შპს „გეთ სქაისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2017 17:34
მიღების თარიღი ივნისი 22, 2017
შპს „გეთ სქაისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
I. აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/4358-17; 08.06.2017) ირკვევა, რომ შპს „გეთ სქაისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2017 წლის 11 მაისის N342/18 გადაწყვეტილების (ჩაბარების თარიღი: 22.05.2017) მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება კომპანიას არ შეუსრულებია. კერძოდ, შპს „გეთ სქაის“ 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოედგინა 2015 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და მათ შესაბამისად უნდა გადაეხადა რეგულირების საფასური, რაც კომპანიის მიერ 2017 წლის 8 ივნისის მგომარეობით არ არის შესრულებული.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, მისი სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/4480-17;14.06.2017) პასუხად, კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათით (Nშ-10/4498-17;14.06.17) ეცნობა, რომ 2017 წლის 14 ივნისის მდგომარეობით შპს „გეთ სქაის“ კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მიხედვით წარმოსადგენი აქვს 2016 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები), 2017 წლის თებერვლიდან ფორმა 1.9 (რეგულირების გაანგარიშება) და 2017 წლის ფორმა 4.12 (ფიქსირებული ინტერნეტის ტრაფიკი) და ფორმა 10.4 (WIFI მიმღებ/გადამცემების მონაცემები). სამსახურებრივ ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ 2017 წლის მარტის და აპრილის ფორმა 1.1-ში (შემოსავლები) კომპანის წარმოდგენილი აქვს ნულოვანი მონაცემები.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/4358-17; 08.06.2017) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/4498-17;14.06.17) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2017 წლის 15 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გეთ სქაისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 22 ივნისს, რის თაობაზეც შპს „გეთ სქაის“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/1908-17; 15.06.2017) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება (N03/1908-17; 15.06.2017) შპს „გეთ სქაის“ ჩაბარდა 2017 წლის 17 ივნისს.
კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/4682-17;21.06.2017) ირკვევა, რომ შპს „გეთ სქაიმ“ დაგვიანებით განახორციელა შესაბამისი ქმედებები და სრულად წარმოადგინა ელექტრონულად სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.
კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/4716-17; 22.06.2017) ირკვევა, რომ 2017 წლის 22 ივნისის მდგომარეობით, შპს „გეთ სქაიმ“ 2017 წლის 21 ივნისს (Nშ-6/4671-17; 21.06.2017) კომისიაში წარმოადგინა 2015 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები და წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური - 0,74 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 22 ივნისის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „გეთ სქაის“ წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (N03/1908-17; 15.06.2017) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2017 წლის 17 ივნისს (გზავნილის კოდი: AP01002799794; გაგზავნის თარიღი: 15.06.2017; ჩაიბარა: ა. რევაზაშვილმა). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „გეთ სქაის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.
II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/4358-17; 08.06.2017);
- კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/4498-17;14.06.17);
- კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/4682-17;21.06.2017);
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/4716-17; 22.06.2017);
- შპს „გეთ სქაისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2017 წლის 11 მაისის N342/18 გადაწყვეტილება;
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „გეთ სქაის“ შესახებ მონაცემები;
- კომისიის შეტყობინება ((N03/1908-17; 15.06.2017) და ამ შეტყობინების შპს „გეთ სქაისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- შპს „გეთ სქაი“ 2014 წლის 6 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება);
- შპს „გეთ სქაი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- შპს „გეთ სქაისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2017 წლის 11 მაისის N342/18 გადაწყვეტილებით კომპანიას მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო, ამასთან კომპანიას დაევალა 10 სამუშაო ვადაში 2015 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა და მათ შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდა, ასევე, 10 სამუშაო დღის ვადაში სტატისტიკური ანგარიშგების შესაბამისი ფორმების, კერძოდ: 2016 წლის ფორმა N1.2 (თანამშრომლები), 2016 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეების, ასევე, 2017 წლის მარტის თვის რომა N4.1 (მონაცემთა გადაცემა/ინტერნეტი); 2016 წლის მეოთხე და 2017 წლის პირველი კვარტალის ფორმა N4.2 (აბონენტები); 2017 წლის მარტის თვის ფორმა N5.4 (საბითუმო ინტერნეტის შესყიდვა/გაყიდვა); 2017 წლის თებერვლის და მარტის თვის ფორმა N1.9 (რეგულირების გაანგარიშება); 2017 წლის ფორმა N4.12 (ფიქსირებული ინტერნეტის ტრაფიკი) და ფორმა N10.4 (WIFI მიმღებ/გადამცემების მონაცემები) შევსება და კომისიაში წარმოდგენა;
- კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების შესაბამისად, შპს „გეთ სქაის“ წარმოსადგენი ჰქონდა 2015 წლის ივნისის თვიდან 2017 წლის აპრილის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და მათ შესაბამისად უნდა გადაეხადა რეგულირების საფასური, ასევე, წარმოსადგენი ჰქონდა 2016 წლის ფორმა 1.2 (თანამშრომლები), 2017 წლის თებერვლიდან ფორმა 1.9 (რეგულირების გაანგარიშება) და 2017 წლის ფორმა 4.12 (ფიქსირებული ინტერნეტის ტრაფიკი) და ფორმა 10.4 (WIFI მიმღებ/გადამცემების მონაცემები);
- ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „გეთ სქაის“ სრულად აქვს წარმოდგენილი, როგორც სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონული ფორმები, ასევე რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, შპს „გეთ სქაის“ ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური - 0,74 ლარი;
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
- „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
- „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება და გადაწყვიტა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველოა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
კომისიას მიაჩნია, რომ შპს „გეთ სქაის“ მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „გეთ სქაის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „გეთ სქაი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „გეთ სქაისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
- შეწყდეს შპს „გეთ სქაისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გეთ სქაისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
- გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „გეთ სქაისთვის“ ჩაბარების დღიდან;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „გეთ სქაისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
