,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2017 16:08
მიღების თარიღი ივლისი 06, 2017
,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისია თავისი საქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის, ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირებს შორის, ავტორიზებულ/ლიცენზირებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის დავების განხილვისა და გადაწყვეტის დროს, ასევე, ხელმძღვანელობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებით“ განსაზღვრული პროცედურებით, რომელიც მიღებულია კომისიის მიერ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ", ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში კომისიის საქმიანობის რეგულირების უზრუნველსაყოფად.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ ცვლილებების შეტანა ემსახურება ზემოაღნიშნული პროცედურების განმსაზღვრელი წესების უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებას, დაინტერესებულ მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების დეტალურად განსაზღვრას, რაც ხელს შეუწყობს საკითხის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 8 აგვისტოს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია) დადგენილების პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის გამოსაქვეყნებლად წარმოდგენა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
