წვდომის მენიუ

შპს „888“-ის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ნომერი: 508 / 3

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2017 18:50

მიღების თარიღი ივლისი 27, 2017

შპს „888“-ის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

                ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე  ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის N421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19  გადაწყვეტილებისა და  “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 26 იანვრის N54/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „888” (ს/კ415087890) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.F.2.   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3    ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის                   შპს „888“-ის მიმართ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეუვსებლობისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უკვე გამოყენებულ იქნა გაფრთხილება და ჯარიმა. კერძოდ, კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის N750/18 გადაწყვეტილებით შპს „888“-ს მიეცა გაფრთხილება  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო.

ასევე კომისიის 2017 წლის 2 თებერვლის N68/18 გადაწყვეტილებით შპს „888“-ს დაეკისრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“, კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა და კომისიის 2016 წლის 17 ნოემბრის N750/18 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 27 ივლისის მდგომარეობით შპს „888“-ის მიერ კომისიის 2017 წლის 2 თებერვლის N68/18 გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით გადახდილ იქნა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 13 ივლისს (კომისიაში რეგისტრაციის    №შ-6/5209-17). რაც შეეხება სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებს, დღეის მდგომარეობით კომპანიას  არ შეუვსია ზემოაღნიშნული ფორმები.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  შპს „888“-ის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ. საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 27 ივლისი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

შპს „888“-ს საკითხის განხილვის თაობაზე შეტყობინება ჩაბარდა 2017 წლის 19 ივლისს. მიუხედავად ამისა 2017 წლის 27 ივლისის სხდომაზე კომისიის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „888“-ის დაუსწრებლად. აქედან გამომდინარე კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „888“-ის ავტორიზაციის შეჩერება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეუჩერდეს ავტორიზაცია შპს „888“-ს (ს/კ 415087890) დარღვევის აღმოფხვრამდე;

2. განემარტოს შპს „888“-ს, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან;

3. განემარტოს შპს „888“-ს, რომ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) შპს „888“-ისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

 მოვალეობის შემსრულებელი                                                   მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                გიორგი ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები