წვდომის მენიუ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვის თაობაზე

ნომერი: 501 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2017 15:36

მიღების თარიღი ივლისი 27, 2017

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განხილვის თაობაზე

I. დავის აღწერა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს რომ კომისიაში შემოვიდა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი (Nშ-6/4545-17; 16.06.2017). საჩივარში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მონიტორინგს საქართველოში. ამავე საჩივრის თანახმად, 2017 წლის 30 მაისს, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  წერილით მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და მოითხოვა მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალის სოციალური სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსება.

საჩივრის თანახმად, სსიპ ,,საზოგადოებრივმა“ მაუწყებელმა 2017 წლის 12 ივნისის წერილით უარი განუცხადა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ წარდგენილი ვიდეო მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებით, წარმოდგენილი აუდიო-ვიზუალური მასალა საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განმარტებით, ის არ ახორციელებს მომსახურების რეკლამირებას, აღნიშნული პროექტი საზოგადოების სიკეთის მიღებისკენ არის მიმართული და საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება.

საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლი განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, ვინაიდან, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არ არის მიმართული მოგების მიღებაზე და ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საჩივარში ასევე უთითებს, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი  განათავსა  შპს ,,ტელეიმედმა“, შპს „იბერია ტვ“-მ, შპს „ტელეკომპანია კავკასიამ“, შპს „მაესტრომ“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ, შპს „პალიტრა TV”-მ, შპს „ტელეკომპანია პირველმა“ და ა(ა)იპ ,,მედია კავშირ ობიექტივმა“.

ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მოთხოვნა:

1. საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 27 ივნისს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და  65-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ მიიღო №437/16 გადაწყვეტილება „სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე“ და საკითხის განხილვა დანიშნა 2017 წლის 6 ივლისს.

კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ნ. ლონდარიძე და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ. ბერძენიშვილი.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის (Nშ10/4867-17: 29.06.2017) თანახმად, მხარეების მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და თანდართული სარეკლამო რგოლის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის წ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას, ხოლო ამავე მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

2. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. 

3. დეპარტამენტის აზრით, ვიდეო რგოლი მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება და მათი უფლებების დაცვა ცალსახად წარმოადგენს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობას. ვიდეო რგოლი ასევე მიმართულია საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ. დეპარტამენტის აზრით, ვიდეო რგოლი ასევე მიმართულია საქველმოქედო მიზნების მიღწევისკენ. თუმცა იმისთვის, რომ აღნიშნულის თქმა დანამდვილებით იყოს შესაძლებელი, აუცილებელია ვიდეო რგოლში ხდებოდეს ხაზგასმა, რომ მომსახურება, რომელსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სთავაზობს ძალადობის მსხვერპლს არის უფასო. 

ამასთან, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ვიდეო რგოლი არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. მართალია, ვიდეო რგოლში მითითებულია ორგანიზაციის ტელეფონის ნომრები და მისამართები, თუმცა აღნიშნულის მითითება აუცილებელია, იმისთვის, რომ საზოგადოებამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში იცოდეს ვის მიმართოს, რომელ მისამართზე მივიდეს, ან რომელ ნომერზე დარეკოს და უფლებების დაცვა რეალურად შესაძლებელი გახდეს. აღნიშულზე ნათქვამია კომისიის 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაში ა(ა)იპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივრის განხილვის შესახებ. გადაწყვეტილებაში კომისია აღნიშნავს, რომ „სოციალური რეკლამის ფარგლებში ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრების გამოჩენა და ორგანიზაციების დასახელებების მითითება, ისევე როგორც ორგანიზაციების ლოგოების სოციალური ამონათება, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის ხელშემწყობი კამპანიის მხარდამჭერები არიან არ უნდა შეფასდეს, როგორც ამ ორგანიზაციების რეკლამირება. არამედ პირიქით, კომისიის აზრით მომხმარებელს ცხელ ხაზზე დარეკვისას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა ორგანიზაციაში ახორციელებს ზარს და ამასთანავე უნდა ფლობდეს ინფორმაციას თუ ვისი მხარდაჭერით ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა.“

დეპარტამენტს ასევე მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ვიდეო რგოლის ბოლო კადრის დაკორექტირება, სადაც საუბარია სოციალური რეკლამის დამზადებაში ორი ორგანიზაციის დახმარების თაობაზე. დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ტექსტი, რომელიც დადებულია ბოლო კადრზე უნდა დაკორექტირდეს და პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციებზე მითითება განხორციელდეს მხოლოდ ორგანიზაციების ლოგოს ამონათებით.    

კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მოთხოვნას წარმოადგენს აუდიო-ვიზუალურ კლიპს მიენიჭოს სოციალური რეკლამის სტატუსი და განთავსდეს სამაუწყებლო ბადეში. მან ყურადღება გამაახვილა იმაზე, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, არ არის მოგებაზე ორიენტირებული და არ ეწევა დამხმარე სამეწარმეო საქმიანობას. მისი განმარტებით, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ძირითადი საქმიანობა არის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე  ადამიანის უფლებების დარღვევაზე მონიტორინგი. ბოლო პერიოდში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით მათი ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა სრული ინფორმაცია ოჯახური ძალადობის შემთხვევაში რა ზომები მიეღოთ და ვისთვის  მიემართათ და შეიძლებოდა თუ არა მათთვის რაიმე დამცავი მექანიზმი ყოფილიყო. ნ. ლონდარიძის განცხადებით, ამ პრობლემის საფუძველზე მომზადდა ის სარეკლამო კლიპი, რომელიც განსათავსებლად გადაეცა სხვადასხვა ტელეკომპანიებს. მან ასევე აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ მათ ეცნობათ, რომ ვიდეო რგოლი არ განეკუთვნებოდა სოციალური რეკლამის კატეგორიას და ვერ აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამის განმარტებას, თუმცა, სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ არ განუმარტავს თუ რატომ არ აკმაყოფილებდა წარდგენილი ვიდეო რგოლი სოციალური რეკლამის სტატუსს.

 

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლის განცხადებით, ვიდეო რგოლში არ არის ნაჩვენები, რომ მომსახურება უფასოა და საქველმოქმედო ხასიათი აქვს. მისი განცხადებით, ფრაზა „მოდით ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები“ აღქმულ იქნა როგორც ადვოკატირების მომსახურება. მან დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან არის მზაობა ეს კლიპი განთავსდეს სამაუწყებლო ბადეში და შესაბამისად,  მაუწყებელი მზადაა მორიგებით დაასრულოს დავა.

კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს მზაობა შეეთანხმებნათ ვიდეო რგოლის დაკორექტირებული ვერსია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ საკითხის განხილვა გააგრძელა 2017 წლის 20 ივლისს.

კომისიის 2017 წლის 20 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ  ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლები. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა ნ. ლონდარიძემ აღნიშნა, რომ მან შეათანხმა ყველა მოთხოვნა, რაზეც შეიძლებოდა მორიგების დროს ყოფილიყო მსჯელობა. კერძოდ, მისი განმარტებით, ვიდეო რგოლში გაკეთდა მითითება იმაზე, რომ იურიდიული დახმარება უფასოა, ხოლო მეორე ხარვეზთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ეხმარება პროექტის განხორციელებაში, ითხოვს, რომ რეკლამის ბოლოს ტექსტი დარჩეს უცვლელად, თუმცა, მისივე განცხადებით, ტექსტი ძალიან მცირე შრიფტით იქნება დატანილი, 1 წამის ხანგრძლივობით. მოდავე მხარეთა შორის რეკლამასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერების მიზნით, საკითხის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 27 ივლისს.

კომისიის 2017 წლის 27 ივლისის სხდომას ესწრებოდნენ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლები. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ კომისიაში დამატებით წარმოადგინა ვიდეო რგოლის ჩანაწერი (წერილი Nშ-6/5606-17; 26.07.2017). სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მზად იყო მორიგებითვის. თუმცა, მისი განმარტებით, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ ვიდეო რგოლი დაკორექტირებული იყო მხოლოდ უფასო მომსახურებაზე მითითების ნაწილში, ხოლო ვიდეო რგოლის ბოლოს ტექსტი, რომელიც რეკლამირების ნიშნებს შეიცავდა, უცვლელი დარჩა, მხოლოდ შრიფტი შემცირდა.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები:

1. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი (Nშ-6/4545-17; 16.06.2017), რომელსაც თან ერთვის: კომისიის გადაწყვეტილება №70/23; 08.02.2016); სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საპასუხო წერილი (N2402101; 12.06.2017) და DVD;

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (Nშ-10/4867-17: 29.06.2017);

3. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წერილი (Nშ-6/5606-17; 26.07.2017), რომელსაც თან ერთვის DVD;

4. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2017 წლის 30 მაისს, ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წერილობით მიმართა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სამაუწყებლო ბადეში ვიდეორგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მიზნით;

მტკიცებულება: ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი (Nშ-6/4545-17; 16.06.2017) და მასზე თანდართული სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საპასუხო წერილი (N2402101; 12.06.2017)

2. სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ მიიჩნია, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი ვიდეორგოლი არ აკმაყოფილებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს და უარი უთხრა ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე;

მტკიცებულება: სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საპასუხო წერილი (N2402101; 12.06.2017).

3. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შემდეგი შინაარსის ვიდეორგოლი:

ვიზუალური ტექსტის სახით: ,,არ მოითმინო ძალადობა! (პარალელურად ეკრანზე ასახულ ტექსტს თან სდევს აუდიო ტექსტი: ,,არ მოითმინო და არ გაჩუმდე.“) ,,შენ არ ხარ მარტო“ (აუდიო ტექსტი იგივე), ,,დაიცავი!“ (აუდიო ტექსტი: ,,დაიცავი საკუთარი თავი და შვილები.“), თბილისი, მ. ქანთარიას ქ. 11ა, სართული 3; ტელ: 238 4648; რუსთავი, მეგობრობის გამზ. 20, ბინა 27; ტელ: 0 (341) 250069; გურჯაანი, ნონეშვილის ქ. 14, სართული 3, ტელ: 0 (353) 225070; გორი, ჭავჭავაძის ქუჩა 45, ტელ: 0 (370) 270718 (აუდიო ტექსტი: ,,მიმართე ადამიანის უფლებათა ცენტრის თბილისის, რუსთავის, გურჯაანისა და გორის ოფისებს. ერთად ვიბრძოლოთ შენი უფლებების დასაცავად.“; ვიდეო რგოლის ბოლო კადრში ასახულია ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, ამერიკის შეერთებული შტატების საერტაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ლოგოები და შემდეგი ვიზუალური ტექსტი: ,,სოციალური რგოლის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სოციალური რგოლის შინაარსზე პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ცენტრი. ის შეიძლება, არ ასახავდეს USAID, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.“

მტკიცებულება: ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარზე (Nშ-6/4545-17; 16.06.2017) თანდართული DVD.

4. ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა დაკორექტირებული ვიდეო რგოლი (წერილი Nშ-6/5606-17). წარმოდგენილ დაკორექტირებულ ვიდეო რგოლში ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისების მისამართებთან ერთად განთავსდა შემდეგი შინაარსის მითითება: ,,უფასო იურიდიული დახმარება“. დაკორექტირებული ვიდეო რგოლის ბოლო ნაწილში ასახული ტექსტის ქრონომეტრაჟი არ აღემატება 2 წამს და შრიფტი შემცირებულია. 2 წამამდე დროის მონაკვეთში მითითებული ტექსტის სრულად წაკითხვა შეუძლებელია.

მტკიცებულება: ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დაკორექტირებული ვიდეო რგოლი (წერილი Nშ-6/5606-17; 26.07.2017).  

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;

2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა  არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და შესწავლის საფუძველზე კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დაკორექტირებული ვიდეო რგოლი აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის თაობაზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, კომისიას მიაჩნია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა უფასო დახმარება და მათი უფლებების დაცვა ცალსახად წარმოადგენს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობას. შესაბამისად,  ვიდეორგოლი  მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, ასევე როგორც საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ, ისე  საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ვიდეო რგოლი არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. მართალია, ვიდეო რგოლში მითითებულია ორგანიზაციის ტელეფონის ნომრები და მისამართები, თუმცა აღნიშნულის მითითება აუცილებელია, იმისთვის, რომ საზოგადოებამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში იცოდეს ვის მიმართოს, რომელ მისამართზე მივიდეს, ან რომელ ნომერზე დარეკოს და უფლებების დაცვა რეალურად შესაძლებელი გახდეს.

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“   საჩივრის განხილვის  შესახებ“ კომისიის 2015 წლის 4 ივნისის N320/22 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ,,სოციალური რეკლამის ფარგლებში ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრების გამოჩენა და ორგანიზაციების დასახელებების მითითება, ისევე როგორც ორგანიზაციების ლოგოების სოციალური ამონათება, რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის ხელშემწყობი კამპანიის მხარდამჭერები არიან არ უნდა შეფასდეს, როგორც ამ ორგანიზაციების რეკლამირება. არამედ პირიქით, კომისიის აზრით მომხმარებელს ცხელ ხაზზე დარეკვისას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა ორგანიზაციაში ახორციელებს ზარს და ამასთანავე უნდა ფლობდეს ინფორმაციას თუ ვისი მხარდაჭერით ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა.“

კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ დაკორექტორებულ ვიდეო რგოლში განთავსდა მითითება უფასო იურიდიული დახმარების შესახებ და ვიდეო რგოლის ბოლო ნაწილში ასახული მცირე შრიფტის ტექსტის 2 წამამდე ხანგრძლივობის ქრონომეტრაჟი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ტექსტის წაკითხვას.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ა(ა)იპ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი დაკორექტირებული ვიდეო რგოლი შეესაბამება სოციალური რეკლამის მიმართ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. შესაბამისად, ა(ა)იპ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უნდა დაევალოს ა(ა)იპ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დაკორექტირებული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება.

V. სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი;

2. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ა(ა)იპ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დაკორექტირებული ვიდეო რგოლის სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება;

3. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების  მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა (ი. ხარებავა);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (გარდა მე-5 პუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                           მერაბ ქათამაძე                                                   

კომისიის წევრი                                                                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                   გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები