესბამისად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

III.სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის, 36-ე მუხლის, 38-ე მუხლის, 42-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისა“ და შპს „ალფაკომისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).

კომისიის თავმჯდომარე                               კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                          ვახტანგ  აბაშიძე

კომისიის წევრი                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                              გიორგი ფრუიძე

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები