წვდომის მენიუ

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 473 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 19, 2017 18:50

მიღების თარიღი ივლისი 13, 2017

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-8/4906-17, 30.06.17) მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში ოთხი სიხშირის (ორი სიხშირე ქ. თბილისში და ორი სიხშირე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე) მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

 „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც  ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ პარლამენტის 1996 წლის 16 ოქტომბრის № 433-Iს დადგენილებით რატიფიცირებული „ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპიბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის“ 1994 წლის აპრილის შეთანხმების  მე-6 მუხლის შესაბამისად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი  განთავისუფლებულია რადიოსაკომუნიკაციო მოწყობილობების სალიცენზიო და სხვა სახის გადასახადებისაგან.

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  „საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით   სარგებლობისას თავისუფლდებიან  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის   სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან“.

შესაბამისად, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილმდებარეობის შესახებ საქართველოს რესპიბლიკასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის“ 1994 წლის აპრილის შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი განთავისუფლებული უნდა იქნას „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტით დადგენილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F1593 ნებართვა და მიენიჭოს 158.425მჰც, 163.775მჰც სიხშირეები  ქ. თბილისში და 158.600 მჰც, 158.700 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით - 2017 წლის 13 ივლისიდან 2018 წლის 13 ივლისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ს. შავგულიძე);

4. დაევალოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება; 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                              კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                                ვ აბაშიძე                            

                კომისიის წევრი                                                                                                                გ. ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                                მ. ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები