წვდომის მენიუ

ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017 წლის 22 ივნისის N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 498 / 10

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2017 18:37

მიღების თარიღი ივლისი 27, 2017

. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიის 2017  წლის 22 ივნისი N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლებისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის დამატებითი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 22 ივნისი N423/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ.ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში სიხშირეზე 97,3 მჰც.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინა შპს ”რადიოცენტრი პლუსმა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“.

კომისიის 2017 წლის 22 ივნისი N423/10 გადაწყვეტილების შესაბამისად 2017 წლის 27 ივლისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლების თანდასწრებით გაიხსნა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია. სხდომას ესწრებოდნენ შპს „რადიოცენტრი პლუსის“ დირექტორი ინგა დადიანი, იურისტი ანა სამსონია და შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის" დირექტორი რამაზ სამხარაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ  . ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ:

ა) შპს„რადიოცენტრი პლუსის“ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტებში (ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ) მითითებული მონაცემები არ იძლევა საშუალებას დადგინდეს კომპანიის აქტივების, პასივების და საწესდებო კაპიტალის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია;

 

ბ) შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო წარმოდგენილი ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა ქტივებისა და პასივების შესახებ, ხოლო ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია სრულყოფილად არ იყო შევსებული.

კომისია აღნიშნავს, რომ მოსამზადებელ სხდომაზე გადამოწმდა შპს „რადიოცენტრი პლუსის“ დირექტორის ინგა დადიანის (პ/ნ 35001018662) და კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების ირაკლი თევდორაშვილის (პ/ნ 01024018461) და ზაზა ბუაძის (პ/ნ 01001016801) მონაცემები თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge  და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდებზე არ იძებნება.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ11) პუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულება ეს არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ  გადამოწმდა შპს „რადიოცენტრი პლუსის“ დირექტორის ინგა დადიანის (პ/ნ 35001018662 ), შპს „კვირის პალიტრას“ (ს/კ 211326224) და კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების ირაკლი თევდორაშვილის (პ/ნ 01024018461) და ზაზა ბუაძის (პ/ნ 01001016801) ასევე შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ დირექტორის და 100%-ანი წილის მფლობელის რამაზ სამხარაძის (პ/ნ 01003000985) აფილირება მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. გადამოწმების შედეგად აფილირება  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან არ დადგინდა. აღსანიშნავია, რომ შპს „რადიოცენტრი პლუსი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის NB51, NB170 და NB188 ლიცენზიებს, რომლებიც ითვალისწინებს საერთო რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში, დაბა გუდაურში და ქ. ბორჯომში, ხოლო შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ ფლობს კერძო მაუწყებლობის NB95 და NB175 ლიცენზიებს, რომლებიც ითვალისწინებს საერთო რადიომაუწყებლობას ქ. ლაგოდეხში და ქ. თბილისში. შესაბამისად შპს ”რადიოცენტრი პლუსის” ან შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში არ დაირღვევა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-5 მუხლის თანახმად საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

მოსამზადებელ სხდომაზე კომისიამ აღნიშნა, რომ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა ხდება ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და კომისიის 2016 წლის 10 მარტის N160/22  გადაწყვეტილებით დამტკიცებულ რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებთან შესაბამისობის დადგენის, ამ კონცეფციების ურთიერთშედარებისა და შეფასების საფუძველზე. შესაბამისად, სამაუწყებლო კონცეფცია არის კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისთვის ერთ-ერთი ძირითადი, არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი, რომელიც ორივე კომპანიას აქვს წარმოდგენილი. ორივე კომპანიის სამაუწყებლო კონცეფციაში არის მითითებული პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობა. ასევე ორივე კომპანიის მიერ არის წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ და შპს ”რადიოცენტრი პლუსის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები საშუალებას იძლევა კომისიის მიერ შეფასდეს პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაცულობა.

კომისია აღნიშნავს, რომ ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ასევე ცნობა საწესდებო კაპიტალის განცხადებული და განაღდებული ნაწილის შესახებ არ წარმოადგენს არც კომპანიის სტრატეგიის განმსაზღვრელ დოკუმენტს, არც მარკეტინგულ გეგმას. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტების 5 დღის შემდეგ წარმოდგენა ვერ შეცვლის მასში ასახულ მონაცემებს და ეს დოკუმენტები ვერ ჩააყენებს კონკურსანტს კონკურენტულად უპირატეს მდგომარეობაში.

2017 წლის 27 ივლისს კომისიამ იმსჯელა კომპანიების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ:

 

ა) ვინაიდან შპს ”რადიოცენტრი პლუსის” მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილ სამ დოკუმენტში (ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ და ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ) მითითებული მონაცემები არ იძლევა საშუალებას დადგინდეს კომპანიის აქტივების, პასივების და საწესდებო კაპიტალის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, მიზანშეწონილია კომპანიას მიეცეს ვადა რათა წარმოადგინოს განმარტება ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ან წარმოადგინოს დოკუმენტაციის დაკორექტირებული ვარიანტი;    

 

ბ) შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიას არ წარმოუდგენია ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ხოლო ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ და მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია სრულყოფილად არ იყო შევსებული. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს "სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს" მიეცეს ვადა, რათა წარმოადგინოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაციის და საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად შევსებული დოკუმენტი ასევე წარმოადგინოს ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ და ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „რადიოცენტრი პლუსის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ო) ქვეპუნქტის და  43-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს შპს „რადიოცენტრი პლუსმა“ 2017 წლის 3 აგვისტოს 19:00 საათამდე კომისიის 2017 წლის 22 ივნისი N423/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის განმარტებითი წერილის ან შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ;

გ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

2. უზრუნველყოს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ 2017 წლის 3 აგვისტოს 19:00 საათამდე კომისიის 2017 წლის 22 ივნისი N423/10 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცხადებული კონკურსისთვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;

ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ; 

გ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

დ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია.

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რადიოცენტრი პლუსისთვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“  გაგზავნა       (ი. ხარებავა);

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაკოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ. №6) ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

 კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                                                                           მერაბ ქათამაძე

 კომისიის წევრი                                                                                                       ვახტანგ აბაშიძე

 კომისიის წევრი                                                                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                                        გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები