შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2017 17:47
მიღების თარიღი ივლისი 20, 2017
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე
I. დავის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს რომ კომისიაში შემოვიდა ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ ადმინისტრაციული საჩივარი (Nშ-6/4765-17; 26.06.2017; N6/5069-17; 06.07.17). საჩივარში აღნიშნულია, რომ „მედიის განვითარების ფონდმა“ 2017 წლის 15 ივნისს წერილით მიმართა შპს „ტელეიმედს“ და მოითხოვა მისთვის მიწოდებული ხუთი აუდიო-ვიზუალური მასალის სოციალური სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსება.
საჩივრის თანახმად, შპს ,,ტელეიმედმა“ 2017 წლის 19 ივნისის წერილით უარი განუცხადა ააიპ „მედიის განვითარების ფონდს“ წარდგენილი ვიდეო მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.
ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ განმარტებით, წარმოდგენილი აუდიო-ვიზუალური მასალა შეეხება ისეთ საზოგადოებრივ სიკეთეებს, როგორიც არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, აღმსარებლობის თავისუფლება, ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა, თავისუფლება. შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი ხუთივე კლიპი აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მითითებულ ვიდეო რგოლებს სოციალური რეკლამის სტატუსი მიანიჭეს და ეთერში განათავსეს „რუსთავი 2“-მა, „პალიტრა ნიუსმა“ და „GDS“-მა.
ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ მოთხოვნა:
- საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
- შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2017 წელს სოციალური კლიპის სტატუსით განთავსებული რეკლამების შესწავლა და შპს „ტელეიმედის“ ქმედების (უარი განთავსებაზე) დისკრიმინაციულად შეფასება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 ივლისს. კომისიის სხდომას ესწრებოდდნენ ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები გიორგი მელაძე და მარიამ პატარიძე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მის სამართლებრივ საფუძვლებს. ამასთან, ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა დააზუსტეს საჩივარი და მოითხოვეს კომისიაში წარდგენილი ხუთი ვიდეო რგოლის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, ხოლო შპს „ტელეიმედის“ ეთერში 2017 წელს სოციალური კლიპის სტატუსით განთავსებული რეკლამების შესწავლასა და შპს „ტელეიმედის“ ქმედების (უარი განთავსებაზე) დისკრიმინაციულად შეფასებასთან დაკავშირებით, ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ამ ეტაპისთვის, მათ მიერ ვერ მოხერხდა კონკრეტული ვიდეო რგოლის მოძიება, რომელიც შპს „ტელეიმედის“ ქმედების დისკრიმინაციულობაზე მიუთითებდა, აქედან გამომდინარე, განსახილველ საკითხად მხოლოდ პირველ მოთხოვნას ტოვებენ, ხოლო კონკრეტული ვიდეო რგოლის მოძიებისა და შესწავლის შემდეგ შესაძლოა დაზუსტებული მოთხოვნით მიმართონ კომისიას.
კომისიის 2017 წლის 20 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს ,,ტელეიმედის“ წარმომადგენელი ანდრო ლაშხი, რომელმაც აღნიშნა, რომ ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვა შედის კომისიის კომპეტენციაში. ანდრო ლაშხმა კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი ვიდეო რგოლები არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, რის გამოც ააიპ „მედიის განვითარების ფონდს“ უარი ეთქვა აღნიშნული კლიპების შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებაზე. შპს „ტელეიმედის“ იურისტმა კომისიის სხდომაზე ასევე განაცხადა რომ ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ შპს „ტელეიმედში“ წარდგენილი ვიდეო რგოლები სოციალური რეკლამის სახით არაერთხელ იქნა განთავსებული მაუწყებლის ეთერში.
II. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუსლის ჰ7) პუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „მედიის განვითარების ფონდი“ სადაოდ ხდის მის მიერ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლების შპს „ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებაზე უარის თქმას, რომლის განხილვა კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიამ განსახილველად უნდა მიიღოს შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ (Nშ-6/4765-17, 26.06.2017; N6/5069-17, 06.07.17) საჩივარი შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ (შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი ხუთი ვიდეორგოლის შესწავლის და შესაბამისი რეაგირების ნაწილში) მიღებულ იქნას განსახილველად;
2. საკითხის განხილვა გაიმართოს 2017 წლის 10 აგვისტოს, 15:00 საათზე;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების ააიპ „მედიის განვითარების ფონდისთვის“ და შპს ,,ტელეიმედისთვის“გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადების დღიდან;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
6. კონტორილი აღნიშნული გადაწვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ. ბერია).
კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
