წვდომის მენიუ

სს „სილქნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 466 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 21, 2017 14:30

მიღების თარიღი ივლისი 13, 2017

სილქნეტისათვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (Nშ-10/4513-17; 15.06.17) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში 2017 წლის 23 ივნისს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს ,,სილქნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (Nშ-10/4513-17; 15.06.17) ირკვევა, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის  13 ივნისს განხორციელდა სს  „სილქნეტის“ (სამაუწყებლო არხის „სილქ სპორტ HD 2“-ის) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესებითან შესაბამისობაში დადგენის მიზნით. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში  აღნიშნულია, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სპონსორზე მითითება:

  1. 10.06.2017, 08:03: „ენ-ბი-ეის ფინალურ სერიას წარმოგიდგენთ „ბილაინი“, შეიძინე „4ჯი“ სმარტფონი მხოლოდ 179 ლარად“;
  2. 13.06.2017, 08:09: „ენ-ბი-ეის ფინალურ სერიას წარმოგიდგენთ „ბილაინი“, შეიძინე „4ჯი“ სმარტფონი მხოლოდ 179 ლარად“.

ზემოაღნიშნული ჩანაწერების შესწავლის საფუძველზე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ პროგრამებში სპონსორზე მითითება ხდება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევით.

სს ,,სილქნეტისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 29 ივნისს, რის თაობაზეც შეტყობინებით (03/2056-17) ეცნობა სს ,,სილქნეტს“.

კომისიის 2017 წლის 29 ივნისის სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის 2017 წლის 3 ივლისის  სხდომაზე, ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 6 ივლისი, 15:00 საათი, რის  შესახებაც  შეტყობინებით (N03/2306-17; 03.07.2017) ეცნობა სს „სილქნეტს“, რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 4 ივლისს.

კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომას ესწრებოდა სს ,,სილქნეტის“  იურისტი კ. ყურაშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევა და კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში სს „სილქნეტის“ სამაუწყებლო არხის „სილქ სპორტ HD 2“-ის ეთერით ვრცელდებოდა  სპონსორობის  წესების დაღვევით პროგრამები. კ. ყურაშვილმა ასევე განაცხადა, რომ  დარღვევა განპირობებული იყო იმით, რომ სს „სილქნეტში“ განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა მაუწყებლობის დეპარტამენტი, სადაც დაინიშნენ ახალი თანამშრომლები, რომელებსაც გაეპარათ აღნიშნული დარღვევა. სს „სილქნეტის“ იურისტმა დამატებით აღნიშნა, რომ იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომპანიაში დაწყებულია დისციპლინარული დევნა. კ. ყურაშვილმა მოინანია აღნიშნული ქმედება და კომისიის სხდომაზე ითხოვა პატიება. სს „სილქნეტის“ იურისტმა ასევე განაცხადა, რომ დარღვევები უკვე აღმოფხვრილია სრულად.

სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2017 წლის 13 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „სილქნეტის“ იურისტი კ. ყურაშვილი.

II.    გამოკვლეული მტკიცებულებები:

1.     კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი თანდართული CD-ით (შ-10/4513-17; 15.06.17);

2.     მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები სს „სილქნეტის“ შესახებ;

3.     სს „სილქნეტის“  იურისტის კ. ყურაშვილის მიერ  2017 წლის 6 ივლისის კომისიის  სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

 

III.   დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. სს „სილქნეტი“ 2016 წლის 21 დეკემბრიდან წარმოადგენს ავტორიზებულ მაუწყებელს (ავტორიზაციის ნომერი: BR-1127; მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობლა; მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზირებული ტელემაუწყებლობა);
  2. სს „სილქნეტის“ სამაუწყებლო არხის „სილქ სპორტ HD 2“-ის  გადაცემის - „ენ-ბი-ეის“ სპონსორია „ბილაინი“. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 13 ივნისს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სპონსორზე მითითების ფარგლებში ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას  და სასპონსორო მითითება შეიცავს სარეკლამო შეტყობინებას. კერძოდ:

ა)     10.06.2017, 08:03: „ენ-ბი-ეის ფინალურ სერიას წარმოგიდგენთ „ბილაინი“, შეიძინე „4ჯი“ სმარტფონი მხოლოდ 179 ლარად, 8.18 ლარი თვეში“;

ბ)    13.06.2017, 08:09: „ენ-ბი-ეის ფინალურ სერიას წარმოგიდგენთ „ბილაინი“, შეიძინე „4ჯი“ სმარტფონი მხოლოდ 179 ლარად, 8.18 ლარი თვეში“.;

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი და თანდართული CD

  1. სს „სილქნეტის“ მიმართ იგივე დარღვევებისათვის ერთი წლის მანძილზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

2.     „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

3.  ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9) ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი  სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;

4.   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით“;

5.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას;

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სს „სილქნეტის“ სამაუწყებლო არხის „სილქ სპორტ HD 2“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებულ გადაცემაში - ,,ენ-ბი-ეის“  სასპონსორო მითითებებისას ადგილი აქვს პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირ მოწოდებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით და ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავენ სარეკლამო შეტყობინებებს, რითაც კომპანიის მიერ დარღვეულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, კომისიის 2015 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე,  98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ9)  ქვეპუნქტის , მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ)  ქვეპუნქტის,  67-ე მუხლის მე-3 პუნქტის და  70-ე მუხლის 1-ლი  და მე-2  პუნქტებისა,  71-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. სს „სილქნეტს“ მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის და  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის სს „სილქნეტისთვის“   ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

         კომისიის თავმჯდომაე                                       კახი  ბექაური                                               

 კომისიის წევრი                                                         ვახტანგ აბაშიძე

            კომისიის წევრი                                                         გიორგი  ფრუიძე

 კომისიის წევრი                                                         მერაბ  ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები