წვდომის მენიუ

შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 516 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 14, 2017 12:39

მიღების თარიღი ივლისი 27, 2017

შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ შპს ,,სისტემ ნეტმა“ შპს ,,ჯეოსელის“ წინააღმდეგ საჩივრით (№შ-6/4466-17б 13.06.17) მომართა კომისიას, შპს ,,ჯეოსელის“ მიერ კომისიის თანხმობის გარეშე საერთაშორისო ზარების ნაწილში ურთიერთჩართვის შეჩერებასთან დაკავშირებით.

შპს „სისტემ ნეტის“ საჩივრის (თან ერთვის შპს ,,ჯეოსელის“ წერილი (№2/229-17, 07.06.2017); CDR-ის ამონაწერი) თანახმად, კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილებით შპს „ჯეოსელს“ მიეცა გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის დარღვევის გამო და დაევალა შპს „სისტემ ნეტისთვის“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შეჩერებული ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა.

კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, შპს „ჯეოსელმა“ შპს ,,სისტემ ნეტს“ არ აღუდგინა საერთაშორისო ზარის დასრულების ნაწილში ურთიერთჩართვა. შპს ,,ჯეოსელმა“ წერილობით აცნობა შპს ,,სისტემ ნეტს“, რომ კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შპს ,,სისტემ ნეტმა“ უნდა იხელმძღვანელოს შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) პირობების შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია კომისიის ვებ-გვერდზე 2017 წლის 24 მაისს. შპს ,,სისტემ ნეტის“ განცხადებით კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილებაში რაიმე დამატებითი პირობა ურთიერთჩართვის დაუყონებლივ აღდგენასთან დაკავშირებით არ არის დადგენილი. შესაბამისად შპს ,,ჯეოსელის“ მიერ ხდება კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რითაც მის მიერ დაირღვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. აქედან გამოდინარე, შპს „სისტემ ნეტმა“ მოითხოვა  შპს „ჯეოსელის“ სანქცირება კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის და შეჩერებული ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივი აღდგენა.

კომისიის 2017 წლის 22 ივნისის №434/16 გადაწყვეტილებით შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 29 ივნისი. 2017 წლის 29 ივნისს, კომისიის სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო და დაინიშნა 2017 წლის 6 ივლისს. კომისიის 2017 წლის 6 ივლისის სხდომაზე შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენელს გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება (საქმე №3/4443-17), რომლითაც შპს ,,ჯეოსელის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა სრულად სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე.  აღნიშნული განჩინების გაცნობისა და პოზიციის წარმოდგენის მიზნით, შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა ითხოვა საკითხის განხილვის გადადება, რაც დაკმაყოფილდა კომისიის მიერ და საქმის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 21 ივლისს, რის შესახებ მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე.

კომისიის 2017 წლის 21 ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელი ხ. ინჯია და შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე.

შპს „სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება არ წარმოადგენს საკითხის განხილვის შეწყვეტის საფუძველს. შპს ,,ჯეოსელის“ მიერ კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილების აღუსრულებლობით და შეწყვეტილი ურთიერთჩართვის აღუდგენლობით, რომელიც გრძელდება 2017 წლის 12 აპრილიდან დღემდე, შპს „სისტემ ნეტს“ ადგება მატერიალური ზიანი. შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენლის განმარტებით, ურთიერთჩართვის შეწყვეტა დაუშვებელია იმ ვითარებაში, როდესაც ავტორიზებულ პირს არ გააჩნია დავალიანება მეორე ოპერატორის მიმართ, მათ შორის მოქმედებს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და ავტორიზებულმა პირმა წერილობით დაუდასტურა მეორე მხარეს მის მიერ შემოთავაზებული მომსახურების გაწევის პირობები.  შპს ,,სისტემ ნეტმა“ შპს ,,ჯეოსელის“ მიერ 2017 წლის 10 აპრილს შეთავაზებულ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობებზე გააკეთა უპირობო აქცეპტი. შპს ,,სისტემ ნეტის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შპს ,,ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისის ოფერტის 6.2.5. პუნქტი, რომლის თანახმად, „ავტორიზებული პირის მიერ შედარების აქტის ხელმოწერილი დედანის უკან დაბრუნების ვალდებულების დარღვევა ითვლება წინამდებარე მოწვევის ოფერტას და მომსახურების ხელშეკრულების დარღვევად, რა შემთხვევაშიც,  შპს „ჯეოსელი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს ან შეაჩეროს მომსახურების გაწევა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“, გარკვეული საფრთხის მატარებელია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,სისტემ ნეტმა“ მოითხოვა: 1. შპს „ჯეოსელს“ დაეკისროს პასუხისმგებლობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის ბ) ქვეპუნქტისა და და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გამო, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ჯარიმას; 2. შპს ,,ჯეოსელს“ დაევალოს შეწყვეტილი ურთიერთჩართვის, კერძოდ, საერთაშორისო ზარის ტერმინაციის მომსახურების დაუყოვნებლივ აღდგენა; 3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე, ვინაიდან დავა, რომელიც ურთიერთჩართვის აღდგენას ეხება თავისი მნიშვნელობით ავტორიზებული პირებისთვის უმნიშვნელოვანესია და მათი ძირითადი სამეწარმეო საქმიანობაა.

შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ აღნიშნა, რომ შპს ,,სისტემ ნეტი“ 2017 წლის 20 აპრილს შპს ,,ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისის მოწვევის ოფერტას ვერ დაეთანხმებოდა, ხოლო 2017 წლის 19 ივლისს შპს ,,სისტემ ნეტმა“ თანხმობა განაცხადა, რომ ცვლილება განხორციელებულიყო  მხოლოდ მომსახურების ტარიფთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, შპს „ჯეოსელის“ ახალი მოწვევის ოფერტა არ შეიცავს მხოლოდ ტარიფს, არამედ შეიცავს სხვა განსხვავებულ პირობებსაც (ურთიერთშედარების აქტის შედგენის პროცედურა, ავანსი, დავალიანების დაგროვების აცილების მექანიზმი და ა.შ.). მან ასევე აღნიშნა, რომ თუ შპს ,,სისტემ ნეტის“ მიზანი არ არის შპს „ჯეოსელის“ სანქცირება და არის ურთიერთჩართვის აღდგენა, შპს ,,სისტემ ნეტმა“ შპს ,,ჯეოსელის“ მიერ 2017 წლის 24 მაისს წარმოდგენილ მოწვევის ოფერტაზე უნდა გააკეთოს უპირობო აქცეპტი. შესაბამისად, შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ შპს ,,სისტემ ნეტს“ უარი ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1. შპს ,,სისტემ ნეტის“ საჩივარი (№შ-6/4466-17б 13.06.17) თანდართული მასალებით: შპს ,,ჯეოსელის“  წერილი (№2/229-17, 07.06.2017) ავტორიზებულ პირებს; CDR-ის ამონაწერი;

2. კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილება შპს „ჯეოსელის“  წინააღმდეგ  შპს „მაიფონის“, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“, შპს „სითი ტელეკომის“, შპს „ლაგის“, შპს „კავკასუს ონლაინის“,  შპს „ჯეონეთის“, შპს „ნიუ ვიჟენის“, Premium Net International SRL”-ის ფილიალის საქართველოში, შპს „სისტემ ნეტის“ საჩივრებთან დაკავშირებით დავის განხილვისა და შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ჯეოსელისთვის“ 2017 წლის 2 ივნისს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილება ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“;

4. კომისიის 2017 წლის 13 აპრილის №258/18 გადაწყვეტილება ,,შპს ,,ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;

5. შპს ,,ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი და კომისიის ვებ გვერდზე 2017 წლის 24 მაისს გამოქვეყნებული შპს ,,ჯეოსელის“ (მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის) ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა);

6. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება (საქმე №3/4443-17);

7. შპს ,,ჯეოსელის“ 2017 წლის 10 აპრილის წერილი ავტორიზებულ პირებს და შპს ,,ჯეოსელის“ (მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების 2016 წლის წინადადება (მოწვევის ოფერტა);

8.  შპს ,,სისტემ ნეტის“ 2017 წლის 20 აპრილის № 02/67 წერილი შპს ,,ჯეოსელის“ 2017 წლის 10 აპრილის წერილის პასუხად;

9. შპს ,,ჯეოსელის“ მიერ ავტორიზებული პირებისათვის, მათ შორის, შპს ,,სისტემ ნეტისთვის“  2017 წლის 7 ივნისს გაგზავნილი №02/829-17 წერილი;

10. შპს ,,სისტემ ნეტის“ მიერ შპს ,,ჯეოსელისთვის“ 2017 წლის 19 ივლისს  გაგზავნილი №02/128 წერილი;

11. კომისიის აპარატის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (№შ10/5561-17; 27.07.17);

12. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯეოსელის“ და შპს ,,სისტემ  ნეტის“ შესახებ;

13. კომისიის სხდომაზე შპს ,,სისტემ ნეტისა“ და შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.

III. დადგენილი გარემოებები

1. შპს  ,,ჯეოსელი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 09.03.2006. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 12.02.2012. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება);

2. შპს  ,,სისტემ ნეტი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი 05.02.2010). ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა;  საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით უზრუნველყოფა და მომსახურება; ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი; მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; 

3. შპს „ჯეოსელი“ და შპს ,,სისტემ ნეტი“, როგორც ავტორიზებული პირები, ვალდებულნი არიან შეასრულონ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4. ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებით საქართველოში საერთაშორისო ზარების დასრულებაზე შემოღებულ იქნა დროებითი რეგულაცია, კერძოდ, საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის (შპს „ჯეოსელი”, შპს „მაგთიკომი“, შპს „მობიტელი“) 1 წუთზე დადგინდა  0,20 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

კომისიის 2016 წლის 30 ივნისის №446/19 გადაწყვეტილებით კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებაში შესული ცვლილების შედეგად შპს ,,ჯეოსელს“ მიეცა კუთვნილ საკომუნიკაციო ქსელში საერთაშორისო ზარების ტერმინაციაზე საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) ტარიფისაგან განსხვავებული (საფეხურებრივი) ტარიფის დაწესების უფლება შემდეგი პირობებით: ა) მოძრავ და ფიქსირებულ საკომუნიკაციო ქსელებში საერთაშორისო ზარის ტერმინაციაზე საფეხურებრივი ტარიფი უნდა დადგინდეს ოპერატორის ქსელში  საერთაშორისო ზარის დასრულების  ტრაფიკის მოცულობის მიხედვით; ბ) მეორე და შემდგომ საფეხურზე დადგენილი ტარიფი უნდა იყოს პირველ საფეხურზე დადგენილ ტარიფზე  25 %-ით მეტი; გ) მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო  ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის  მიერ საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებაზე დაწესებული ტარიფი არ უნდა იყოს მის  მიერ  მეორე  საფეხურზე დადგენილ ტარიფზე ნაკლები;

5. კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა არ გაუგრძელდა ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №571/9 გადაწყვეტილებას. შესაბამისად, გაუქმდა საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარის დასრულებისთვის დადგენილი დროებითი რეგულაციები და 2017 წლის 1 მარტიდან საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურებისთვის ამოქმედდა კომისიის მიერ მობილურ ქსელში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების საბითუმო ბაზრის ზედა ზღვრული ტარიფი - 3,5 თეთრის ოდენობით წუთზე, დღგ-ს და აქციზის ჩათვლით.

ამავე გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,ჯეოსელს“, ინფორმაციის გამჭვირვალობის სპეციფიკური ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით,  დაევალათ 2017 წლის 1 მარტიდან საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობებთან  შესაბამისობაში მოყვანა და კომისიაში წარმოდგენა 2017 წლის 1 მარტამდე, რაც შპს ,,ჯეოსელის“ მიერ არ შესრულებულა, რისთვისაც კომისიის 2017 წლის 13 აპრილის №258/18 გადაწყვეტილებით დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;

6. 2017 წლის 28 თებერვალს შპს ,,ჯეოსელმა“ წერილობით (№შ-6/2011-17) მიმართა კომისიას, მოითხოვა ცვლილების შეტანა 2016 წლის პირველი აგვისტოს მოწვევის ოფერტში, მისი მოქმედების ვადის 2017 წლის პირველ ივნისამდე განსაზღვრა და კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნება, რაც კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, შპს ,,ჯეოსელის“ ოფერტა ეწინააღმდეგებოდა  კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 და 2010 წლის 21 მაისის N240/9  გადაწყვეტილებებს და მოქმედ კანონმდებლობას;

7. 2017 წლის 10 აპრილს, შპს ,,ჯეოსელმა“ წერილობით მიმართა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს ,,სისტემ ნეტს“, სადაც აღნიშნულია, რომ 2017 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომლითაც უცვლელი დარჩა შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების 2017 წლის 1 მარტამდე მოქმედი ტარიფები. კერძოდ, საანგარიშო თვის განმავლობაში პირველი 200000 წუთის ჩათვლით ყოველი ერთი წუთი - 0,20 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, აქციზის ჩათვლით, ხოლო საანგარიშო თვის განმავლობაში პირველი 200000 წუთის შემდგომ ყოველი 1 წუთი - 0,25 აშშ დოლარის ექვივალენტი. აღნიშნული წერილით, შპს ,,ჯეოსელმა“ ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,სისტემ ნეტს“, აცნობა, რომ მიუხედავად 2017 წლის 1 მარტიდან გრძელდებოდა შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურება, მას არ მიუღია საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადებაზე წერილობითი ფორმით გაკეთებული უპირობო აქცეპტი და აღნიშნულის განსახორციელებლად ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,სისტემ ნეტს“ განუსაზღვრა ვადა 2017 წლის 12 აპრილის 18 საათამდე, ამასთან კომპანიები გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შპს ,,ჯეოსელი“ აღარ გაუგრძელებდა მათ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების ფაქტობრივ მიწოდებას;

8. შპს ,,ჯეოსელის“ 2017 წლის 10 აპრილის წერილის პასუხად, შპს ,,სისტემ ნეტმა“  შპს ,,ჯეოსელს“ 2017 წლის 20 აპრილს წერილობით (№02/67) აცნობა, რომ უპირობო აქცეპტს (თანხმობას) აცხადებს საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზებაზე 2017 წლის 10 აპრილის წერილში მოყვანილი პირობებით;

9. 2017 წლის 12 აპრილს, შპს ,,ჯეოსელმა“, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, შპს ,,სისტემ ნეტს“ შეუწყვიტა ურთიერთჩართვა საერთაშორისო ზარის დასრულების ნაწილში, რისთვისაც კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილებით შპს „ჯეოსელს“ მიეცა გაფრთხილება და დაევალა შპს ,,სისტემ ნეტისთვის“ შეწყვეტილი საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობით (მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,ჯეოსელს“ ჩაბარდა 2017 წლის 2 ივნისს;

10. კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილება შპს ,,ჯეოსელის“ მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით (საქმე №3/4443-17) კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდა სრულად სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც კომისიის მიერ გასაჩივრებულ იქნა კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში;

11. 2017 წლის 7 ივნისს, შპს ,,ჯეოსელმა“ ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს ,,სისტემ ნეტს“  №02/829-17 წერილით აცნობა, რომ იმისთვის, რომ შპს ,,ჯეოსელმა“ შეძლოს კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილების აღსრულება ავტორიზებულმა პირებმა უნდა იხელმძღვანელონ შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტას) პირობების შესაბამისად, რომელიც გამოქვეყნებულია კომისიის ვებ-გვერდზე 2017 წლის 24 მაისს;

12. 2017 წლის 19 ივლისს, შპს ,,სისტემ ნეტმა“ წერილობით (№02/128) მიმართა შპს ,,ჯეოსელს“, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეთა შორის მოქმედი 2017 წლის 10 აპრილის საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობების 19.2. პუნქტის თანახმად, რომელსაც შპს ,,სისტემ ნეტი“ უპირობოდ დაეთანხმა თავისი 2017 წლის 20 აპრილის წერილით, შპს ,,სისტემ ნეტი“ თანახმაა ცვლილება განხორციელდეს მომსახურების ტარიფთან მიმართებაში და კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მომსახურების ტარიფი ძალაში შევიდეს მას შემდეგ, რაც შპს ,,ჯეოსელი“ აღადგენს შეწყვეტილ მომსახურებას. ამასთან განმარტა, რომ აღნიშნული თანხმობის წერილობითი წარმოდგენა არ იქნებოდა აუცილებელი, რომ შპს ,,ჯეოსელი“ ახორციელებდეს თავის ვალდებულებებს ჯეროვნად და მომსახურებას უწევდეს შპს ,,სისტემ ნეტს“ მათ შორის მოქმედი ზემოაღნიშნული პირობებით, რადგან 19.4 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება ავტომატურად შედის ძალაში თუ 19.2. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში აქცეპტანტი წერილობით უარს არ განაცხადებს შპს ,,ჯეოსელის“ მიერ განხორციელებულ ცვლილებაზე;

13. ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებით საქართველოში საერთაშორისო ზარების დასრულებაზე კვლავ შემოღებულ იქნა დროებითი რეგულაცია და შპს ,,ჯეოსელის“ საკომუნიკაციო ქსელში ზარის დასრულების ტარიფი განისაზღვრა 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - 1 წუთი (გადასახადების ჩათვლით). ამავე გადაწყვეტილებით საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორებს, მათ შორის შპს ,,ჯეოსელს“, დაევალა საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების  შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) 2017 წლის 1 ივნისამდე გამოსაქვეყნებლად კომისიაში წარმოდგენა;

14. შპს ,,ჯეოსელმა“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, 2017 წლის 24 მაისს კომისიაში გამოსაქვეყნებლად წარმოადგინა საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების  შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა), რაც კომისიის მიერ გამოქვეყნდა კომისიის ვებ-გვერდზე.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით; მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით;

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

4.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად,  კომისიის ამოცანაა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: ოპერატორის ქსელის ელემენტების, მათი ფუნქციონალური რესურსებისა და თავისუფალი სიმძლავრეების, აგრეთვე დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების შესახებ, რათა მსურველ ავტორიზებულ პირს არ მოეთხოვოს ქსელის იმ ელემენტებისათვის, ტექნიკური საშუალებებისათვის ან ფუნქციონალური რესურსებისათვის დამატებითი საფასურის გადახდა, რომლებიც მას არ მოუთხოვია;

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის  შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტათ) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი ოპერატორის შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტას) არსებით პირობებს, ანდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვალა კანონმდებლობა, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების  პირობების გადასინჯვა, შესწორება ან გაუქმება;

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს:

1. კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჯეოსელს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება და დაევალა საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში შპს „სისტემ ნეტისთვის“ კანონდარღვევით შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა, შპს ,,ჯეოსელს“ ჩაბარდა 2017 წლის 2 ივნისს. აქედან გამომდინარე, შპს ,,ჯეოსელი“ ვალდებული იყო დაუყონებლივ შეესრულებინა კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილება და შპს ,,სისტემ ნეტისთვის“ აღედგინა კანონდარღვევით შეწყვეტილი საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება, რაც შპს ,,ჯეოსელის“ მიერ არ შესრულებულა, რითაც მის მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. კომისია აქვე აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე განჩინება, რომელიც კომისიის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით, ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო 2017 წლის 26 ივნისს, მას შემდეგ, რაც შპს ,,ჯეოსელს“ კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილება უკვე ჩაბარებული (2017 წლის 2 ივნისი) ჰქონდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ  შპს ,,სისტემ ნეტმა“ შპს ,,ჯეოსელს“ მის მიერ 2017 წლის 10 აპრილს შეთავაზებულ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობებზე 2017 წლის 20 აპრილს წერილობით გააკეთა უპირობო აქცეპტი, შპს ,,ჯეოსელის“ მიერ მაინც არ მოხდა კანონდარღვევით შეწყვეტილი საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების ნაწილში ურთიერთჩართვის აღდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ29) ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვა არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით და რომელიც  ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო  და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განხორციელება შეუძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის (პირდაპირი თუ არაპირდაპირი) გარეშე. შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთჩართვის უზრუნველსაყოფად.

ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის თვითნებურად შეწყვეტის, შესაბამისად, მომხმარებლებისა და კომუნიკაციების სფეროშო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების კანონიერი ინტერესებისათვის ზიანის მიყენებისა და ამ სფეროში არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელმა განსაზღვრა, რომ დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა, ხოლო შეჩერება დასაშვებია მხოლოდ კომისიის თანხმობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს განეკუთვნება: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება; ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. შესაბამისად, დაუშვებელია საბაზრო ძალაუფლების მქონე პირმა კანონდარღვევით, თვითნებურად შეწყვიტოს ურთიერთჩართვა და თვითნებურად განსაზღვროს შეწყვეტილი მომსახურების აღდგენის პირობები, რაც გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვასა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ჯეოსელი“ ვალდებულია დაუყონებლივ აღადგინოს შპს ,,სისტემ ნეტისთვის“ კანონდარღვევით შეწყვეტილი საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება.

იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ჯეოსელმა“ კომისიის 2017 წლის 11 მაისის №332/18 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა დენადი ხასიათის დარღვევა და შპს ,,სისტემ ნეტს“ დაუყონებლივ არ აღუდგინა კანონდარღვევით შეწყვეტილი საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება, ამასთან, კომისიის 2017 წლის 13 აპრილის №258/18 გადაწყვეტილებით ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევისათვის, კერძოდ, კომისიის 2016 წლის 29 დეკემბრის №857/19 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო წერილობით იყო გაფრთხილებული, შპს ,,ჯეოსელს“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქრთველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა დაეკისროს ჯარიმა - 30000 ლარის ოდენობით. ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ჯეოსელს“ უნდა დაევალოს შპს „სისტემ ნეტთან“ საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში კანონდარღვევით შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა კომისიის კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების, საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესაბამისად. ამავე დროს, შპს ,,ჯეოსელს“ და შპს ,,სისტემ ნეტს“ უნდა დაევალოთ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და მისი ასლის კომისიაში წარმოდგენა ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

2. კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,სისტემ ნეტის“ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს ,,ჯეოსელის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი და კომისიის ვებ-გვერდზე 2017 წლის 24 მაისს გამოქვეყნებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეთავაზების წინადადების 6.2.5. პუნქტი, რომლის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ შედარების აქტის ხელმოწერილი დედანის უკან დაბრუნების ვალდებულების დარღვევა ითვლება წინამდებარე მოწვევის ოფერტას და მომსახურების ხელშეკრულების დარღვევად, რა შემთხვევაშიც, შპს „ჯეოსელი“ უფლებამოსილია შეწყვიტოს ან შეაჩეროს მომსახურების გაწევა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,  გარკვეული საფრთხის მატარებელია, ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი შპს ,,ჯეოსელს“ უფლებას აძლევს მისი შეხედულებისამებრ შეწყვიტოს საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება.  

კომისია აღნიშნავს, რომ შედარების აქტი,  საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის დროს, წარმოადგენს მომსახურების  მიღება-ჩაბარების შესახებ დადასტურებას, კერძოდ, ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ ერთმა მხარემ გაუწია საკუთარ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება, ხოლო მეორე მხარემ ეს მომსახურება  მიიღო. აღნიშნული დოკუმენტი  საფუძვლად უდევს ანგარიშსწორების (საგადასახადო ანგარიშფაქტურის შედგენა, თანხის ბენეფიციარისთვის ჩარიცხვა და სხვ.) პროცესს. შედარების აქტით ხორციელდება მოთხოვნის, შემოსავლების და ვალდებულებების აღიარება  და მათი სწორად  აღრიცხვა. ამასთან, აღნიშნული პირობა შპს ,,ჯეოსელს“ არ აძლევს უფლებას ურთიერთჩართული ავტორიზებული პირის მიერ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ცალმხრივად, ყოველგვარი შეთანხმების ან კომისიის თანხმობის გარეშე შეწყვიტოს საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურება.  კომისია აქვე აღნიშნავს, რომ თუ ავტორიზებული პირი მიიჩნევს, რომ შეთავაზების წინადადების არსებითი პირობები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას ან კომისიის გადაწყვეტილებას, ან/და მისი მოქმედების პერიოდში შეიცვალა კანონმდებლობა ან კომისიის გადაწყვეტილება, მას შეუძლია აღნიშნულის შესახებ მიმართოს კომისიას, რომელიც  უფლებამოსილია მოითხოვოს შეთავაზების წინადადების პირობების გადასინჯვა, შესწორება ან გაუქმება.

3. შპს ,,ჯეოსელის“ მიერ შპს ,,სისტემ ნეტისთვის“ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების შეწყვეტა ხელყოფს შპს ,,სისტემ ნეტის“ კანონიერ ინტერესებს და აყენებს მატერიალურ ზიანს. ამასთან, კანონდარღვევით შეწყვეტილი საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების აღუდგენლობით, ერთი მხრივ, შპს ,,სისტემ ნეტი“ საერთაშორისო პარტნიორების დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას, რაც შეუძლებელს გახდის სამომავლოდ მისი კანონიერი ინტერესების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, გაგრძელდება მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის - შპს ,,ჯეოსელის“ მიერ, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების დარღვევა და საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას. ამავე დროს, ზღუდავს კომისიას შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებები და უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსრულებისათვის უნდა მიექცეს.

კომისია აქვე აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტული გარემოს არსებობისა და ავტორიზებული პირის კანონიერი უფლების დაცვის მნიშვნელობაზე მითითებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის არაერთ განჩინებაში, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინება კომისიის გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განჩინება (საქმე №3ბ/1458-17);  თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განჩინება (საქმე №3ბ/844-17); თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინება (მოსარჩელე: შპს ,,ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ,,ფოპტნეტი“, მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია).

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ე) და ვ) ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, მე-20 მუხლის, 34-ე მუხლისა და 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95-ე  98-ე და 99-ე მუხლებისა და ,,საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „სისტემ ნეტის“  საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ჯეოსელს“ დაეკისროს ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით;

3. შპს „ჯეოსელს“ დაევალოს შპს „სისტემ ნეტისთვის“  საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში კანონდარღვევით შეწყვეტილი ურთიერთჩართვის დაუყოვნებლივ აღდგენა კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილების, საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებებით მასზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესაბამისად;

4. შპს ,,ჯეოსელს“ და შპს ,,სისტემ ნეტს“ დაევალოთ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების ურთიერთჩართვის ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობისა და კომისიის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობაში მოყვანა და მისი ასლის კომისიაში წარმოდგენა ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) დაინტერესებული მხარეებისთვის  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარეებისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

9. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების (მე-8 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                 მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                          ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                          გიორგი ფრუიძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები