ააიპ “რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №12/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2017 15:37
მიღების თარიღი ივლისი 27, 2017
ააიპ “რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი სათემო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №12/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №№7/4200-17, 01.06.17 7/5371-17, 20.07.2017წ.) მიმართა ააიპ “რადიო-ტვ ნორმა“ მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, კომპანია აღნიშნავს, რომ შეცდომა დაუშვა სამაუწყებლო ანძის აგების დროს და დღეის მდგომარეობით ანძის გეოგრაფიული კოორდინატები არ შეესაბამება კომისიის 2015 წლის 8 იანვრის N12/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ კოორდინატებს.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ “რადიო-ტვ ნორი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B171 ლიცენზიას 2025 წლის 8 იანვრამდე, კომისიის 2015 წლის 8 იანვრის N12/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 8 იანვრამდე;
დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 12 საათი;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული, სომხური;
ვ) ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარი-ზაცია V / H |
გასხივება |
გადამც. სიმძლ. (ვტ) |
გეოგრაფ. კოორდინ.
|
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპი- რიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. ნინოწმინდა |
100.1 |
FM |
V |
წრიული |
100 |
41°16'01"N 43°35'19"E |
30 |
5 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნის (სამსახურეობრივი ბარათი №შ-10/6415-16, 04/07/2016) თანახმად, მიმდინარე წლის 23 ივნისს ქ. ნინოწმინდაში ჩატარებულ იქნა ააიპ „რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი ლიცენზიის პირობებით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადამცემისა და გადამცემი ანტენის (ანძის) განლაგების ადგილი (გეოგრაფიული კოორდინატები) არ შეესაბამება ლიცენზიით განსაზღვრულ გეოგრაფიულ კოორდინატებს (410 16’ 01’’ N; 430 35’ 19’’ E) და სხვაობითი მანძილი 1375 მ -ია; ამასთან აღსანიშნავია, რომ შეცვლილი კოორდინატებით (410 15’ 33.85’’ N; 430 36’ 05.71’’E) განსაზღვრული ადგილიდან, რაც შემოწმების შედეგად არის დადგენილი, №B171 ლიცენზიის პირობების შესაბამისად გადამცემის გასხივებული სიგნალით მოცული ტერიტორიის მოხაზულობა, პრაქტიკულად არ განსხვავდება იმ მოხაზულობიდან, რაც შესაძლებელია შექმნილიყო ლიცენზიით განსაზღვრული კოორდინატებიდან გასხივების შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მოთხოვნა დასაბუთებულია და შესაძლებელია ლიცენზიის მოდიფიცირება განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ “რადიო-ტვ ნორის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლობის №B171 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №12/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2017 წლის 24 აგვისტოს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ი. ხარებავა);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ “რადიო-ტვ ნორისთვის“ გაგზავნა (ი. ხარებავა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
