შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2017 12:13
მიღების თარიღი ივლისი 06, 2017
შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 5 ივნისს (წერილი N 16/1735-17) შპს „სტუდია მაესტროსგან“ გამოთხოვილ იქნა იმ თანამგზავრთან გაფორმებული ხელშკრულების ასლი, რომლის მეშვეობითაც კომპანია ახორციელებს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით ტელემაუწყებლობას. 2017 წლის 16 ივნისს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/4563–17) მიმართა შპს „სტუდია მაესტრომ“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ ღია სააქციო საზოგადოება „აზერკოსმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების, კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით. კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართა წერილით (N16/2037-17 – 22.06.2017) და მოსთხოვა დაზუსტება, წარმოდგენილი ინფორმაციის კონკრეტულად რა ნაწილის ცნობას ითხოვდა კომერციულ საიდუმლოებად. 2017 წლის 23 ივნისს კომისიაში შპს „სტუდია მაესტროსგან“ შემოვიდა საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/4739-17), რომლითაც შპს „სტუდია მაესტრომ“ განმარტა, რომ მათი მოთხოვნა ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილებს, სადაც დაფიქსირებულია მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების პირობები, მათ შორის ხელშეკრულების დანართი N2.
შპს „სტუდია მაესტრო“ თავის წერილში აღნიშნავს, რომ ორ კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული პირობების გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის (შპს „სტუდია მაესტრო“ ან/და ღია სააქციო საზოგადოება „აზერკოსმოსი“) კონკურენტუნარიანობას. გარდა ამისა ხელშეკრულების თანახმად შპს „სტუდია მაესტროს“ ნაკისრი აქვს ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება.
კომისიამ შეისწავლა შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მიიჩნია, რომ ღია სააქციო საზოგადოება „აზერკოსმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შინაარსობრივად შეიცავს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან იგი შეიცავს ცნობებს კონკრეტული თანამგზავრული ოპერატორის მიერ მომსახურების გაწევის ტარიფებისა და პირობების შესახებ.
ასევე, წარმოდგენილ ხელშეკრულებაში მოცემულია ცალკე მუხლი კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ არცერთმა მხარემ არ უნდა გაუმჟღავნოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია მესამე მხარეს, მეორე მხარისგან წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღების გარეშე. გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ინფორმაცია უკვე გასაჯაროვებულია, ან საქმე ეხება მარეგულირებელი ორგანოს, შესაბამისი სამთავრობო უწყების ან სასამართლოს მოთხოვნას. აღნიშნულ შემთხვევაში მხარე ვალდებულია ინფორმაციის გაცემის თაობაზე შეტყობინება გაუგზავნოს მეორე მხარეს.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „სტუდია მაესტროს“ 2017 წლის 16 ივნისის Nშ6/4563–17 განცხადება და კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი, შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ 2017 წლის 16 ივნისის Nშ6/4563–17 წერილით წარმოდგენილი ღია სააქციო საზოგადოება „აზერკოსმოსსა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ შორის 2017 წლის 22 მარტს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების მე-3 მუხლი და ხელშეკრულების დანართი N2;
2. ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სტუდია მაესტროსთვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „სტუდია მაესტროსთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
