რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2017 11:48
მიღების თარიღი ივნისი 22, 2017
რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიამ” (კომისიაში რეგისტრაციის №7/4432-17, 12.06.17) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანის მფლობელებმა და მენეჯმენტმა დაიწყო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი, რის თაობაზეც განცხადება დარეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია არ ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქმიანობას და არ იყენებს ლიცენზიით მინიჭებულ უფლებებს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიას კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3448.5მჰც¸ 3469.5მჰც; 3548.5მჰც¸ 3569.5მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 17 დეკემბრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: 2007 წლის 17 დეკემბრიდან 1(ერთი) წელი;
დ) 2007 წლის 17 დეკემბრიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:
რეგიონი 1: ქ.თბილისი;
რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;
რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;
რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;
რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;
რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები;
რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;
რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის რაიონები;
რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;
რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები;
რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის რაიონები,;
რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 20 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
