წვდომის მენიუ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე

ნომერი: 437 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 03, 2017 18:30

მიღების თარიღი ივნისი 27, 2017

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე

I. დავის აღწერა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი (Nშ-6/4545-17; 16.06.2017). საჩივარში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მონიტორინგს საქართველოში. ამავე საჩივრის თანახმად, 2017 წლის 30 მაისს, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  წერილით მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და მოითხოვა მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალის სოციალური სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსება.

საჩივრის თანახმად, სსიპ ,,საზოგადოებრივმა“ მაუწყებელმა 2017 წლის 12 ივნისის წერილით უარი განუცხადა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ წარდგენილი ვიდეო მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, წარმოდგენილი აუდიო-ვიზუალური მასალა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განმარტებით, ის არ ახორციელებს მომსახურების რეკლამირებას, აღნიშნული პროექტი საზოგადოების სიკეთის მიღებისკენ არის მიმართული და საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლი განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, ვინაიდან, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არ არის მიმართული მოგების მიღებაზე და ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საჩივარში ასევე უთითებს, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი  განათავსა  შპს ,,ტელეიმედმა“, შპს „იბერია ტვ“-მ, შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“, შპს „მაესტრომ“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ, შპს „პალიტრა TV”-მ, შპს „ტელეკომპანია პირველმა“ და ა(ა)იპ ,,მედია კავშირ ობიექტივმა“.

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მოთხოვნა:

1. საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 27 ივნისს. კომისიის სხდომას ესწრებოდა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ნ. ლონდარიძე რომელმაც დაადასტურა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძვლები.

კომისიის 2017 წლის 27 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი.  სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კომისიის შეტყობინება (N03/2046-17; 22.06.2017) კომისიის სხდომის გამართვის დროის, თარიღისა და ადგილის შესახებ თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით ჩაბარდა 2017 წლის 22 ივნისს.

კომისიაში შემოვიდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის დ. ბერძენიშვილის წერილი (Nშ-6/4794-17; 27.06.2017), რომელშიც აღნიშნულია, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივართან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს და არგუმენტაციას წარმოადგენდა კომისიის მიერ საჩივრების განსახილველად მიღების შემდეგ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩატარებულ შესაბამის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლით დადგენილი წესი. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ  კომისიის 2017 წლის 27 ივნისის სხდომაზე არ განიხილება მხარეთა შორის დავა. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის წერილის თანახმად, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ თავის მოსაზრებებს განსახილველ საკითხზე წარმოადგენს კომისიის მიერ საჩივრის განსახილველად მიღების შემდეგ. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“  დაუსწრებლად განიხილოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხი, მით უფრო, რომ საჩივრის განსახილველად მიღების შემთხვევაში სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიეცემა შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები, მტკიცებულებები და შუამდგომლობები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით  ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის განმავლობაში.

II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
  2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
  3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
  4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ  ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სადაოდ ხდის ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების თაობაზე  უარის თქმის საკითხს, რომლის განხილვა კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიამ განსახილველად უნდა მიიღოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და  65-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (Nშ-6/4545-17; 16.06.2017) საჩივარი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ კომისიის მიერ მიღებულ იქნას განსახილველად;

2. საკითხის განხილვა გაიმართოს 2017 წლის 6 ივლისს, 15:00 საათზე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                  მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                          გიორგი ფრუიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები