სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით მოქალაქეების: ხ. სამნიძის, თ. კორძაიას, ნ.გოგუაძისა და თ.კეკენაძის საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2017 17:45
მიღების თარიღი ივლისი 13, 2017
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით მოქალაქეების: ხ. სამნიძის, თ. კორძაიას, ნ.გოგუაძისა და თ.კეკენაძის საჩივრის განხილვის თაობაზე
I. დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (№შ-9/4585-17, 19.06.2017) მიმართა მოქალაქეებმა: ხ. სამნიძემ, თ. კორძაიამ, ნ.გოგუაძემ და თ. კეკენაძემ, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით. მოქალაქეთა საჩივარში აღნიშნულია, რომ აღნიშნული რეკლამა სამაუწყებლო ბადეში სავარაუდოდ განთავსებულია სოციალური სტატუსით.
მოქალაქეთა საჩივრის თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტით განსაზღვრულ დეფინიციას, რომლის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. მოქალაქეთა საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კანონთან შეუსაბამობა ვლინდება შემდეგ გარემოებებში:
1. მართალია, რეკლამაში მოხსენიებული არ არის მმართველი პოლიტიკური ძალა ან ხელისუფლება, მაგრამ რეკლამა შინაარსით არის სწორედ პოლიტიკური გუნდის იდეების გაჟღერება.
2. რეკლამის შინაარსიდან არ იკვეთება არც საქველმოქმედო, არც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზანი. პირიქით, რეკლამა მიკერძოებულად და ცალმხრივად აწვდის მხოლოდ ერთი საკითხის შესახებ ინფორმაციას და მისი მიზანი არის საზოგადოების ქცევის შეცვლა მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების სასარგებლოდ.
3. 30 წამიან რეკლამაში საზოგადოება იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დახვეწილ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, არამედ - პარლამენტის ან კოლეგიის მიერ. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის სხვა უმნიშვნელოვანეს დამახასიათებელ კრიტერიუმზე რეკლამაში „შეგნებული დუმილია“, რითაც მაყურებელი/საზოგადოება ხდება არაკეთილსინდისიერი მოპყრობის მსხვერპლი, იგი შეყავთ შეცდომაში.
საჩივრის თანახმად, მითითებული გარემოებები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას სურს ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე მისი ინტერესების სასარგებლოდ, რადგან საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩატარებული საყოველთაო განხილვისას საზოგადოებრივი აზრი მკაფიოდ ნათლად გამოჩნდა (ანუ არ არსებობს ცალსახა კონსესუსი) პრეზიდენტის არჩევის წესზე. კერძოდ, მოქალაქეების ძალზე დიდი ნაწილი გამოხატავდა მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩეს პირდაპირი წესით. ამდენად, საზოგადოებრივ მაუწყებელში განთავსებული რეკლამის მიზანი არ არის კანონით დადგენილი მოთხოვნა „საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა“. პირიქით, აღნიშნული რეკლამა არაპირდაპირ არის პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი და მიზნად ისახავს საზოგადოების ქცევის ერთი პოლიტიკური გუნდის სასარგებლოდ, მისი ინტერესების შესაბამისად შეცვლას.
მოქალაქეთა საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი შინაარსის რეკლამის გავრცელებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგავს მიუკერძოებელი, პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი მაუწყებლის სტატუსს, რითაც, ასევე, ირღვევა კანონი. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ) ქვეპუნქტითა და მე-15 მუხლით განსაზღვრულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან. ცალსახაა, რომ კლიპი გამოხატავს მხოლოდ ერთი პოლიტიკური, მმართველი გუნდის (,,ქართული ოცნების”) პოზიციას და სწორხაზოვნად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას იმ ფონზე, როდესაც, ყველა პოლიტიკური პარტია, საზოგადოების დიდი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ამ სახით ცვლილებას. შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის ხელისუფლების გავლენის ქვეშ და ახდენს იმ იდეების “პროპაგანდას”, რომელიც მხოლოდ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალისთვის არის მისაღები და ამ ფაქტით დასტურდება, რომ მაუწყებელი არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან.
საჩივრის ავტორთა განმარტებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვერ მოიხმობს „მაუწყებლობის შესახებ“ 63-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ დებულებას, რომლის თანახმად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს სოციალური რეკლამის შინაარსზე…” რადგან კომისიის 2012 წლის 16 ნოემბრის N729/18 გადაწვეტილებაში განიმარტა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებულია შეაფასოს სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონები ითვალისწინებენ სამი სახის - კომერციული, წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის არსებობას, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა:
ა) უნდა იხელმძღვანელოს „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული კომერციული და წინასაარჩევნო რეკლამის განმარტებებით და გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით უნდა იმსჯელოს მასთან წარდგენილი სარეკლამო რგოლი ხომ არ წარმოადგენს კომერციულ, ან წინასაარჩევნო რეკლამას;
ბ) სარეკლამო რგოლის შეფასებისას უნდა იმსჯელოს მიმართულია თუ არა მასთან წარდგენილი სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ და ხომ არ შეიცავს აღნიშნული სარეკლამო რგოლი კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
გ) უნდა გადაამოწმოს სარეკლამო რგოლში ხომ არ არის მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.”
ამდენად, საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კომისიის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა ადასტურებს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს ეთერში განთავსებამდე მისთვის წარდგენილი სოციალური რეკლამა აკმაყოფილებს თუ არა კანონის მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ განათავსოს სოციალური რეკლამა სამაუწყებლო ბადეში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, 70-ე და 71-ე მუხლების საფუძველზე ხ.სამნიძემ, თ.კორძაიამ, ნ.გოგუაძემ და თ.კეკენაძემ მოითხოვეს:
1. მიეცეს გაფრთხილება სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“;
2. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის ეთერში განთავსება.
კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ საჩივრის ავტორები. თ. კორძაიამ მხარი დაუჭირა საჩივარს, გააჟღერა სადავო რეკლამის ტექსტი სრულად და დამატებით აღნიშნა, რომ ტექსტის პირველი ნაწილი არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას, მოცემულია უკიდურესად სუბიექტური შეფასება და სადავო განმარტება. არ შეიძლება ის მიაწოდონ საზოგადოებას, როგორც შემდგარი ფაქტი და უტყუარად სწორი მოვლენა. არ შეიძლება მტკიცებით ფორმაში სოციალური რეკლამის სახით გაავრცელონ ეს ინფორმაცია, რადგან პრეზიდენტი ცნობილია, რომ არის სახელმწიფოს მეთაური, პოლიტიკური თანამდებობის პირი და შეუძლებელია ის არ იყოს პოლიტიკური ლიდერი. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი არის პოლიტიკური არბიტრი, რატომ გამორიცხავს იმას, რომ იგი უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი. აქედან გამომდინარე, ეს საკითხები საკამათოა, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს არ არის უტყუარად სწორი ინფორმაცია და ეს არ არის ერთადერთი ფორმა საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის. მან დასვა კითხვა სოციალური ვიდეო რგოლის ავტორებისთვის და რეკლამის გამავრცელებელი ტელევიზიისთვის, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობა რატომ გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით. თ. კორძაიას განმარტებით, მაგალითად, ავსტრიაში პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი წესით, შესაბამისად, ყალბია ის ინფორმაცია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით. ავსტრია არის საპარლამენტო რესპუბლიკა და პრეზიდენტი იქ 2017 წელს აირჩიეს ექვსი წლის ვადით და იგი არის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი. ამდენად, პრეზიდენტის ზეპარტიულობაზე მითითება არასწორია. თ. კორძაიამ განაცხადა, რომ იგივე ხდება ბულგარეთში, რომელიც ასევე საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტი აირჩევა მოქალაქეების მიერ და ვერავინ იტყვის, რომ საქართველო იქნება უფრო დახვეწილი. ტერმინი „დახვეწილი“ სადავო საკითხია. იგივე სიტუაციაა პოლონეთში და ჩეხეთში. ყველა ამ ქვეყნების პრეზიდენტები არიან პარტიული კუთვნილების. მმართველი პოლიტიკური პარტიის პოზიციაა, რომ პრეზიდენტი იყოს ზეპარტიული და ის არ შეიძლება ირჩეოდეს პირდაპირი წესით. საჩივრის ავტორის განმარტებით, არ დასტურდება არანაირი პრაქტიკით, რომ დახვეწილ საპარლამენტო რესპუბლიკებში პრეზიდენტები მხოლოდ არაპირდაპირი წესით აირჩევიან. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ წარმოდგენილი სოციალური რეკლამის შინაარსი არ აკმაყოფილებს სტანდარტს, ის არავითარ შემთხვევაში არ მისცემთ იმ შედეგს, რა მიზანიც აქვს სოციალურ რეკლამას. სოციალური რეკლამის მიზანია მნიშვნელოვანი სიკეთეების ხელშეწყობა და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან სიკეთედ შეიძლება ჩათვალოს ის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია კონსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებით. თ. კორძაიას აზრით, ყველასათვის ცნობილია, რომ ერთგვაროვანი პოზიცია საქართველოს მოქალაქეებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ აქვთ.
თ. კორძაიამ მიუთითა კომისიის მიერ უკანასკნელ პერიოდში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, კერძოდ, 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ საჩივართან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა სოციალურ რეკლამად ცნობის საკითხს. იმ შემთხვევაში სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ უარი თქვა სოციალური რეკლამის განთავსებაზე სწორედ იმ მოტივით, რომ ის არ ემსახურებოდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას და პოზიტიური ქცევის ჩამოყალიბებას. მაუწყებლის არგუმენტი იყო, რომ ეს იყო ერთჯერადი ღონისძიების გაშუქება. მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ განიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი კლიპი და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ვიდეორგოლი მკაფიოდ და სრულად არ შეიცავს მითითებებს იმის შესახებ, თუ როგორ ემსახურება საქართველოს ზემოაღნიშნული კონგრესის თავმჯდომარედ არჩევისა და ამ კონგრესის საქართველოში ჩატარების შესახებ ინფორმაციის მოსახლეობისთვის მიწოდება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ან/და საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობას. წარმოდგენილი ვიდეორგოლი მაყურებელს/მსმენელს არ აწვდის მკაფიო გზავნილს, თუ რისთვის სჭირდება საზოგადოებას კონგრესის საქართველოში ჩატარების შესახებ ცოდნა და რა სარგებელს მიიღებს საქართველოს მოსახლეობა ამით. ზუსტად იგივე შემთხვევასთან აქვთ საქმე ამჟამად, რადგან წარმოდგენილი ვიდეორგოლი საქართველოს მოსახლეობას არ აძლევს სრულყოფილ, მკაფიო ინფორმაციას თუ რას გულისხმობს საპარლამენტო რესპუბლიკა, რატომ არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი პირდაპირი წესით და არავითარი სიკეთის მომცემი ეს საქართველოს მოსახლეობისთვის არ არის.
თ. კორძაიამ ასევე განაცხადა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მსგავსი შინაარსის რეკლამის გაშვებით ეჭვქვეშ აყენებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, რომ ის იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი ტელევიზია. მისი აზრით, მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი რეკლამის ეთერში განთავსება დარტყმას აყენებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიუკერძოებლობის სტატუსს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორები თვლიან, რომ სახეზეა მათ მიერ წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. მათ მიაჩნიათ, რომ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება და უნდა დაევალოს შეწყვიტოს ამ რეკლამის ეთერში განთავსება.
საჩივრის ავტორმა ნ. გოგუაძემ აღნიშნა, რომ არ შეიძლება არასწორი, ტყუილი ინფორმაცია ჩაითვალოს საზოგადოების სიკეთედ. მისი განმარტებით, სადავო რეკლამის შინაარსი არ არის სწორი და ეს არის ტყუილი, რადგან ევროპის საპარლამენტო მმართველობის მქონე რესპუბლიკებში პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტების რაოდენობა მეტია, ვიდრე არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის. მან ასევე აღნიშნა, რომ გაუგებარია ტერმინი - „დახვეწილი ევროპული სისტემა“. მან ეს ტერმინი მოისმინა პირველად პარლამენტის თავმჯდომარისგან და ამ ტერმინის რეკლამაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ეს რეკლამა პირდაპირ „ქართული ოცნების“ დაწერილია. მან დასძინა, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი არის არასათანადო და ისინი აფასებენ მას, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დ. ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ საჩივარში აღნიშნული ფაქტი, რომ თითქოს არ არის მითითებული, რომ ეთერში სოციალური რეკლამაა განთავსებული არასწორია, ვინაიდან თავად საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილ CD-ზე, სარეკლამო ტიხარში ნათლად არის მითითებული, რომ დრო ეთმობა სოციალურ რეკლამას. ასეც რომ არ იყოს, მათ ეთერში კომერციული რეკლამა ისედაც არ გადის და როდესაც წინასაარჩევნო კამპანია სახეზე არ აქვთ, ცხადია, რომ ეს უნდა ჩაითვალოს სოციალური რეკლამის დროდ დ. ბერძენიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ არის კომერციული და წინასაარჩევნო რეკლამა, არ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია, რა დროსაც წინასაარჩევნო რეკლამა კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ვიდეო რგოლი არ შეიცავს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
დ. ბერძენიშვილმა განმარტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის სახელმწიფო მმართველობის სისტემაზე და თითოეულ მოქალაქეზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღნიშნული ცვლილებების შესახებ საზოგადოების მაქსიმალურად ფართოდ ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა მოამზადა სამი საინფორმაციო გრაფიკული ვიდეორგოლი შესაბამისი ქრონომეტრაჟით. საქართველოს პარლამენტმა მოითხოვა აღნიშნული ვიდეორგოლების სოციალური სახით გაშვება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით. ვიდეორგოლის შინაარსიდან გამომდინარე, ეს არის განმარტება თუ როგორია ქვეყნის საპარლამენტო მართვის მეთოდი. ვიდეორგოლში გაჟღერებულია - „ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა და ამ მიზნით გაიგე მეტი“. ანუ ტექსტი მიმართულია საზოგადოებაზე, რომ გაიგონ უფრო მეტი თუ რა მოვლენები ვითარდება ქვეყანაში და როგორი მმართველობა უნდა მიიღონ. ვიდეორგოლში არ არის მოწოდება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ გაჟღერებული და ამას მხარეც ადასტურებს. არ არის მოცემული ისეთი მოწოდებები, რის გამოც სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შესაძლოა ეს რეკლამა ჩაეთვალა არასათანადო რეკლამად. ვიდეორგოლში მოცემულია მხოლოდ განმარტება, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, რასაც ადასტურებს რეკლამის ბოლო ნაწილიც - „გაიგე მეტი აღნიშნული რეფორმის შესახებ!“ შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მიიჩნია, რომ მხარის სოციალური რეკლამის კანონისმიერ განმარტებას სრულად შეესაბამებოდა წარმოდგენილი ვიდეორგოლი და ამიტომაც განთავსდა იგი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დ. ბერძენიშვილმა ასევე განმარტა, რომ ეთანხმება საჩივრის ავტორთა განმარტებას, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ პასუხს არ აგებს რეკლამის შინაარსზე, რაც არ ნიშნავს, რომ მაუწყებელი უპირობოდ ნებისმიერ ვიდეო რგოლს შეუმოწმებლად განათავსებს ეთერში. მისი განმარტებით, მაუწყებელმა უნდა შეაფასოს რეკლამის შინაარსი შეესაბამება თუ არა კანონის მოთხოვნებს. დ. ბერძენიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მაუწყებელს ცალსახად არ აქვს უფლება რეკლამის შინაარსში ჩაერიოს. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მზადაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაუთმოს ეთერი რეკლამის მიმწოდებელს, მაგრამ მაუწყებელი ვერ შეაფასებს იმ ფაქტს, არის თუ არა ბოლომდე სწორად მიწოდებული მესიჯები მაყურებლისთვის. თუ ეს დაევალება მაუწყებელს, ეს იქნება კანონის დარღვევა, დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და ახალი არასწორი პრეცედენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი იყო ვიდეო რგოლი კონკრეტული ღონისძიების ანონსის სახით. მისი აზრით, კომისიამ სწორი დასკვნა გამოიტანა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (29.06.17 შ-10/4868-17) თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის წ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას, ხოლო ამავე მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ვიდეო რგოლი ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის გადასვლა საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, ამასთან, ვიდეო რგოლი საზოგადოებას აუწყებს ამ ორი სისტემის მთავარ განმასხვავებელ ნიშნებს, შესაბამისად, კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის აზრით, წარმოდგენილი ვიდეო რგოლი სრულად აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის დეფინიციას.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
- ხ.სამნიძის, თ.კორძაიას, ნ. გოგუაძის და თ.კეკენაძის (№შ-9/4585-17 19.06.2017) საჩივარი;
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებული სარეკლამო რგოლი;
- სსოპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (Nშ-6/4747-17; 26.06.17) პარლამენტის წერილით თანდართული;
- კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (შ-10/4868-17, 29.06.17);
- კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე თ. კორძაიას, ნ. გოგუაძისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის დ.ბერძენიშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებული იქნა შემდეგი შინაარსის ვიდეო რგოლი: „2013 წელს საქართველო საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. ეს სისტემა ევროპის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში მოქმედებს. საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერმინისტრია, ხოლო პრეზიდენტი არ ფლობს პოლიტიკურ ძალაუფლებას, ის არის ნეიტრალური არბიტრი, არაპოლიტიკური, არამედ ზეპარტიული საერთო ეროვნული ლიდერი. დახვეწილ საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, რადგან იქ პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას. სწორედ ამიტომ პრეზიდენტს აირჩევს პარლამენტი ან სპეციალური კოლეგია. ამჟამად ხორციელდება საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის მიზანი საქართველოში ძლიერი ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის ჩამოყალიბებაა. გაიგე მეტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე“;
- ზემოაღნიშნული სოციალური რეკლამა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განთავსდა საქართველოს პარლამენტის დაკვეთით;
- სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლი არ წარმოადგენს კომერციულ, ან წინასაარჩევნო რეკლამას, მიმართულია ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, არ შეიცავს რეკლამის დამკვეთის - საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე მის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
- კომისიის მიერ საჩივრის განხილვის დღისათვის, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ეთერში აღარ გადის სადავო სოციალური რეკლამა.
IV. გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია, როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტისა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა განმარტებულია როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს;
- „რეკლამის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები),აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.
საჩივრის ერთ-ერთმა ავტორმა თ. კორძაიამ კომისიის სხდომაზე დააზუსტა, რომ საჩივრის ავტორები ითხოვდნენ კომისიას ემსჯელა ვიდეო კლიპის, როგორც სოციალური რეკლამის და არა როგორც არასათანადო რეკლამის განთავსების საკითხზე. აქედან გამომდინარე, კომისია მოცემულ შემთხვევაში აფასებს მოქალაქეთა ჯგუფის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტით სოციალური რეკლამის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს.
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა ჯგუფის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლი შეეხება ქართული საზოგადოებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს - სახელმწიფოს მმართველობის სისტემასა და კონსტიტუციაში განხორციელებულ/განსახორციელებელ ცვლილებებს. სოციალური რეკლამის დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტი, რომელიც, როგორც საკანონმდებლო ორგანო ზემოაღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ეთერში განთავსებული სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს „რეკლამის შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კერძოდ, სარეკლამო რგოლი, შინაარსის გათვალისწინებით, მიმართულია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, არ შეიცავს კომერციული ან პოლიტიკური რეკლამისათვის დამახასიათებელ ნიშნებს და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ხ.სამნიძის, თ.კორძაიას, ნ.გოგუაძისა და თ.კეკენაძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 65-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-20 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
- მოქალაქეების: ხ.სამნიძის, თ.კორძაიას, ნ.გოგუაძის და თ.კეკენაძის საჩივარი (№შ-9/4585-17 19.06.2017) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდეს;
- დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების საჩივრის ავტორთათვის და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ გაგზავნა;
- გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მხარეებისთვის მისი დამოწმებული ასლის ჩაბარებისთანავე;
- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
- კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
