წვდომის მენიუ

სს „გლობალ ერთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 441 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 13, 2017 16:17

მიღების თარიღი ივლისი 06, 2017

სს „გლობალ ერთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

I.   აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 15 მაისს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/3808-17; 15.05.2017) თანდართული დოკუმენტაციით, საიდანაც ირკვევა, რომ სს „გლობალ ერთმა“ 2017 წლის 13 მარტს  წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2430-17; 15.03.2017) მომართა კომისიას არსებული დავალიანების 45,332.49 ლარის 2017 წლის 1 ივნისამდე დაფარვის თაობაზე. გადახდის ბოლო თარიღისა და თანხის მითითებით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად კომპანიას უნდა გადაეხადა: 2017 წლის 31 მარტს - 5,110,83 ლარი; 2017 წლის 28 აპრილს - 10,110,83 ლარი; 2017 წლის 31 მაისს - 30, 110.83 ლარი. აღნიშნული გრაფიკის შესაბამისად, კომპანიას გადახდილი აქვს 5,110,83 ლარი 2017 წლის 3 აპრილს. ხოლო მომდევნო გადასახადი 10,110.83 ლარი (გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვადაა 2017 წლის 28 აპრილი), მიმდინარე გადასახადთან (2017 წლის მარტის თვის რეგულირების საფასური) 3,631.08 ლართან ერთად დღემდე არ არის დაფარული. 2017 წლის 14 მაისის მდგომარეობით,  კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური  საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, სს „გლობალ ერთს“ ერიცხება დავალიანება 43,852.74 ლარის ოდენობით.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (№შ-10/3808-17; 15.05.2017)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „გლობალ ერთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 15 ივნისი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება (N03/1711-17; 02.06.2017) ფოსტით გაეგზავნა სს „გლობალ ერთს“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის შეტყობინება (N03/1711-17; 02.06.2017) კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 6 ივნისს.

2017 წლის 14 ივნისს კომისიაში შემოვიდა სს „გლობალ ერთის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/4496-17; 14.06.2017), რომელშიც აღნიშნული, რომ სს „გლობალ ერთი“ მ/წ 15 ივნისის სხდომაზე ვერ უზრუნელყოფს მათი წარმომადგენლის დასწრებას მისი შვებულებაში ყოფნის გამო (წარმოდგენილია აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი - ბრძანება N90). ზემოაღნიშნული წერილით სს „გლობალ ერთმა“ კომისიას მიმართა შუამდგომლობით საკითხის განხილვის გადადების თაოაბაზე 10 დღის ვადით.

 კომისიის 2017 წლის 15 ივნისის სხდომაზე განხილულ იქნს სს „გლობალ ერთის“ 2017 წლის 14 ივნისის შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და სს „გლობალ ერთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 29 ივნისს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე სს „გლობალ ერთს“ ეცნობა შეტყობინებით (03/1912-17;16.06.2017), რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 19 ივნისს.

კომისიის 2017 წლის 29 ივნისის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის 2017 წლის 3 ივლისის  სხდომაზე, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 6 ივლისი, 15:00 საათი, რის  შესახებაც  შეტყობინებით (N03/2309-17; 03.07.2017) ეცნობა სს „გლობალ ერთს“, რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 4 ივლისს.

2017 წლის 5 ივლისს კომისიაში შემოვიდა სს „გლობალ ერთის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N-6/5036-17; 5.07.2017) თანდართული დოკუმენტით (გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - საგადასახადო დავალება 1745), რომელშიც აღნიშნულია, რომ სს „გლობალ ერთის“ მიერ სრულად არის დაფარული რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანება 46253,18 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 40 221,66 ლარი არის 2017 წლის 13 მარტს წარმოდგენილი გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, 3631,08 ლარი - 2017 წლის მარტის თვის რეგულირების საფასური და 2400,44 ლარი 2017 წლის მაისის თვის რეგულირების საფასური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია ითხოვს სს „გლობალ ერთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.

კომისიის აპარატის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (შ-10/5031-17; 5.07.2017) თანახმად, სს „გლობალ ერთს“ კომისიაში წარმოდგენილი აქვს 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, ასევე სს „გლობალ ერთმა“ მთლიანად ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის დავალიანება, 2017 წლის მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების ჩათვლით - 46253,18 ლარი და კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „გლობალ ერთის“ წარმომადგენელი რუსუდან გოგინავა.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (№შ-10/3808-17; 15.05.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. სს „გლობალ ერთის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/4496-17; 14.06.2017);
  3. სს „გლობალ ერთის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N-6/5036-17; 5.07.2017) თანდართული დოკუმენტით (გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - საგადასახადო დავალება 1745);
  4. კომისიის აპარატის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/5031-17; 5.07.2017);
  5.  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის დადგენილება N12;
  6. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან სს „გლობალ ერთის“ შესახებ.

III.         კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. სს „გლობალ ერთი“ 2010 წლის 11 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება; ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;  საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება; კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi; სხვა);
  2. სს „გლობალ ერთი“, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  3. სს „გლობალ ერთმა“ 2017 წლის 13 მარტს წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2430-17; 15.03.2017)  მომართა კომისიას არსებული დავალიანების - 45,332.49 ლარის  2017 წლის 1 ივნისამდე დაფარვის თაობაზე. გადახდის ბოლო თარიღისა და თანხის მითითებით წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად კომპანიას უნდა გადაეხადა: 2017 წლის 31 მარტს - 5,110,83 ლარი; 2017 წლის 28 აპრილს - 10,110,83 ლარი; 2017 წლის 31 მაისს - 30, 110.83 ლარი. კომპანიას გადახდილი აქვს 5,110,83 ლარი 2017 წლის 3 აპრილს. ხოლო მომდევნო გადასახადი 10,110.83 ლარი (გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვადაა 2017 წლის 28 აპრილი), მიმდინარე გადასახადთან (2017 წლის მარტის თვის რეგულირების საფასური) 3,631.08 ლართან  და გრაფიკით განსაზღვრულ (2017 წლის 31 მაისის გადასახადი) 30, 110.83 ლართან ერთად არ იყო დაფარული;
  4.  2017 წლის 5 ივლისის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის სს „გლობალ ერთმა“ მთლიანად ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის დავალიანება, 2017 წლის მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების ჩათვლით - 46253,18 ლარი და კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება.
  5. სს „გლობალ ერთის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
  3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური; ამავე დადგენილების მე-8 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადების დარღვევისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
  5. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

კომისიას მიაჩნია, რომ სს „გლობალ ერთის“ მიერ რეგულირების საფასურის გადახდასთან  დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  სს „გლობალ ერთის“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია  ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე,  კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს სს „გლობალ ერთი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და  შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება სს „გლობალ ერთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

V.   სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის,  „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს სს „გლობალ ერთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „გლობალ ერთისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს „გლობალ ერთისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „გლობალ ერთისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავას).

კომისიის თავმჯდომარე                                              კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები