წვდომის მენიუ

შპს ”ჯეოსელისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 448 / 24

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2017 11:47

მიღების თარიღი ივლისი 06, 2017

შპს ”ჯეოსელისთვის“ ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებით არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯეოსელმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/4023-17, 24/05/2017) ტექსტური/მულტიმედიური  შეტყობინებების 20 ნომრიან ბლოკზე, უფასო არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად  (90XXX),  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

  • რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

 A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • არხული საკომუნიკაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
  • პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითდა საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • GSM;
  • WCDMA;
  • LTE.

A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:

  • თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

  • ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;
  • 3G;
  • სხვა.

B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:

  • ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
  • მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
  • როუმინგული კავშირით  მომსახურება.

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:

  • ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
  • მულტიმედიური მომსახურება;
  • ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ);
  • მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
  • მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

  • თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.
 

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის  და მე-8 მუხლის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებზე  არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად, ნებართვა გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების მოკლე ნომრებისთვის  შეადგენს  - 5 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე.

კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელის” მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ შპს „ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანებართვო განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის  100 ლარის  და რესურსით სარგებლობის საფასურის 100 ლარის (5 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე)   საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ასეთი სახის მომსახურებაზე შპს „ჯეოსელი“ უკვე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას 10 სააბონენტო ნომერზე (კომისიის 2012 წლის 7 სექტემბრის  №583/24 გადაწყვეტილებით) აქედან გამომდინარე მასზე ვრცელდება კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული 75%-ის ათვისების ვალდებულება. კომისიის ინფორმაციულ ანალიტიკურ პორტალზე ატვირთული სტასტისტიკური ფორმების  მონაცემებით  შპს „ჯეოსელს“ 2017 წლის მარტის მონაცემებით ჰყავს  10 რეგისტრირებული აბონენტი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს „ჯეოსელს“  კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსიდან ათვისებული აქვს 100%.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს შპს „ჯეოსელს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N375 ნებართვა  და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 90050-90069 (ოცი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით უფასო არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ნებართვის მოქმედების ვადა: 2017 წლის 6 ივლისიდან უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ ნუმერაციის რესურსს გამოიყენებს ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების   ნომრით უფასო არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ე) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2.  ეცნობოს შპს „ჯეოსელს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე (2018 წლის 6 ივლისამდე) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ჯეოსელისთვის“  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                   კახი ბექაური                

კომისიის წევრი                                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                        მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები