წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 480 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2017 17:48

მიღების თარიღი ივლისი 20, 2017

შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/4856-17, 29.06.2017) თანახმად, 2017 წლის  1 ივნისს კომისიის აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „ტელეკომპანია დიას“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №10. შემოწმება ჩატარდა ქ. გორში, ბაგრატიონის  ქ.46,   შპს „ტელეკომპანია დიას“  ოფისში, შემოწმებას ესწრებოდა ოფის-მენეჯერი ვერა მიდელაშვილი. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „ტელეკომპანია დია“  საკუთარი  ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „თრიალეთი“, „ერთსულოვნება“, “საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „იბერია“, „აჭარა“, „დია“, “GDS”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „მაესტრო“,  „იმედი“, „პალიტრა ტვ“, „მარაო“, „ენკი-ბენკი“, „სილქ უნივერსალი“, “Setanta Sport”, “Setanta Sport +”, “Феникс Кино”, “Рланета РТР”, „Бестселлер“ , „ОРТ“, “РЕН ТВ”, “Discovery”, “Anilam planet”, “TV 1000 action”, “Eurosport 1”, “Индииское кино”, „Кинохит“, “Охота и рыбалка”, „Кинопремьера“, “History”, “Music Box Ru”, “Nature”, ”Иллюзион +”, ”Шансон ТВ”, “TV 3”, “Кухня ТВ”, “Еврокино”, „Russian Extreme“, “CTC”, „ობიექტივი“.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „ტელეკომპანია დიას“  2017 წლის 29 ივნისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი  რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „ენკი-ბენკი“, „სილქ უნივერსალი“, “Setanta Sport”, “Setanta Sport +”, „Бестселлер“, „Кинохит“. შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს  „ტელეკომპანია დიას“  მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/4856-17, 29.06.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 13 ივლისი. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „ტელეკომპანია დიას“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/2388-17; 10.07.2017) კომპანიას  ჩაბარდა 2017 წლის 11 ივლისს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 13 ივლისის სხდომაზე შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა. ამასთან, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ი. მახარაძემ შუამდგომლობით მიმართა კომისიას საკითხის განხილვის გადადების თაობაზე იმ მიზეზით, რომ შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ კომისიაში დამატებით წარმოდგენილია დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროებს შესწავლას. შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა გადაიდო 2017 წლის 20 ივლისისათვის, რის თაობაზეც შპს „ტელეკომპანია დიას“ ეცნობა კომისიის შეტყობინებით (03/2449-17; 14.07.2017), რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2017 წლის 17 ივლისს.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/5363-17;19.07.2017) დამატებით ირკვევა, რომ შპს „ტელეკომპანია დიამ“ კომისიაში დამატებით  წარმოადგინა სამაუწყებლო არხების: “Setanta Sport”, “Setanta Sport +” და „ენკი-ბენკი“  რეტრანსლირების მართლზომიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მონიტორინგის განხრორციელების დროს შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ სამაუწყებლო არხ „ენკი-ბენკის“ რეტრანსლირება ხორციელდებოდა მართლზომიერად, ხოლო რაც შეეხება სამაუწყებლო არხების: “Setanta Sport” და  “Setanta Sport +”  ტრანზიტს, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციდან ვერ დგინდება მონიტორინგის განხორციელების დროს იყო თუ არა ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება მართლზომიერი.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2017 წლის 20 ივლისის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „ტელეკომპანია დიას“ წარმომადგენელი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას შეტყობინება (03/2449-17; 14.07.2017) სხდომის გამართვის თაობაზე ჩაბარდა 2017 წლის 17 ივლისს (გზავნილის კოდი: AP01003023144; გაგზავნის თარიღი: 14.07.2017; ჩაიბარა: რ. მელაძემ). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ტელეკომპანი დიას“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები 

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/4856-17, 29.06.2017);
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 1 ივნისის შემოწმების აქტი N10;
  3.  შპს „ტელეკომპანია დიას“ შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  4. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462–12 წერილი და ამ წერილის შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  5. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80–13 წერილი და ამ წერილის შპს ,,ტელეკომპანია დიასთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/5363-17;19.07.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
  7. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ტელეკომპანია დიას“ შესახებ;
  8.  კომისიის შეტყობინება (03/2449-17;14.07.2017) და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. 

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „ტელეკომპანია დია“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 22/12/2011; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი); 
  2. შპს „ტელეკომპანია დიას“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. 2017 წლის 1 ივნისს, 12:45 საათზე, შპს „ტელეკომპანია დიას“ ოფისში, მისამართზე: ქ. გორში, ბაგრატიონის  ქ. N46, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №10.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს „ტელეკომპანია დიას“ ოფის-მენეჯერი ვერა მიდელაშვილი;
  4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს „ტელეკომპანია დია“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „თრიალეთი“, „ერთსულოვნება“, “საზოგადოებრივი მაუწყებელი II არხი“, „იბერია“, „აჭარა“, „დია“, “GDS”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი“, „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „მაესტრო“,  „იმედი“, „პალიტრა ტვ“, „მარაო“, „ენკი-ბენკი“, „სილქ უნივერსალი“, “Setanta Sport”, “Setanta Sport +”, “Феникс Кино”, “Рланета РТР”, „Бестселлер“ , „ОРТ“, “РЕН ТВ”, “Discovery”, “Anilam planet”, “TV 1000 action”, “Eurosport 1”, “Индииское кино”, „Кинохит“, “Охота и рыбалка”, „Кинопремьера“, “History”, “Music Box Ru”, “Nature”, ”Иллюзион +”, ”Шансон ТВ”, “TV 3”, “Кухня ТВ”, “Еврокино”, „Russian Extreme“, “CTC”, „ობიექტივი“.
  5. 2017 წლის 1 ივნისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2017 წლის 1 ივნისის №10 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
  6. შპს „ტელეკომპანი დიას“ 2017  წლის 29 ივნისის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი  სამაუწყებლო არხების: „ენკი-ბენკი“, „სილქ უნივერსალი“, “Setanta Sport”, “Setanta Sport +”, „Бестселлер“, „Кинохит“ -ის მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  7. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ტელეკომპანია დიას“ ეცნობათ და განემარტათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ ყოველთვიურად, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით შპს ,,ტელეკომპანია დიას”-ს განემარტა, რომ წერილში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების მართლზომიერება დაუდასტურებლად იქნებოდა მიჩნეული. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულების თაობაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ტელეკომპანია დიას“  განმეორებით განემარტა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით. ამავე წერილით შპს ,,ტელეკომპანია დიას“ განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილით შპს ,,ტელეკომპანია დიას“ ასევე ეცნობა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  8. შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ 2017 წლის 6 და 18 ივლისის წერილებით (Nშ-6/5064-17, 06.07.2017 და Nშ-6/5338-17; 18.07.2017) წარმოდგენილ იქნა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „ენკი-ბენკი“, “Setanta Sport”, “Setanta Sport +”. წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შემოწმების მომენტში (2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით) შპს „ტელეკომპანია დია“ მართლზომიერად ახორციელებდა სამაუწყებლო არხ „ენკი-ბენკი“-ის რეტრანსლირებას საკუთარი საკაბელო ქსელით, თუმცა არხების პაკეტში ჩასმამდე მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა. ხოლო, სამაუწყებლო არხების “Setanta Sport”, “Setanta Sport +”-სთან დაკავშირებით წარმოდგენილ დუკუმენტაციაში (წარმოდგენილია Eurasian Broadcasting Enterprise Limited-ის 2017 წლის 1 ივლისის წერილი) აღნიშნულია, რომ კომპნიებს შორის არსებობს მოქმედი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2018 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კომპანიას მოპოვებული აქვს ზემოარნიშნული არხების მართლზომიერი რეტრანსლირების უფლება.
  9. 2017 წლის 20 ივლისის მდგომარეობით შპს ,,ტელეკომპანია დიას“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „სილქ უნივერსალი“, „бестселлер“ და „Кинохит“;
  10. შპს „ტელეკომპანია დიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,    ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების: „სილქ უნივერსალი“, “Setanta Sport”, “Setanta Sport +”, „Бестселлер“, „Кинохит“-ის შესაბამისი ნებართვის გარეშე 2017 წლის პირველ ივნისს საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენამდე სამაუწყებლო არხის: „ენკი-ბენკი“ სამაუწყებლო ბადეში ჩასმით, შპს „ტელეკომპანია დიას“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და ბ) ქვეპუნქტები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანი დიას“ მიერ 2017 წლის 6 ივლისს კომისიაში წარმოდგენილი (კომისიაში რეგისტაციის Nშ-6/5064-17, 06.07.2017) წერილით გაირკვა, რომ შემოწმების შემდგომ პერიოდში, სამაუწყებლო არხებზე: “Setanta Sport”, “Setanta Sport +” მოპოვებული/გაფორმებული მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით, შპს „ტელეკომპანი დიამ“ წარმოების პროცესში ნაწილობრივ აღმოფხვრა დარღვევის ფაქტი.

ვინაიდან, შპს „ტელეკომპანია დიას“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ტელეკომპანია დიას“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე  სატელევიზიო  არხების: „სილქ უნივერსალი“, „Бестцелер“ და „Кинохит“-ის  არამართლზომიერი ტრანზიტი.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

 გადაწყვიტა:

  1. შპს „ტელეკომპანია დიას“ მიეცეს გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და  ბ) ქვეპუნქტების   დარღვევის გამო;
  2.  უზრუნველყოს შპს „ტელეკომპანია დიამ“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების „სილქ უნივერსალი“, „Бестселлер“ და „Кинохит“-ის არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელეკომაპნია დიასთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს“ტელეკომპანია დიასთვის“  ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „ტელეკომპანია დიასთვის“  ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიდუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                              ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                              გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                              მერაბ ქათამაძე    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები