წვდომის მენიუ

შპს „სამნეტ (samnet)“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყვებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 442 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2017 15:32

მიღების თარიღი ივლისი 06, 2017

შპსსამნეტ (samnet)“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყვებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

 I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/4208-17; 01.06.2017) ირკვევა, რომ შპს  „სამნეტ (samnet)“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2017 წლის 6 აპრილის N236/18 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება კომპანიას არ შეუსრულებია. ასევე, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ  შპს  „სამნეტ (samnet)“-მა კომისიაში წარმოადგინა 2017 წლის თებერვალი, მარტი და აპრილის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა), ხოლო 2013 წლის თებერვლის თვის, 2014 წლის აპრილის თვის და 2014 წლის ივნისის თვის შემდეგ 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმების წარმოუდგენლობის გამო დავალიანება ვერ დგინდება. კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური - 1,728.37 ლარი.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/4208-17; 01.06.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2017 წლის 15 ივნისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამნეტ (samnet)“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის  22 ივნისს, რის თაობაზეც შპს  „სამნეტ (samnet)“-ს ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N03/1906-17; 15.06.2017) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება (N03/1906-17; 15.06.2017)  შპს  „სამნეტ (samnet)“-ს არ  ჩაბარდა (გზავნილის კოდი AP01002799805; გაგზავნის თარიღი:15.06.2017; კურიერის ვიზიტის თარიღი: 16.06.2017; სტატუსი: დაბრუნებულია). შესაბამისად, 2017 წლის 19 ივნისს კომისიის შეტყობინება (N03/1906-17; 15.06.2017)  გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://gncc.ge/ge/news/shetyobinebebi/shetyobineba-shps-samnet-samnet-s1.page ).

2017 წლის 21 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „სამნეტ (samnet)“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4680-17; 21.06.2017) თანდართული დოკუმენტაციით (2013 წლის თებერვლის თვის, 2014 წლის აპრილის თვის და 2014 წლის ივნისის თვის შემდეგ 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმები), რომელშიც აღნიშნბულია, რომ რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები კომპანიის მიერ გამოგზავნილი იყო დროულად, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო კომისიას არ მიუღია გზავნილი. შესაბამისად, უწევთ ხელმეორედ წარმოდგენა აღნიშნული ფორმების, რომლებიც კომპანიის კანცელარიიდან აქვს ამოღებული. ამასთან, კომპანია ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და შპს „სამნეტ (samnet)“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის Nშ-10/4715-17 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „სამნეტ (samnet)“-მა 2017 წლის 21 ივნისს კომისიაში წარმოადგინა 2013 წლის თებერვლის თვის, 2014 წლის აპრილის თვის და 2014 წლის ივნისის თვის შემდეგ 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას გააჩნია რეგულირების საფასურის დავალიანება -737,94 ლარი.

2017 წლის 22 ივნისს კომისიაში შემოვიდა შპს „სამნეტ (samnet)“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციი Nშ-6/4717-17;22.06.2017), რომელშიც აღნიშნულია, რომ კომპანიამ სრულად წარმოადგინა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, ხოლო გაანგარიშებების წარმოდგენის შემდგომ გამოვლინდა, რომ კომპანიას ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება. დავალიანების დასაფარად კომპანიას სჭირდება 2 კვირიანი ვადა (მ/წ 5 ივლისის კომპანიას ერიცხება მომსახურების თანხა შესრულებული სამუშაოს ღირებულების სახით), რისთვისაც ითხოვს შპს „სამნეტ (samnet)“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაოაბზე საკითხის განხისლვის გადადებას 2017 წლის 6 ივლისამდე.

კომისიის 2017 წლის 22 ივნისის სხდომაზე  შპს „სამნეტ (samnet)“-ის წარმომადგენელი არ გამოცხადდა.  

