წვდომის მენიუ

შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 534 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 18, 2017 11:34

მიღების თარიღი აგვისტო 10, 2017

შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/5337-17, 18.07.2017) თანახმად, კომისიას მომართა “Eurasian Broadcasting Enterprise Limited”-მა  წერილებით (კომისიაში რეგისტრაციის N შ-8/3878-17; 17.05.17 და N შ-8/4235; 2.07.17), რომლითაც კომპანია  კომისიას აცნობებს,  რომ  შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ სამაუწყებლო არხების „Setanta Sport“-ი და  „Setanta Sport+“ რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად. შესაბამისად, 2017 წლის  26 ივნისს კომისიის აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის  შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი №21. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისი, თემქის  მე-3 მკრ. მე-2 კვ. კორპ. N33, ბინა N84. შპს „სუპერ ტვ“-ს აბონენტთან  ანა კონტრიძესთან. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ  შპს „სუპერ ტვ“ საკუთარი  ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  “რუსთავი 2”,  „იმედი“,  „მაესტრო“,  „GDS“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „პულსი“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“, „სილქ-სპორტი 3“, „სილქ-კინოკოლექცია“,„სილქ-ჰოლივუდი“,  “მედია-სახლი ობიექტივი”, „პალიტრა ტვ“,  „კავკასია“, „ქართული არხი“, „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“, „სტარვიზია“,„არტარეა“, „ბასტი ბუბუ“, “Euronews”, „Настояшее Время“, “CNN”, „Пятница“, „TВЦ“,  „ТНТ“,  „СТС“, „ТНТ Комеди“, “Eurosport”, “Eurosport 2”, “Eurosport news”, ”Setanta sport”, “Extrim sport”, “Viasat sport”, „Бокс ТВ“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “Еврокино”, Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”, “XXI”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Феникс кино”, „Психология“, “Zee TV”, “Охота и Рыбалка”,”Animal Planet”, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”, “Дождь”, “Explorer”, “History”, “C1”, “Nature”, “CBS reality”,“Домашний”, “Зоопарк”, “РЕН ТВ”,  “НТВ МИР”, “Retro”, “Drive”, “Авто 24”, “TLC”, “FINE Living”, “Fashion One”, “Russia today”, “Оружие”,  “Сарафан”, “Усадьба”, “Trace urban”, “МузТВ”, “Boomerang”, “Da  vinchi”,  “Россия К”, “TV3” (რუსული), “UA TB”, “I TV”, “DW”, “France 24”, “RAI 1”, “TRT Turk”, “РТР планета”, “365”, “Матч планета”, “Авто+”, „საფერავი ტვ“,“ОРТ”, „ვინილი“, „Food Geo“,  „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „დრო“, „მარაო“, „რაგბი ტვ“, “სილქ-ქიდსი“, “Домашное животное”, ”Setanta sport +”, “სილქ -უნივერსალი”, „Русский Экстрим”, „Amedia 1“, “Amedia2”, “Amediahit”, “კომედი არხი”, „ენკი-ბენკი“,“ID”,  “НСТ”, “24 Док”, “24 Техно”, „Cinema“ (парк развлечений), „ЦТВ“.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, ირკვევა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს 2017 წლის 18 ივლისის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი  რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „ТНТ“, ”Setanta sport”, „Rai 1“,  “TRT Turk”, ”Setanta sport +”. შესაბამისად, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ  შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/5337-17, 18.07.2017) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 3 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინება ფოსტით გაეგზავნა შპს „სუპერ ტვ“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.  შეტყობინება (N03/2587-17; 28.07.2017) კომპანიას არ ჩაბარდა. შესაბამისად,  შეტყობინება (N03/2587-17; 28.07.2017) ხელმეორედ გაიგზავნა და ხელზე ჩაბარდა შპს „სუპერ ტვ“-ს 2017 წლის 31 ივლისს.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (შ-10/5623-17; 31.07.2017) დამატებით ირკვევა, რომ შპს  „სუპერ ტვ“-მ კომისიაში დამატებით  წარმოადგინა რიგი სამაუწყებლო არხების მართლზომიერი რეტრანსლირების  დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სამსახურებრივ ბარათში ასევე, აღნიშნულია, რომ  სამაუწყებლო არხ „მარაოს“ სანებართვო წერილს მოქმედების ვადა გაუვიდა 2015 წლის 31 დეკემბერს, შესაბამისად,  2017 წლის 26 ივნისის მდგომარეობით კომპანიას არ გააჩნია აღნიშნული სამაუწყებლო არხის რეტრანსლირების უფლება, ასევე,  2017 წლის 28 ივლისს კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა შემოწმების დროს შპს „სუპერ ტვ“ არამართლზომიერად ახორციელებდა ზემოაღნული სამაუწყებლო არხების („საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“) ტრანზიტს.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/5623-17; 31;07.2017) თანდართული დოკუმენტაციით შპს „სუპერ ტვ“ გაეგზავნა 2017 წლის 31 ივლისს N03/2591-17 წერილით, რომელიც ჩაბარდა ხელზე 2017 წლის 31 ივლისს.

2017 წლის 31 ივლისს კომისიაში შემოვიდა შპს „სუპერ ტვ“-ს წერილობითი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-10/5666-17; 31.07.2017) შუამდგომლობა საკითხის განხილვის გადადების თაობაზე იმ მიზეზით, რომ შპს „სუპერ ტვ“-ს მთავარი იურისტი იმყოფება შვებულებაში, ხოლო კომპანიის დირექტორი 2017 წლის 1 აგვისტოდან იქნება მივლინებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანია ითხოვს შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის გადადებას 2017 წლის 10 აგვისტოსთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე კომისიის მიერ დაკმაყოფილდა კომპანიის შუამდგომლობა და შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2017 წლის 10 აგვისტო, 15 საათი. აღნიშნულის თაობაზე შპს „სუპერ ტვ“ ეცნობა კომისიის 2017 წლის 3 აგვისტოს N03/2674-17 შეტყობინებით, რომელიც ჩაბარდა 2017 წლის 9  აგვისტოს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 10 აგვისტოს, რომელსაც ესწრებოდა შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენელი ლიკა გახარია, რომელმაც აღიარა დარღვევა და კომისიის სხდომაზე წარმოადგინა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სამაუწყებლო არხის „მარაოს“ გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „სეტანტა ჯორჯიას“ წარმომადგენელი თორნიკე უსტარაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ არამართზომიერად ხორციელდება სამაუწყებლო არხების „Setanta sport” და ”Setanta sport +” რეტრანსლირება.

II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:   

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/5337-17, 18.07.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (შ-10/5623-17; 31.07.2017) თანდართული დოკუმენტაციით;
  3. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 26 ივნისის შემოწმების აქტი N21;
  4.  შპს „სუპერ ტვ“-ს შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
  5. შპს „სუპერ ტვ“-ს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-10/5666-17 ; 31.07.2017);
  6. კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილი და ამ წერილის შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: N741 );
  7. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი - საფოსტო ქვითარი N010003903464;
  8. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „სუპერ ტვ“-ს შესახებ;
  9. შპს „სუპერ ტვ“-ის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს წარმოდგენილი „მარაოს“ მართლზომიერად გავრცელების სანებართვო წერილი;
  10. შპს „სეტანტა ჯორჯიას“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე.
  11. შპს „სუპერ ტვ“-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის   2017 წლის 10  აგვისტოს სხდომებზე. 

III.       კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. შპს „სუპერ ტვ“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 31.01.2011; ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებით და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:  ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);
  2. შპს „სუპერ ტვ“-ს საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. 2017 წლის 26 ივნისს, 14:12 საათზე, შპს „სუპერ ტვ“-ს აბონენტთან  ა. კონტრიძესთან, მისამართზე: ქ. თბილისი, თემქის  მე-3 მკრ. მე-2 კვ. კორპ. N33, ბინა N84, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №21.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, ა.კ;
  4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ  შპს „სუპერ ტვ“ საკუთარი საკაბელო ქსელით ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“,  “რუსთავი 2”,  „იმედი“,  „მაესტრო“,  „GDS“, “Music Box” (ტელეკომპანია თბილისი), „პულსი“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“, „სილქ-სპორტი 3“, „სილქ-კინოკოლექცია“,„სილქ-ჰოლივუდი“, “მედია-სახლი ობიექტივი”, „პალიტრა ტვ“, „კავკასია“, „ქართული არხი“, „ტვ პირველი“, „ერთსულოვნება“, „აჭარა“, „სტარვიზია“,„არტარეა“, „ბასტი ბუბუ“, “Euronews”, „Настояшее Время“, “CNN”, „Пятница“, „TВЦ“,  „ТНТ“,  „СТС“, „ТНТ Комеди“, “Eurosport”, “Eurosport 2”, “Eurosport news”, ”Setanta sport”, “Extrim sport”, “Viasat sport”, „Бокс ТВ“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “TV 1000 ру.кино”, “TV 1000 комеди”, “TV 1000 мегахит”, “TV 1000 премиум”, “Еврокино”, Sony Sci-fi”, “Sony entertainment”, “Sony turbo”, “XXI”, ”Иллюзион+”, “Русский иллюзион”, “Феникс кино”, „Психология“, “Zee TV”, “Охота и Рыбалка”,”Animal Planet”, “Discovery”, “Discovery Science”, “DTX”, “Дождь”, “Explorer”, “History”, “C1”, “Nature”, “CBS reality”,“Домашний”, “Зоопарк”, “РЕН ТВ”,  “НТВ МИР”, “Retro”, “Drive”, “Авто 24”, “TLC”, “FINE Living”, “Fashion One”, “Russia today”, “Оружие”,  “Сарафан”, “Усадьба”, “Trace urban”, “МузТВ”, “Boomerang”, “Da  vinchi”,  “Россия К”, “TV3” (რუსული), “UA TB”, “I TV”, “DW”, “France 24”, “RAI 1”, “TRT Turk”, “РТР планета”, “365”, “Матч планета”, “Авто+”, „საფერავი ტვ“,“ОРТ”, „ვინილი“, „Food Geo“,  „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „დრო“, „მარაო“, „რაგბი ტვ“, “სილქ-ქიდსი“, “Домашное животное”, ”Setanta sport +”, “სილქ -უნივერსალი”, „Русский Экстрим”, „Amedia 1“, “Amedia2”, “Amediahit”, “კომედი არხი”, „ენკი-ბენკი“,“ID”,  “НСТ”, “24 Док”, “24 Техно”, „Cinema“ (парк развлечений), „ЦТВ“;
  5. 2017 წლის 26 ივნისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დადასტურდა 2017 წლის 26 ივნისის №21 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
  6. შპს „სუპერ ტვ“-ს 2017  წლის 26 ივნისის მდგომარეობით კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი  სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „ТНТ“, „Setanta sport”, „Rai 1“,  „TRT Turk”, „Setanta sport +”-ის  და „მარაოს“ მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;  
  7. 2017 წლის 28 ივლისს შპს „სუპერ ტვ“-მ კომისიაში წარმოადგინა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სანებართვო წერილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხის“ უცვლელი სახით რეტრანსლირების თაობაზე, თუმცა შემოწმების დროს შპს „სუპერ ტვ“ არამართლზომიერად ახორციელებდა ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების („საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“) ტრანზიტს;
  8. 2017 წლის 10 აგვისტოს შპს „სუპერ ტვ“-მ კომისიაში წარმოადგინა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სანებართვო წერილი  „მარაოს“ უცვლელი სახით რეტრანსლირების თაობაზე, თუმცა შემოწმების დროს შპს „სუპერ ტვ“-ი არამართლზომიერად ახორციელებდა სამაუწყებლო არხის - „მარაოს“ რეტრანსლირებას;
  9. 2012 წლის 27 თებერვლის №04/462-12 წერილით (შპს „სუპერ ტვ“-ს ჩაბარდა 29.02.2012.) მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის შპს „სუპერ ტვ“-ს ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ/დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე;
  10. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის თაობაზე შპს „სუპერ ტვ“-ს ასევე ეცნობა კომისიის  2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით, რომელიც, შპს „სუპერ ტვ“-ს 2013 წლის 18 იანვარს  ჩაბარდა. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  11. 2017 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით შპს „სუპერ ტვ“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „ТНТ“, ”Setanta sport”, „Rai 1“,  “TRT Turk”, ”Setanta sport +”, „მარაო“;
  12. შპს „სუპერ ტვ“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,    ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
  11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
  14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სამაუწყებლო არხების:  „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“,  „ТНТ“, ”Setanta sport”, „Rai 1“,  “TRT Turk”, ”Setanta sport +”, „მარაოს“  შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „სუპერ ტვ“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია იგივე/მსგავს დარღვევას, ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „სუპერ ტვ“-ს უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე  იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირება, რომელთა მართლზომიერი რეტრანსლირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიის მიერ კომისიაში წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის წარმოდგენილი არ არის, კერძოდ:   „ТНТ“, ”Setanta sport”, „Rai 1“,  “TRT Turk” და ”Setanta sport +”  არამართლზომიერი ტრანზიტი.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

 გადაწყვიტა:

  1. შპს „სუპერ ტვ“-ს მიეცეს გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის   დარღვევის გამო;
  2.  უზრუნველყოს შპს „სუპერ ტვ“-მ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების „ТНТ“, ”Setanta sport”, „Rai 1“,  “TRT Turk” და ”Setanta sport +”  არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სუპერ ტვ“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სუპერ ტვ“-სთვის  ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „სუპერ ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                 კახი  ბექაური

კომისიის წევრი                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                    მერაბ ქათამაძე         

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები