შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2017 12:14
მიღების თარიღი ივლისი 06, 2017
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 5 ივნისს (წერილი N16/1731-17) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისგან“ გამოთხოვილ იქნა იმ თანამგზავრთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომლის მეშვეობითაც კომპანია ახორციელებს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით ტელემაუწყებლობას. 2017 წლის 19 ივნისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/4571–17) მიმართა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ ღია სააქციო საზოგადოება „აზერკოსმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების, კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით. კომისიამ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიმართა წერილით (N16/2038-17 – 22.06.2017) და მოსთხოვა დაზუსტება, წარმოდგენილი ინფორმაციის კონკრეტულად რა ნაწილის ცნობას ითხოვდა კომერციულ საიდუმლოებად. 2017 წლის 27 ივნისს კომისიაში შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისგან“ შემოვიდა საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/4814-17), რომლითაც შპს „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ განმარტა, რომ მათი მოთხოვნა ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილებს, სადაც დაფიქსირებულია მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები, მათ შორის ხელშეკრულების მე-3 მუხლს სრულად და ხელშეკრულების დანართი N2.
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ თავის წერილში აღნიშნავს, რომ ორ კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული პირობების გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის (შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ ან/და ღია სააქციო საზოგადოება „აზერკოსმოსი“) კონკურენტუნარიანობას. გარდა ამისა ხელშეკრულების თანახმად შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ ნაკისრი აქვს ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება.
კომისიამ შეისწავლა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ ღია სააქციო საზოგადოება „აზერკოსმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან იგი შეიცავს ცნობებს კონკრეტული თანამგზავრული ოპერატორის მიერ მომსახურების გაწევის ტარიფებისა და პირობების შესახებ.
ასევე, წარმოდგენილ ხელშეკრულებაში მოცემულია ცალკე მუხლი კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ არცერთმა მხარემ არ უნდა გაუმჟღავნოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია მესამე მხარეს, მეორე მხარისგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების გარეშე. გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ინფორმაცია უკვე გასაჯაროვებულია, ან საქმე ეხება მარეგულირებელი ორგანოს, შესაბამისი სამთავრობო უწყების ან სასამართლოს მოთხოვნას. აღნიშნულ შემთხვევაში მხარე ვალდებულია ინფორმაციის გაცემის თაობაზე შეტყობინება გაუგზავნოს მეორე მხარეს.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ 2017 წლის 19 ივნისის Nშ-6/4571–17 განცხადება და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ 2017 წლის 19 ივნისის Nშ-6/4571–17 წერილით წარმოდგენილი ღია სააქციო საზოგადოება „აზერკოსმოსსა“ და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შორის 2017 წლის 22 მარტს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მე-3 მუხლი და ხელშეკრულების დანართი N2;
2. ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
