წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 495 / 3

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2017 11:04

მიღების თარიღი ივლისი 20, 2017

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა  შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიამ” (კომისიაში რეგისტრაციის №7/4432-17, 12.06.17) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული კომპანის მფლობელებმა და მენეჯმენტმა დაიწყო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი, რის თაობაზეც განცხადება დარეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია არ ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქმიანობას და არ იყენებს ლიცენზიით მინიჭებულ უფლებებს. 

            კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯია” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  №F58 ლიცენზიას კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 3448.5მჰც¸ 3469.5მჰც;  3548.5მჰც¸ 3569.5მჰც   სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;  

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 17 დეკემბრამდე;

გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: 2007 წლის 17 დეკემბრიდან 1(ერთი) წელი;

დ) 2007 წლის 17 დეკემბრიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი;

რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4: ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

              კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის          54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2017 წლის 22 ივნისის №425/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 20 ივლისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისიის 2017 წლის 20 ივლისის სხდომას არ ესწრებოდა შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას” წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება. შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის დასრულებისთანავე.

            ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „ვარიდ ტელეკომ ჯორჯიას“ კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F58 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2007 წლის 17 დეკემბრის №775/1 გადაწყვეტილება;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ვარიდ ტელეკომ ჯორჯიასთვის” გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6)   შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                    კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                                                      ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                                      ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                      გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                                      მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები