წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 483 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 26, 2017 17:52

მიღების თარიღი ივლისი 20, 2017

შპსმაგთიკომის  მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“)  აღნიშნავს, რომ  შპს „მაგთიკომმა“ 2017 წლის 30 ივნისის N17/07/10-14 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/5128-17) კომისიაში წარმოადგინა ინფორმაცია ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში ფიქსირებული მისამართიდან მომხმარებლებისთვის მიწოდებული ინტერნეტის მომსახურების შესახებ ტექნოლოგიების და  უბნების მიხედვით.  შპს „მაგთიკომი“  ითხოვს კომერციულ საიდუმლოებად იქნას ცნობილი აღნიშნული წერილი. რადგან ამ სახით  წარმოდგენილი დეტალიზებული მონაცემები წარმოადგენს კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას. შპს „მაგთიკომი“ აღნიშნავს, რომ დეტალიზებული ინფორმაციის გაანალიზების შემთხვევაში კონკურენტ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დეტალური ინფორმაცია კონკრეტულ უბნებში აბონენტების რაოდენობის შესახებ, რაც საშუალებას მისცემს მათ გამოიყენონ საკუთარი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისიამ განიხილა  შპს „მაგთიკომის“  2017 წლის 30 ივნისის N17/07/10-14 წერილი   კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე და აღნიშნული  წერილით წარმოდგენილ მონაცემებთან   დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ თბილისის გეოგრაფიულ ზონაში ფიქსირებული მისამართიდან მომხმარებლებისთვის მიწოდებული ინტერნეტის მომსახურების შესახებ ტექნოლოგიების და  უბნების მიხედვით ინფორმაცია,  რომლის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას ითხოვს შპს „მაგთიკომი“  შეიცავს  2017 წლის 31 მაისის მდგომარეობით აბონენტების რაოდენობის შესახებ მონაცემებს  ქ. თბილისის უბნებისა და ტექნოლოგიების (xDSL, Fiber, Canopy) მიხედვით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ეხება ინტერნეტ საცალო  მომსახურებას, რომლის შესახებ ინფორმაცია  საჯაროა და ხელმისაწვდომია  კომისიის  ვებ-გვერდის საშუალებით. თუმცა  კონკრეტულად  ქ. თბილისის უბნების მიხედვით  ის მონაცემები, რომელიც შპს „მაგთიკომის“  წერილით კომისიისთვის არის მოწოდებული კომისიაში მანამდე არ ყოფილა წარმოდგენილი.  შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით შპს „მაგთიკომის“  აბონენტების 99 პროცენტს ინტერნეტ საცალო მომსახურება ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში ე.წ. „Fiber“ ტექნოლოგიით მიეწოდებათ.

 ამასთან ერთად, ავტორიზებული პირების მიერ ყოველთვიურად კომისიის სტატისტიკურ ბაზაში ხორციელდება მსგავსი მონაცემების ატვირთვა ქალაქების, რეგიონების, ადმინისტრაციული ცენტრების და სოფლების ჭრილში. შპს „მაგთიკომის“ წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიცავს პაკეტების, ტარიფების და სხვა მარკეტინგულ ინფორმაციას. შესაბამისად,  აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს კომპანიის სატარიფო პოლიტიკას და სტრატეგიას. აღნიშნული ინფორმაციით კონკურენტი ავტორიზებული პირი ვერ შესძლებს  განახორციელოს მიზნობრივი მარკეტინგული კომპანია შპს „მაგთიკომის“ არსებული  მომხმარებლების მიმართ, მათ საკუთარ ქსელში  გადაყვანის მიზნით.  ამასთან ერთად, ამ მონაცემების ანალიზის საფუძველზე  კონკურენტი კომპანიები ვერ შესძლებენ განსაზღვრონ შპს „მაგთიკომის“ მიერ შექმნილი პაკეტები არის, თუ არა ბაზრისთვის და შესაბამისად აბონენტებისთვის უფრო მიმზიდველი და კომპანიისთვის მოგებიანი, რომლის საფუძველზეც კონკურენტი კომპანიები მიიღებენ მიზნობრივი მარკეტინგული კომპანიის თაობაზე ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც  შესაძლოა ზიანი მიაყენოს შპს „მაგთიკომის“ კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  კომისიას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული მონაცემები  არ  შეიცავს კომერციულ საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას.                                         

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.შპს „მაგთიკომის“ მოთხოვნა, 2017 წლის 30 ივნისის N17/07/10-14 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/4091-17) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. .შპს „მაგთიკომის“ მიერ 2017 წლის 30 ივნისის N17/07/10-14 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის N6/5128-17) კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობილ იქნას ღიად ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის შემდეგ, თუ .შპს „მაგთიკომმა“ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში არ გაასაჩივრა ინფორმაციის ღიაობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც დაუყონებლივ უნდა აცნობოს კომისიას;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                               კახი ბექაური         

  კომისიის წევრები:                                                                                   ვახტანგ აბაშიძე 

    ელისო ასანიძე

                                                                                                                          გიორგი ფრუიძე  

                                                                                                              მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები