წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 27 ივლისის N500/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 486 / 23

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2017 11:02

მიღების თარიღი ივლისი 20, 2017

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 27 ივლისის N500/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

                ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე  ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

 კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯითიესი“ (ს/კ 211349913) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.2.

ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.M.2

მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით  უზრუნველყოფა

სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

შპს „ჯითიესი“ კომისიის 2012 წლის 27 ივლისის N 500/6 გადაწყვეტილებით ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:

ა.ა) ქ. თბილისი – 410.300 მჰც და 420.300 მჰც; თითოეული ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ა.ბ) ქ. ზუგდიდი, – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ა.გ) დაბა სტეფანწმინდა – 411.300 მჰც; ზოლის სიგანე 25 კჰც (0.025 მჰც); გადამცემების რაოდენობა – 1 გადამცემი; გადამცემის გასხივების სიმძლავრე – 15 ვატი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 29 ივლისამდე;

გ) შპს „ჯითიესი“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 20 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „ჯითიეს“-ის წარმომადგენელი დავით ძაგანია.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ შპს „ჯითიესს“ 2015 წლის მარტის თვის შემდეგ არ შეუვსია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ხოლო 2013 წლის იანვრიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს. სხდომაზე ასევე  აღნიშნა, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (10/3792-17, 15.05.17) შესაბამისად 4-8 მაისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიით განსაზღვრული რადიოსხშირული სპექტრით საქმიანობა რადიომონიტორინგის სტაციონალური სადგურების მეშვეობით არ დაფიქსირებულა.

კომისიის 2017 წლის 20 ივლისის სხდომაზე გამოქვეყნდა შპს „ჯითიეს“-ის 2017 წლის 19 ივლისის N6/5359-17 წერილი, რომლის თანახმად კომპანია ითხოვს საკითხის განხილვა გადაიდოს 2017 წლის ოქტომბრის თვის პირველ დეკადამდე, ვინაიდან ამ პერიოდისთვის იგეგმება სასამართლო პროცესის დასრულება ბრალდებულ ანზორ კაკიაშვილის მიმართ, რომელზეც ასევე გამოცხადებულია ძებნა. სწორედ ანზორ კაკიაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად შეცდომაში იქნა შეყვანილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და კომპანიის დამფუძნებლების თანხმობის გარეშე თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების გზით მოხდა ლიცენზიის გადაპირება, რამაც გამოიწვია შპს „ჯითიეს“-ის ამჟამინდელი კრიტიკული მდგომარეობა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიის გაუქმება უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ ფორმალურ და ფაქტობრივ გარემოებებს არამედ სამართლიანობის პრინციპსაც.

კომპანიის წარმომადგენელმა დავით ძაგანიამ სხდომაზე დაადასტურა კომპანიის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ კომპანიის დირექტორის ანზორ კაკიაშვილის დანაშაულებრივი ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ზიანი, გაფლანგულია ქონება, რის გამოც ვერ ახორციელებენ საქმიანობას, ვერ აწარმოებენ საბანკო ოპერაციებს და ვერ მართავენ კომპანიას.  

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან  6 თვით ერთი წლის განმავლობაში. შპს „ჯითიესი“ 2013 წლის იანვრის თვიდან  წარმოდგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს, რაც ადასტურებს რომ კომპანია  სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ახორციელებს პრაქტიკული საქმიანობას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.   კომისია ასევე აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF22 ლიცენზიას ყადაღა მოეხსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8077-15, 22.10.15) ასევე კომისიის 2015 წლის 10 დეკემბრის №773/19 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა კომისიის 2013 წლის 5 ივლისის №434/23 და 2013 წლის 2 აგვისტოს №478/5 გადაწყვეტილებები და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვრა შპს ”ჯითიესი”.  შესაბამისად  შპს „ჯითიესს“ შეეძლო განეხორციელებინა აღნიშნული ლიცენზიის გამოყენებით ავტორიზებული საქმიანობა მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ბრალდებულ ანზორ კაკიაშვილის მიმართ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლიცენზიებთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს  საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 27 ივლისის N500/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.

            ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯითიესის“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F22 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 27 ივლისის N500/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის 17 აგვისტოს 15:00 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯითიესისთვის“ გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                      კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                        გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                        მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები