შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 06, 2017 12:31
მიღების თარიღი ივნისი 22, 2017
შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებულ დავაზე წარმოდგენილი მასალების გაცნობისა და დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის თანხმობის გარეშე საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებით, მობილური საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიის შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ, კომისიას საჩივრით მომართა შპს „სისტემ ნეტმა“ (13.06.17 შ-6/4466-17).
შპს „სისტემ ნეტის“ საჩივრის (13.06.17 Nშ-6/4466-17) თანახმად, შპს „ჯეოსელმა“ არ აღუდგინა ურთიერთჩართვა შპს „სისტემ ნეტს“, რაც დაევალა კომისიის 2017 წლის 11 მაისის N332/18 გადაწყვეტილებით. შპს „სისტემ ნეტის“ განმარტებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
შპს „სისტემ ნეტმა“ მოითხოვა შეჩერებული ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივი აღდგენა და შპს „ჯეოსელის“ სანქცირება.
შპს „სისტემ ნეტის“ საჩივართან დაკავშირებით, კომისიის მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 22 ივნისს. სხდომის გამართვის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.
კომისიის 2017 წლის 22 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელი ხ. ინჯია, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლები ლ.გიორგაძე, რომლებმაც განაცხადეს, რომ დავის განხილვისთვის დამატებითი დოკუმენტაცია წარმოსადგენი არ აქვთ.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, ხოლო 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.
ამდენად, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და დავის განხილვის დღედ უნდა განისაზღვროს 2017 წლის 29 ივნისი 15:00 საათი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვა დაინიშნოს 2017 წლის 29 ივნისს, 15:00 საათზე;
- გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;
- დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
