წვდომის მენიუ

სს „ინფოჯორჯია XXI“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 507 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 11, 2017 16:32

მიღების თარიღი ივლისი 27, 2017

სსინფოჯორჯია XXI“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“)  აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N10/4617-17, 20.06.2017) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „ინფოჯორჯია XXI“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ)  ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  დარღვევის  გამო.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ სს  „ინფოჯორჯია XXI“-ს კომისიის წინაშე ერიცხება დავალიანება 1,594.17 ლარი, რაც კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმებიდან დგინდება.

სს „ინფოჯორჯია XXI“-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა  2017 წლის 27 ივლისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (03/2521-17), რომელიც მას გაეგზავნა მის მიერ კომისიაში წარმოდგენილ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე.  შეტყობინებით, სს „ინფოჯორჯია XXI“   მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სს „ინფოჯორჯია XXI“-ის მიერ კომისიაშია წარმოდგენილი იქნა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის: N6/5540-17, 26.07.2017), სადაც აღნიშნულია, რომ რეგულირების საფასურის დავალიანება, 1594.17 ლარი, სს „ინფოჯორჯია XXI“-ის ნაცვლად უნდა გადაიხადოს  შპს „ახალ ტექნოლოგიებმა“, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. სს „ინფოჯორჯია XXI“-ის მიერ კომისიაში ზემოაღნიშნულ წერილთან ერთად გადმოგზავნილ იქნა  სს „ინფოჯორჯია XXI“  და შპს „ახალ ტექნოლოგიებს“ შორის 2012 წლის პირველ მაისს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 27 ივლისს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა  სს „ინფოჯორჯია XXI ”-ის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ  შეტყობინება სხდომის ჩატარების თაობაზე კომპანიას 2017 წლის 21 ივლისს ჩაბარდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე აქედან, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი სს „ინფოჯორჯია XXI“  ”-ის  წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის  მოხსენებითი ბარათი (N10/4617-17; 20.06.2017);
  2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან სს „ინფოჯორჯია XXI“   შესახებ მონაცემები;
  3. სს „ინფოჯორჯია XXI“ -ის 2017 წლის 26 ივლისის N6/5540-17 წერილი თანდართული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით.

III.         დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. სს „ინფოჯორჯია XXI“  არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 12.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; A.F.3  ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება, ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება);

2.   სს  „ინფოჯორჯია XXI“-ს   2017 წლის 27 ივლისის  მდგომარეობით (გადაწყვეტილების მიღებისთვის), კომისიის წინაშე ერიცხება 1,594.18 ლარის ოდენობის დავალიანება, რაც კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ყოველწლიური რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ფორმებიდან დგინდება;

3.  სს  „ინფოჯორჯია XXI“  მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

   IV.   გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი;
  3.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;
  5. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, განსაზღვრულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც  ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;
  6.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიას მიაჩნია, რომ სს „ინფოჯორჯია XXI“-ის მიერ, რეგულირების საფასურის დავალიანების წარმოუდგენლობით დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტები და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტი, რაც წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

გამომდინარე იქიდან, რომ სს „ინფოჯორჯია XXI“  -ის მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის,   მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  სს „ინფოჯორჯია XXI“ -ს   მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ)  ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო;

2.  უზრუნველყოს სს „ინფოჯორჯია XXI“-მა 10 სამუშაო ვადაში რეგულირების საფასურის დავალიანების - 1,594.17 ლარის, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხვა;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა)  გადაწყვეტილების სს „ინფოჯორჯია XXI“-ისთვის    დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.   დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ამირიძე) სს „ინფოჯორჯია XXI“  -ისათვის    ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი  დამოწმებული  ასლის სს „ინფოჯორჯია XXI“ -ისათვის   ჩაბარების დღიდან;

6.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო  დეპარტამენტს (ნ. დევდარიანი).

კომისიის თავმჯდომარის                                                                                                       მოვალეობის შემსრულებელი                                                          მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                      გიორგი ფრუიძ

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები