საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2017 18:28
მიღების თარიღი ივნისი 22, 2017
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივრის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოვიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარი (№შ-6/4637-17; 20.06.2017), საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 28 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით საკონსტიტუციო სასამართლო მასპინძლობს ევროპის საკონსტოტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით მოამზადა ვიდეორგოლი და სამაუწყებლო ბადეში განსათავსებლად მიმართა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს“, შპს „იბერია ტვ“-ს შპს „ტელეიმედს“, შპს „ტელეკომპანია კავკასიას“, შპს „მაესტროს“, შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს, შპს „პალიტრა TV”-ს, შპს „ტელეკომპანია პირველს“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს.
საჩივრის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის 15 ივნისის წერილითა და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 7 ივნისის წერილით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეცნობა, რომ აღნიშნული ვიდეორგოლი ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის თანახმად არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას და უარი ეთქვა ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებაზე. ამავე საჩივარში აღნიშნულია, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ“ და სხვა მაუწყებლებმა თანხმობა განაცხადეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მომზადებული სოციალური რეკლამის განთავსებაზე.
საჩივარში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე კრიტიკულად დაბალია. ქართული მართლმსაჯულებისა და მისი განვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება წარმოადგენს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მომზადებული ვიდეორგოლით ხდება საზოგადოების ინფორმირება ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, როგორიც არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო აღიარება. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ბათუმში იმართება ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, როგორიც არის ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი წარმოადგენს საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოების გაერთიანებას, რომლის წევრიც არის ევროპის ორმოცზე მეტი ქვეყანა.
საჩივრის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო 2012 წელს არჩეულ იქნა კონგრესის თავმჯდომარე წევრად. შესაბამისად, ხსენებული კონგრესის ყველა მაღალი რანგის ღონისძიება 2014-2017 წლებში იმართება ქ. ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მომზადებული ვიდერგოლი ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობასთან და ამ პროცესში ევროპული სტანდარტების გაზიარების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, არ არსებობს სოციალური რეკლამის სტატუსის გამომრიცხველი რომელიმე საკანონმდებლო კრიტერიუმი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ წარმოადგენს კომერციულ და წინასაარჩევნო რეკლამას, ამასთანავე, არ შეიცავს რაიმე მომსახურების რეკლამას.
მოთხოვნა:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ „მაუწყებლობის შსახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტის შესწავლა და აღნიშნული მაუწყებლებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 7 ივნისს კორესპონდენციით წარდგენილი სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების დავალება;
2. ვიდეორგოლში მითითებული ღონისძიების 2017 წლის 28 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით გამართვის გამო საჩივრის მაქსიმალურად უმოკლე ვადაში განხილვა.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 22 ივნისს, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოამდგენელი ლ. მაისურაძე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმოამდგენელი დ. ბერძენიშვილი და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი თ. მურადაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელმა დაადასტურა სასამართლოს საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მოთხოვნები და მათი სამართლებრივი საფუძვლები. მან დამატებით აღნიშნა, რომ 2012 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. საკონსტიტუციო სასამართლო ქ. ვენაში არჩეულ იქნა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარე სასამართლოდ. მიმდინარე წლის 28 ივნისიდან პირველ ივლისამდე გაიმართება ამ კონგრესის დასკვნითი საბოლოო კონფერენცია. ამ კონფერენციის შესახებ სასამართლოს მიერ მომზადდა ვიდეო რგოლი, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია ამ ღონისძიების შესახებ, ასევე იმის შესახებ, რომ ეს ღონისძიება იყო საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ინსტიტუციის საერთაშორისო აღიარება. ამ ვიდეო რგოლში მითითებულია, რომ 40-ზე მეტი ქვეყანა გამოხატავს ნდობას და აღიარებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსას და იმ ფაქტზე, რომ საქართველო არის ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, რომელიც თავმჯდომარეობს ევროპის საკონსტიუტუციო სასამართლოების კონგრესს. მან ასევე განმარტა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მომზადებული ვიდეო რგოლი ემსახურება ისეთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეების ხელშეწყობას, როგორიცაა სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარება ქვეყანაში, კონსტიტუციური კონტროლის, სამართლიანი სასამართლოს ხელშეწყობას, საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო აღიარებაზე მითითება განამტკიცებს საზოგადოებაში მის ავტორიტეტს და ნდობას, რაც წარმოადგენს იმის წინაპირობას, რომ ქვეყანაში საკონსტიტუციო მართლმსაჯულება იყოს ეფექტური და ამ ინსტიტუციისადმი ნდობა ქმნის მყარ ფუნდამენტურ საფუძველს, რომ მოქალაქეებს ექნებათ განცდა, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური კონტროლი ხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული ავტორიტეტული კონსტიტუციური ორგანოს მიერ.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელმა თ. მურადაშვილმა აღნიშნა, რომ აღნიშნული რეკლამა არ წარმოადგენს სოციალურ რეკლამას. ის ვერ ასახავს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ცნობიერების ამაღლებას. ღინისძიება, სადაც ჩამოდიან სტუმრები და მსჯელობენ სხვადასხვა თემებზე ვერ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხი, რომელსაც მაუწყებელმა უნდა დათმოს დრო სოციალური რეკლამის განსათავსებლად. მაუწყებელი სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო გამოშვებებში აშუქებს ასეთ საკითხებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენა ყურადღების მიღმა არ რჩება. მისი აზრით, წარმოდგენილი რგოლით ხდება კონკრეტული ადმინისტრაციული ინსტიტუტის და მოხელის რეკლამა.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის დ. ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვიდეორგოლი არის კონკრეტული ღონისძიების ანონსი. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა მოკლე ფრაზით მინიშნებული, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში განიხილება ესა თუ ის საკითხები და რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მართლმსაჯულების სფეროში წინსვლა ხდება, მათი მხრიდან შეიძლებოდა მსჯელობა ვიდეორგოლი მიეჩნიათ სოციალურ რეკლამად. მან ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ ვიდეორგოლში არის მშრალი ანონსი, რომელიც შედგება სამი ნაწილისგან (ბათუმი უმასპინძლებს კონგრესს, 40 ქვეყნის 200-მდე სტუმარი ეწვევა ქვეყანას და საქართველო არის არჩეული თავმჯდომარედ) და ვიდეორგოლი არაფერს ამბობს სოციალური რეკლამის კუთხით. დ. ბერძენიშვილის განცხადებით, მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს 2012 წელს აირჩა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარე სასამართლოდ, სასამართლოს საერთაშორისო აღიარება უკვე მოხდა, გარკვეული ღონისძიებებიც გაიმართა და ეს არის დასკვნითი ეტაპი. მისი განცხადებით, ეს ვიდეორგოლი არ ამბობს იმაზე მეტს რაც უკვე საზოგადოებამ ინფორმაციის სახით მიიღო ამასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ არის კონკრეტული ღონისძიება და იმართება მისი დასკვნითი ეტაპი. თუ ამ ვიდეო რგოლს სოციალურ რეკლამას მიიჩნევენ, გამოდის, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც ხელისუფლების რომელიმე ორგანო დაგეგმავს და მოახდენს მის რეალიზებას, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ უნდა დახარჯოს თავისი რესურსი და განათავსოს ისინი ეთერით. სოციალური რეკლამის ნიღბის ქვეშ შეიძლება ნებისმიერი დაანონსებული ღონისძიება განათავსო, როგორც სოციალური კლიპი, რაც მათი აზრით არ არის სწორი.
II. კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარი (№შ-6/4637-17; 20.06.2017) თანდართული მასალით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წერილები მაუწყებლებს; სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის 15 ივნისის წერილი; შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის 2017 წლის 7 ივნისის წერილი; ვიდეორგოლის ამსახველი DVD);
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 22 ივნისის Nშ-10/4710-17 დასკვნა;
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2017 წლის 6 ივნისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წერილობით მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მიზნით;
მტკიცებულება: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარზე (№შ-6/4637-17; 20.06.2017) თანდართული 2017 წლის 6 ივნისის წერილები სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს;
2. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა მიიჩნიეს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ აკმაყოფილებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს და უარი უთხრეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე;
მტკიცებულება: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარზე (№შ-6/4637-17; 20.06.2017) თანდართული სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის 15 ივნისის წერილი და შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს 2017 წლის 7 ივნისის წერილი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი შინაარსის ვიდეორგოლი:
,,პირველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს 28 ივნისიდან პირველი ივლისის ჩათვლით ბათუმში უმასპინძლებს. კონგრესის ფარგლებში ბათუმს ორმოცზე მეტი ქვეყნის ორასამდე სტუმარი ეწვევა. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოუცხადეს ნდობა და საქართველო ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა მე-17 კონგრესის თავმჯდომარედ აირჩიეს.“
წინამდებარე აუდიო ტექსტი თან სდევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის, ქ. ბათუმისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის ვიდეოგამოსახულებებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ფოტოსურათებს. ვიდეორგოლში ასევე ასახულია „ევროკავშირი საქართველოსთვის“-ს, საკონსულტაციო კომპანია ,,Human Dynamics”-ს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ლოგოები.
მტკიცებულება: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარზე (№შ-6/4637-17; 20.06.2017) თანდართული DVD.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და შესწავლის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი სრულად ვერ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის თაობაზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
კომისია აღნიშნავს, რომ სოციალური რეკლამის დეფინიციიდან გამომდინარე, სოციალური რეკლამა შესაძლოა იყოს: საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ [1]; საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ მიმართული რეკლამა [2]; მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ [3]; საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა[4], რომელიც არ უნდა იყოს კომერციული ან წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნების მატარებელი, არ უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს როლი უდავოდ მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის პროცესში. ამასთანავე, კომისია იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მიერ საქართველოს - ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყნის მე-17 კონგრესის თავმჯდომარედ არჩევის ფაქტი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხია. ასევე, ეჭვს ქვეშ არ დგება ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის საქართველოში ჩატარებისა და ამ კონგრესში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობა, საქართველოს მიერ ევროპული ღირებულებების გაზიარებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასა და სამართალწარმოებასთან დაახლოების მისწრაფების გათვალისწინებით, თუმცა, წარმოდგენილი ვიდეორგოლი მკაფიოდ და სრულად არ შეიცავს მითითებას იმის შესახებ, თუ როგორ ემსახურება საქართველოს ზემოაღნიშნული კონგრესის თავმჯდომარედ არჩევისა და ამ კონგრესის საქართველოში ჩატარების შესახებ ინფორმაციის მოსახლეობისთვის მიწოდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ან/და რა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობას ემსახურება. წარმოდგენილი ვიდეორგოლი მაყურებელს/მსმენელს არ აწვდის მკაფიო გზავნილს, თუ რისთვის სჭირდება საზოგადოებას კონგრესის საქართველოში ჩატარების შესახებ ცოდნა და რა სარგებელს მიიღებს საქართველოს მოსახლეობა აღნიშნულით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაკორექტირებული ვიდეო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებული არიან საკუთარ სამაუწყებლო ბადეში აღნიშნული ვიდეო რგოლი განათავსონ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის,მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივარი;
2. დაევალოს შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაკორექტირებული ვიდეო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება;
3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ი. ხარებავა);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-5 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
