სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით მოქალაქეების: ხ. სამნიძის, თ. კორძაიას, ნ.გოგუაძისა და თ.კეკენაძის საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2017 16:24
მიღების თარიღი ივნისი 27, 2017
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით მოქალაქეების: ხ. სამნიძის, თ. კორძაიას, ნ.გოგუაძისა და თ.კეკენაძის საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე
I. დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (№შ-9/4585-17 19.06.2017) მიმართა მოქალაქეებმა: ხ. სამნიძემ, თ. კორძაიამ, ნ.გოგუაძემ და თ. კეკენაძემ, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით. მოქალაქეთა საჩივარში აღნიშნულია, რომ აღნიშნული რეკლამა სამაუწყებლო ბადეში სავარაუდოდ განთავსებულია სოციალური სტატუსით.
მოქალაქეთა საჩივრის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტით განსაზღვრულ დეფინიციას, რომლის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
მოქალაქეთა საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კანონთან შეუსაბამობა ვლინდება შემდეგ გარემოებებში:
1. მართალია რეკლამაში მოხსენიებული არ არის მმართველი პოლიტიკური ძალა ან ხელისუფლება, მაგრამ რეკლამა შინაარსით არის სწორედ პოლიტიკური გუნდის იდეების გაჟღერება.
2. რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთება არც საქველმოქმედო, არც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი. პირიქით, რეკლამა მიკერძოებულად და ცალმხრივად აწვდის მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ ინფორმაციას და მისი მიზანი არის საზოგადოების ქცევის შეცვლა მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების სასარგებლოდ.
3. 30 წამიან რეკლამაში საზოგადოება იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დახვეწილ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, არამედ - პარლამენტის ან კოლეგიის მიერ. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის სხვა უმნიშვნელოვანეს დამახასიათებელ კრიტერიუმზე რეკლამაში „შეგნებული დუმილია“, რითაც მაყურებელი/საზოგადოება ხდება არაკეთილსინდისიერი მოპყრობის მსხვერპლი, იგი შეყავთ შეცდომაში.
საჩივრის თანახმად, მითითებული გარემოებები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას სურს ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე მისი ინტერესების სასარგებლოდ, რადგან საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩატარებული საყოველთაო განხილვისას საზოგადოებრივი აზრი მკაფიოდ ნათლად გამოჩნდა (ანუ არ არსებობს ცალსახა კონსესუსი) პრეზიდენტის არჩევის წესზე. კერძოდ, მოქალაქეების ძალზე დიდი ნაწილი გამოხატავდა მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით. ამდენად, საზოგადოებრივ მაუწყებელში განთავსებული რეკლამის მიზანი არ არის კანონით დადგენილი მოთხოვნა „საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა“. პირიქით, აღნიშნული რეკლამა არაპირდაპირ არის პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების ქცევის ერთი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ, მისი ინტერესების შესაბამისად შეცვლას.
მოქალაქეთა საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი შინაარსის რეკლამის გავრცელებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგავს მიუკერძოებელი, პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლის სტატუსს, რითიც, ასევე, ირღვევა კანონი. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ) ქვეპუნქტითა და მე-15 მუხლით განსაზღვრულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან. ცალსახაა, რომ კლიპი გამოხატავს მხოლოდ ერთი პოლიტიკური, მმართველი გუნდის (“ქართული ოცნების”) პოზიციას და სწორხაზოვნად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას იმ ფონზე, როდესაც, ყველა პოლიტიკური პარტია, საზოგადოების დიდი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ამ სახით ცვლილებას. შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის ხელისუფლების გავლენის ქვეშ და ახდენს იმ იდეების “პროპაგანდას”, რომელიც მხოლოდ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალისთვის არის მისაღები და ამ ფაქტით დასტურდება, რომ მაუწყებელი არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან.
საჩივრის ავტორთა განმარტებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვერ მოიხმობს „მაუწყებლობის შესახებ“ 63-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ დებულებას, რომლის თანახმად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს სოციალური რეკლამის შინაარსზე…” რადგან კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის N729/18 გადაწვეტილებაში განიმარტა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებულია შეაფასოს სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 პუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონები ითვალისწინებენ სამი სახის - კომერციული, წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის არსებობას, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა:
ა) უნდა იხელმძღვანელოს „მაწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული კომერციული და წინასაარჩევნო რეკლამის განმარტებებით და გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით უნდა იმსჯელოს მასთან წარდგენილი სარეკლამო რგოლი ხომ არ წარმოადგენს კომერციულ, ან წინასაარჩევნო რეკლამას;
ბ) სარეკლამო რგოლის შეფასებისას უნდა იმსჯელოს მიმართულია თუ არა მასთან წარდგენილი სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ და ხომ არ შეიცავს აღნიშნული სარეკლამო რგოლი კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
გ) უნდა გადაამოწმოს სარეკლამო რგოლში ხომ არ არის მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.”
ამდენად, საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კომისიის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა ადასტურებს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს ეთერში განთავსებამდე მისთვის წარდგენილი სოციალური რეკლამა აკმაყოფილებს თუ არა კანონის მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ განათავსოს სოციალური რეკლამა სამაუწყებლო ბადეში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, 70-ე და 71-ე მუხლების საფუძველზე ხ.სამნიძემ, თ.კორძაიამ, ნ.გოგუაძემ და თ.კეკენაძემ მოითხოვეს:
1. მიეცეს გაფრთხილება სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“;
2. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის ეთერში განთავსება;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
მოქალაქეების: ხ.სამნიძის, თ.კორძაიას, ნ.გოგუაძის და თ.კეკენაძის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომა დაინიშნა 2017 წლის 27 ივნისს. აღნიშნულის თაობაზე ეცნობათ, როგორც საჩივრის ავტორებს, ისე სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.
სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ კომისიას წერილობით (26.0617 Nშ-6/4747-17) აცნობა, რომ სადაო რეკლამა მაუწყებლის ეთერში განთავსებულია სოციალური რეკლამის სტატუსით საქართველოს პარლამენტის დაკვეთით.
კომისიის 2017 წლის 27 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადდნენ საჩივრის ავტორები, რომელთაც წარმოადგინეს განცხადება (23.06.17 შ-9/4737-17), რომლის თანახმად მხარეებმა მოითხოვეს მათი საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის უახლოესი სხდომისთვის გადადება. კომისიის სხდომაზე ასევე არ გამოცხადდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც კომისიას წერილობით აცნობა (27.06.17 Nშ-6/4794-17), რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მოქალაქეთა საჩივართან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებსა და არგუმენტაციას წარუდგენს კომისიას აღნიშნული საჩივრის განსახილველად მიღების შემდეგ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებულ შესაბამის სხდომაზე.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქეებმა: ხ.სამნიძემ, თ.კორძაიამ, ნ.გოგუაძემ და თ.კეკენაძემ კომისიას საჩივრით მომართეს 2017 წლის 19 ივნისს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისია საჩივრის განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ღებულობს საჩივრის შეტანიდან 7 დღის ვადაში, აღნიშნული საჩივრის კომისიის მიერ წარმოებაში მიღების საკითხის განხილვა დაინიშნა საჩივრის შეტანიდან მე-6 დღეს, შესაბამისად, კომისია მოკლებულია შესაძლებლობას საკითხის განხილვა გადადოს სხვა დღისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქეები: ხ.სამნიძე, თ.კორძაია, ნ.გოგუაძე და თ.კეკენაძე სადაოდ ხდიან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში სარეკლამო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების საკითხს, რომლის განხილვა კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიამ განსახილველად უნდა მიიღოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ მოქალაქეების მოქალაქეების: ხ.სამნიძის, თ.კორძაიას, ნ.გოგუაძის და თ.კეკენაძის საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და 65-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოქალაქეების: ხ.სამნიძის, თ.კორძაიას, ნ.გოგუაძის და თ.კეკენაძის საჩივარი (№შ-9/4585-17 19.06.2017) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ კომისიის მიერ მიღებულ იქნას განსახილველად;
2. საკითხის განხილვა გაიმართოს 2017 წლის 6 ივლისს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების საჩივრის ავტორთათვის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
