ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N424/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2017 16:28
მიღების თარიღი ივლისი 27, 2017
ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N424/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N424/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ.ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში სიხშირეზე 93,7 მჰც.
კომისია აღნიშნავს, რომ განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა მხოლოდ შპს ”მედ ეფ ემმა“.
კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N424/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2017 წლის 27 ივლისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდნენ შპს ”მედ ეფ ემის“ დირექტორი ნოდარ მოდებაძე და დამფუძნებელი ირაკლი ბანძელაძე.
კომისია აღნიშნავს, რომ ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; ასევე არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ; ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ; ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა შპს „მედ ეფემის“ დირექტორის და 50%-იანი წილის მფლობელის ნოდარ მოდებაძის (პ/ნ01011014365), ასევე 50%-იანი წილის მფლობელის ირაკლი ბანძელაძის (პ/ნ60001035050) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) ქვეპუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.
კომისია აღნიშნავს, რომ გადამოწმდა შპს „მედ ეფემის“ დირექტორის და 50%-იანი წილის მფლობელის ნოდარ მოდებაძის (პ/ნ01011014365), ასევე 50%-იანი წილის მფლობელის ირაკლი ბანძელაძის (პ/ნ60001035050) აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ბანძელაძე წარმოადგენს შპს „მედია ჯგუფის“ დირექტორს და 50% წილის მფლობელს. შპს მედია ჯგუფი“ ფლობს მაუწყებლობის NB168, NB169, N B179 და NB180 ლიცენზიებს, რომლებიც ითვალისწინებს საერთო რადიომაუწყებლობას ქ. ბილნისში, ქ. რუსთავში, ქ. ზუგდიდში და ქ. ახალქალაქში. შესაბამისად შპს „მედ ეფემის“ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-5 მუხლის თანახმად საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.
მოსამზადებელ სხდომაზე კომისიამ აღნიშნა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და კომისიის 2016 წლის 10 მარტის N160/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის დადგენის, ამ კონცეფციების ურთიერთშედარებისა და შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, სამაუწყებლო კონცეფცია არის კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისთვის ერთ-ერთი ძირითადი, არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი, რომელიც შპს „მედ ეფემს“ აქვს წარმოდგენილი. კომპანიის სამაუწყებლო კონცეფციაში არის მითითებული პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობა. ასევე კომპანიის მიერ არასრულყოფილად არის შევსებული განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ კერძოდ არ არის მითითებული ინფორმაცია გრძელვადიანი აქტივების თაობაზე. თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტები საშუალებას იძლევა კომისიის მიერ შეფასდეს პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაცულობა.
2017 წლის 27 ივლისს კომისიამ იმსჯელა შპს „მედ ეფემს“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე და მიზანშეწონილად მიაჩნია კომპანიას მიეცეს ვადა, რათა წარმოადგინოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ; ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ; ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უზრუნველყოს შპს „მედ ეფემმა“ 2017 წლის 3 აგვისტოს 19:00 საათამდე კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N424/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
დ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;
ე) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
ვ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მედ ეფ ემისთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაკოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
