შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 15, 2017 10:51
მიღების თარიღი აგვისტო 10, 2017
შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და შპს „ინექსფონისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/5485-17, 24.07.2017) მიმართეს შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიამ“ და შპს „ინექსფონმა“ შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლების შპს „ინექსფონის“ სასარგებლოდ დათმობის თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია” კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის №501/1 გადაწყვეტილებით და 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილების შესაბამისად პირველი პუნქტის ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას № N154 ლიცენზიის მოქმედების ვადით (2019 წლის 9 ოქტომბერი) ქ. თბილისში 2000 სააბონენტო ნომერზე (2496XXX-2497XXX).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, პირები, რომლებზეც 2012 წლის პირველ თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების შესაბამისი ვადის განმავლობაში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნებართვის გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი და ნებართვის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ინექსფონი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.1. ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.
,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის თანახმად, დადგენილია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ ნებართვაზე შეადგენს 100 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნებართვა გაიცემა - გეოგრაფიული ნომრებზე და მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის; ნებართვა გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს - 0,10 ლარს - 1 სააბონენტო ნომერზე;
კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასა“ და შპს „ინექსფონის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასა“ და შპს „ინექსფონის“ მიერ წარმოდგენილი ერთობლივი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ კომისიაში წარმოდგენილია შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასა“ და შპს „ინექსფონის“ ერთობლივი განცხადება, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასა“ და შპს „ინექსფონის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შპს „ინექსფონის“ მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარის და რესურსით სარგებლობის საფასურის - 200 ლარის (0,10 ლარი 1 სააბონენტო ნომერზე) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთები.
კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენების და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი უკვე ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და მის მიერ მოთხოვნილია ნუმერაციის რესურსი იმავე სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ნებართვის მაძიებელი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს დადასტურება იმისა, რომ ნებართვის მაძიებელის მიერ ათვისებულია კომისიის მიერ მასზე უკვე გაცემული ნუმერაციის რესურსის საერთო რაოდენობის 75%.
კომისია აღნიშნავს, შპს „ინექსფონი” ქ. თბილისში ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ფლობს 11000 სააბონენტო ნომერს. შპს „ინექსფონს“ კომისიის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით ჰყავს 8849 რეგისტრირებული აბონენტი, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს „ინექსფონს“ კომისიის მიერ გაცემული ნუმერაციის რესურსიდან ათვისებული აქვს 80,4%-ს შეადგენს.
კომისია დამატებით აღნიშნავს, შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯია“ ზემოაღნიშნულ ნუმერაციის რესურსზე ფლობს 242 აქტიურ აბონენტებს, რომლებიც წინასწარ ინფორმირებული არიან მომსახურების მიმწოდებლის ცვლილებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2017 წლის 3 აგვისტოს (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/5757-17).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 30-ე პუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიას“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N154 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2009 წლის 9 ოქტომბრის №501/1 გადაწყვეტილება და 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი;
2. მიეცეს შპს „ინექსფონს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N377 ნებართვა და განესაზღვროს შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 2496XXX-2497XXX სულ 2000 (ორი ათასი) სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა: 2017 წლის 10 აგვისტოდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;
დ) ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.
3. ეცნობოს შპს „ინექსფონს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე (2018 წლის 10 აგვისტომდე) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენა უნდა მოხდეს ვადის გასვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სათანადო მონაცემების კომისიის სანებართვო რეესტრში შეტანა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინექსფონისთვის“ და შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთვის“ გაგზავნა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ინექსფონისთვის“ და შპს „ალექს დეველოპმენტ ჯორჯიასთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
