სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ მოქალაქე ბესარიონ ბოჭორიშვილის ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2017 14:29
მიღების თარიღი ივლისი 13, 2017
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ მოქალაქე ბესარიონ ბოჭორიშვილის ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართელოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოვიდა მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი (Nშ-9/4472-17; 14.06.2017), სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ მიერ, საქართველოს კონსტიტუციაზე და კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტზე შენიშვნებისა და შესწორებების სახალხო და საპარლამენტო განხილვების შესახებ საჩივრის ავტორის განცხადებაზე პასუხის გაუცემლობის თაობაზე.
ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 8 მაისს, მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილმა განცხადებით მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რათა მას უზრუნველეყო საქართველოს კონსტიტუციაზე და გადასინჯვის კანონპროექტზე შენიშვნებისა და შესწორებების შესახებ მომჩივნის მიერ საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო გადასინჯვის კომისიაში, სახალხო და საპარლამენტო განხილვისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნული საკითხების მთავარი მოვლენის სახით სატელევიზიო განხილვა, რაზედაც მომჩივანს პასუხი არ მიუღია.
მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილი თავის საჩივარში უთითებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და შესაბამისად, მასზე ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ გაუკეთებია.
მომჩივნის განცხადებით, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია შეიცავს მოქალაქეებისთვის საფრთხეებს და რისკებს და მისი სახალხო და საკონსტიტუციო განხილვის ეტაპზე ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პარლამენტისთვის და ამ საფრთხეების განხილვა არის ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ღ) ქვეპუნქტის შესაბამისი მთავარი მოვლენა.
საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი. მომჩივანი ასევე უთითებს, რომ დღემდე არავის არ უსაუბრია საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ საფრთხეებზე და რისკებზე და მის განცხადებაში ჩამოყალიბებული ანალიზი და რეკომენდაციები არის პროფესიონალის მიერ გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებები.
მოთხოვნა:
სსიპ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ პირველ არხზე მოაწყოს საკონსტიტუციო გადასინჯვის კომისიის წევრების, დაინტერესებული დეპუტატების, მომჩივნისა და მის მიერ დასახელებული საზოგადოებისთვის ცნობილი სპეციალისტების და პოლიტიკოსების მონაწილეობით პირდაპირი საეთერო განხილვები, მომჩივნის მიერ 2017 წლის 8 მაისს საკონსტიტუციო გადასინჯვის კომისიაში წარდგენილ განცხადებაში საქართველოს კონსტიტუციაზე და გადასინჯვის კანონპროექტზე შენიშვნებისა და შესწორებების შესახებ ჩამოყალიბებულ საკითხებზე.
2017 წლის 20 ივნისს, კომისიაში შემოვიდა მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის განცხადება (Nშ-9/4606-17; 20.06.2017) ადმინისტრაციული საჩივრის დაზუსტების თაობაზე, სადაც ის მიუთითებს, რომ 2017 წლის 14 ივნისის ადმინისტრაციული საჩივარი კომისიაში შემოტანილია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად. მომჩივანი უთითებს, რომ მისი საჩივარი არ ეხება ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დარღვევას და შესაბამისად, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მას არ განიხილავს. მისი განცხადებით, გამონაკლისების გარდა, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ საჩივარს განიხილავს კომისია და სასამართლო.
მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის განცხადებით, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ღ) ქვეპუნქტი და მე-16 მუხლის ვ) ქვეპუნქტი. ის ასევე უთითებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 13 ივლისის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ. ბერძენიშვილი. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილი. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება (N03/2344-17; 06.07.2017) მომჩივანს საჩივარში მითითებულ მისამართზე ჩაბარდა 2017 წლის 7 ივლისს (შეტყობინება ჩაიბარა ლ. ნაროუშვილმა, შპს ,,საქართველოს ფოსტის“ გზავნილის კოდი: AP01003018429). ამასთან, კომისიაში არ შემოსულა რაიმე შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიამ უზრუნველყო მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად.
კომისიის 2017 წლის 13 ივლისის სხდომაზე სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მისი განცხადებით, მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის საჩივრის განხილვა არ განეკუთვნება კომისიის უფლებამოსილებას. მან ასევე, აღნიშნა, რომ მსგავს მოთხოვნასთან დაკავშირებით არაერთი საქმე განიხილა სასამართლომ, მათ შორის, საქმე, რომელშიც მომჩივანი ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას იმის გამო, რომ მაუწყებელმა მას არ დაუთმო საეთერო დრო, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მისი განცხადებით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებელობაში, მისცეს მას დავალებები და მიუთითოს კონკრეტული მოვლენის გაშუქებაზე.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:
1. მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი (Nშ-9/4472-17; 14.06.2017);
2. კომისიის საპასუხო წერილი მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილს (N03/1978-17; 19.06.2017);
3. მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის განცხადება ადმინისტრაციული საჩივრის დაზუსტების თაობაზე (Nშ-9/4606-17; 20.06.2017);
4. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის დ. ბერძენიშვილის მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.
III. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე საერთო მაუწყებელი ვალდებული არიან, საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილი სადავოდ ხდის სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მის მიერ 2017 წლის 8 მაისს შეტანილი საქართველოს კონსტიტუციაზე და გადასინჯვის კანონპროექტზე შენიშვნებისა და შესწორებების სახალხო და საპარლამენტო განხილვების შესახებ განცხადებაზე პასუხის გაუცემლობას. ამასთან, მის მოთხოვნას წარმოადგენს საკონსტიტუციო გადასინჯვის კომისიის წევრების, დაინტერესებული დეპუტატების, მომჩივნისა და მის მიერ დასახელებული საზოგადოებისთვის ცნობილი სპეციალისტების და პოლიტიკოსების მონაწილეობით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი 2017 წლის 8 მაისის განცხადებაში აღნიშნული საქართველოს კონსტიტუციაზე და კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტზე შენიშვნებისა და შესწორებების შესახებ საკითხების პირდაპირი საეთერო განხილვის უზრუნველყოფა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ. შესაბამისად, საკითხი, რომლის სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არხის მეშვეობით სატელევიზიო განხილვას ითხოვს მომჩივანი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათისაა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ემუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვალდებულია საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება საუკეთესო დროს განათავსოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, რეაგირება შეიძლება განხორციელდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
რაც შეეხება მომჩივნის განცხადებას სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მომჩივანის განცხადებაზე პასუხის გაუცემლობისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევას, კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის ა) ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ვალდებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას რომლის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი. ამასთან იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ წარმოადგენს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს და შესაბამისად, არ ზედამხედევლობს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი (Nშ-9/4472-17; 14.06.2017), რომელიც დაზუსტდა მისი განცხადებით (Nშ-9/4606-17; 20.06.2017), არ უნდა იქნას მიღებული განსახილველად, ვინაიდან, მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის მიერ ადმინისტრაციულ საჩივარში აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს კომისიის განსხილველ საკითხს.
III. სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და 59-ე მუხლების, 591 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 95-ე, 96-ე, 98-ე და 178-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი (Nშ-9/4472-17; 14.06.2017) არ იქნას მიღებული განსახილველად;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ბ. ბოჭორიშვილისა და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეთათვის ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარეთათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