კომისიის 2017 წლის 22 ივნისის სხდომაზე განხილულ იქნა შპს „სამნეტ (samnet)“-ის 2017 წლის 22 ივნისის წერილობითი შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაოაბზე, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა და შპს „სამნეტ (samnet)“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2017 წლის 6 ივლისს, 15:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე შპს „სამნეტ (samnet)“-ს ეცნობა შეტყობინებით (03/2054-17;23.06.2017), რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 28 ივნისს.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/5032-17; 05.07.2017) დამატებით ირკვევა, რომ  2017 წლის 5 ივლისის მდგომარეობით შპს „სამნეტ (samnet)“-ს 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, ასევე შპს „სამნეტ (samnet)“-მა სრულად ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის დავალიანება 2017 წლის მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების ჩათვლით - 740 ლარი და კომისიაში  წარმოდგენილი  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური - 2,06 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „სამნეტ (samnet)“-ის წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (03/2054-17;23.06.2017) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2017 წლის 28 ივნისს (გზავნილის კოდი: AP01002981355; გაგზავნის თარიღი: 23.06.2017; ჩაიბარა: ა. მიქაძემ). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „სამნეტ (samnet)“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/4208-17; 01.06.2017);
  2. შპს „სამნეტ (samnet)“-ის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4680-17;21.06.2017);
  3. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (N10/4715-17; 22.06.2017);
  4. შპს „სამნეტ (samnet)“-ის განცხადება საკითხის  განხილვის გადადების თაობაზე (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/4717-17;22.06.2017);
  5. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  სამსახურებრივი ბარათი (Nშ-10/5032-17; 5.07.2017);
  6. შპს  „სამნეტ (samnet)“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2017 წლის 6 აპრილის N236/18 გადაწყვეტილება;
  7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სამნეტ (samnet)“  შესახებ მონაცემები;
  8. კომისიის შეტყობინება (03/2054-17;23.06.2017) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

III.  დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

  1. შპს „სამნეტ (samnet)“  არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 01.06.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: WiFi );
  2. შპს  „სამნეტ (samnet)“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2017 წლის 6 აპრილის N236/18 გადაწყვეტილებით შპს  „სამნეტ (samnet)“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო და დარღვევის აღმოფხვრის მიზნით დაევალა შესაბამისი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოდგენა, რაც კომპანიის მიერ არ იყო განხორციელებული;
  3. 2017 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით შპს  „სამნეტ (samnet)-ს კომისიაში წარმოსადგენი ჰქონდა  2013 წლის თებერვლის თვის, 2014 წლის აპრილის თვის და 2014 წლის ივნისის თვის შემდეგ 2017 წლის იანვრის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმები. ამასთან, კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურიის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას ზედმეტად ერიცხებოდა რეგულირების საფასური - 1,728.37 ლარი;
  4. 2017 წლის 21 ივნისის მდგომარეობით შპს „სამნეტ (samnet)-მა კომისიაში წარმოადგინა 2013 წლის თებერვლის თვის, 2014 წლის აპრილის თვის და 2014 წლის ივნისის თვის შემდეგ 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას გააჩნდა რეგულირების საფასურის დავალიანება - 737,94 ლარის ოდენობით;
  5. 2017 წლის 5 ივლისის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღბის მომენტისათვის შპს „სამნეტ (samnet)“-ს 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, ასევე შპს „სამნეტ (samnet)“-მა სრულად ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასურის დავალიანება, 2017 წლის მაისის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების ჩათვლით - 740 ლარი და კომისიაში  წარმოდგენილი  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად, კომპანიას ზედმეტად ერიცხება რეგულირების საფასური - 2,06 ლარი.

IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
  5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური (2017 წლის პირველ მარტამდე მოქმედი რედაქცია);
  6. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
  8. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება წყდება.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სამნეტ (samnet)“-ის მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენასთან და რეგულირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით ვადების დარღვევა სახეზეა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა)  ნებაყოფლობით, კერძოდ,  შპს „სამნეტ (samnet)“-ის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია  ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე,  კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია დარღვევის აღმოფხვრის ფაქტის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს შპს „სამნეტ (samnet)“-ი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და  შეწყვიტოს დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამნეტ (samnet)“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,   მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე, 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს შპს „სამნეტ (samnet)“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების შპს „სამნეტ (samnet)“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  3. გადაწყვეტილება ძალაში შედის შპს „სამნეტ (samnet)“-ისათვის   ჩაბარების დღიდან;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                               კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                              მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები