შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2017 18:49
მიღების თარიღი აგვისტო 17, 2017
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვის თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს რომ კომისიას საჩივრით (Nშ-6/4765-17; 26.06.2017; N6/5069-17; 06.07.17) მომართა ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდმა“. საჩივრის თანახმად, შპს „ტელეიმედმა“ უარი განაცხადა ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ წარდგენილი ხუთი აუდიო-ვიზუალური მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით საკუთარ სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.
შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განსახილველად მიღების თაობაზე კომისიამ 2017 წლის 20 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე მიიღო N479/16 გადაწყვეტილება და საკითხის არსებითი განხილვა დაინიშნა 2017 წლის 10 აგვისტოს, რის თაობაზეც მხარეები მოსამზადებელ სხდომაზე გაფრთხილდნენ კანონის შესაბამისად.
კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდნენ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი და შპს ,,ტელეიმედის“ იურისტი ანდრო ლაშხი.
ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თ.კინწურაშვილმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი აუდიო-ვიზუალური მასალა შეეხება ისეთ საზოგადოებრივ სიკეთეებს, როგორიცაა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, აღმსარებლობის თავისუფლება, ტოლერანტობა, გენდერული თანასწორობა, თავისუფლება. მისი განცხადებით, შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილი ხუთივე კლიპი აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო შპს „ტელეიმედის“ უარი აღნიშნული ვიდეო მასალის განთავსებაზე, წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის, ასევე მე-2 მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის დარღვევას, რომლის თანახმად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. თ.კინწურაშვილმა, კომისიის სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ სადავო ვიდეო რგოლები სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსდა შპს „რუსთავი 2“-ის, შპს „პალიტრა ნიუსის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და შპს „GDS“-ის სამაუწყებლო ეთერებში.
ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, შპს „ტელეიმედს“ არ ჰქონდა უფლება უარი ეთქვა წარდგენილი სარეკლამო რგოლების სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე და კომისიისგან მოითხოვა საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.
2017 წლის 10 აგვისტოს კომისიის სხდომაზე, შპს „ტელეიმედის“ იურისტმა ა.ლაშხმა აღნიშნა, რომ შპს „ტელეიმედისთვის“ მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაც მოცემულია ვიდეო რგოლებში, თუმცა აღნიშნული ვიდეო რგოლები სლოგანური ხასიათისაა და არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამისთვის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს, რის გამოც ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდს“ უარი ეთქვა აღნიშნული კლიპების შპს „ტელეიმედის“ ეთერში განთავსებაზე. შპს „ტელეიმედის“ იურისტმა ასევე, განაცხადა, რომ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ შპს „ტელეიმედში“ სხვადასხვა დროს წარდგენილი ვიდეო რგოლები სოციალური რეკლამის სახით არაერთხელ იქნა განთავსებული მაუწყებლის ეთერში.
ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ შპს „ტელეიმედისთვის“ წარდგენილ ვიდეო რგოლებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნაში (N10/5270-17, 17.08.17) აღნიშნულია, რომ:
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის წ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას, ხოლო ამავე მუხლის ჰ7) ქვეპუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ წარდგენილ ვიდეო-რგოლებს არ აქვთ რეკლამის ფორმა, აღნიშნულ რგოლებში ხდება ზოგადი საკითხების დეკლარირება, ისინი არ ემსახურებიან კონკრეტული პროექტის ან პროცესის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ან რაიმე იდეისა და წამოწყების თაობაზე ინფორმაციის გავრცლებას. ვიდეო-რგოლებში არ იკვეთება რაიმე კონკრეტული პროექტი ან პროცესი და მათი შინაარსი ზედმეტად განზოგადოებულია, იმისათვის რომ ისინი ჩაითვალოს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ ან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერებისკენ მიმართულად. დეპარტამენტის აზრით, ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა არ ჯდება სოციალური რეკლამის დეფინიციის ფარგლებში.
კომისიამ, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 2017 წლის 17 აგვისტოს გადაიტანა, რის თაობაზეც მხარეები 2017 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე გაფრთხილდნენ.
2017 წლის 17 აგვისტოს სხდომაზე შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა ნ. ფაშალიშვილმა განმარტა, რომ შპს „ტელეიმედისთვის“ მნიშვნელოვანია ის საკითხები რაც მოცემულია სადაო ვიდეო რგოლებში, ვინაიდან, ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ წარმოდგენილი ხუთივე ვიდეო რგოლი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღმსარებლობის თავისუფლება, გენდერული თანასწორობა და ტოლერანტობა და ტელეკომპანია მზად არის საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში განათავსოს ხუთივე ვიდეო რგოლი სამაუწყებლო ეთერში.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივარი (Nშ-6/4765-17; 26.06.2017; N6/5069-17; 06.07.17);
2. ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ მომზადებული ვიდეო რგოლები (5 ცალი) დატანილი CD-ზე;
3. შპს „ტელეიმედის“ წერილი (19.06.2017 N0565) ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისთვის“ გაგზავნილი;
4. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2017 წლის 17 ივლისის Nშ-10/5270-17 დასკვნა;
5. ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის თ. კინწურაშვილის და შპს „ტელეიმედის“ იურისტის ა.ლაშხის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები;
6. შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენლის 2017 წლის 17 აგვისტოს კომისიის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდმა“ 2017 წლის 15 ივნისს მიმართა შპს „ტელეიმედს“, სამაუწყებლო ბადეში კომერციული რეკლამის სტატუსით 5 ვიდეო რგოლის განთავსების მოთხოვნით;
2. შპს „ტელეიმედმა“ მიიჩნია, რომ წარდგენილი ვიდეო რგოლები არ აკმაყოფილებდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს და უარი უთხრეს ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდს“ ვიდეო რგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე;
3. სადავო ვიდეო რგოლები ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით, ასევე წარედგინათ „რუსთავი 2“-ს, „პალიტრა ნიუს“, „ტელეკომპანია პირველის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „GDS“ რომლებმაც ყველა ვიდეო რგოლი სამაუწყებლო ეთერში განათავსეს სოციალური რეკლამის სტატუსით.
IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი განმარტებულია როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;
2. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-15) პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამა განმარტებულია როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებული (გადაცემული) კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
3. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სოციალური რეკლამა არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. სოციალურ რეკლამაში არ უნდა იყოს მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები),აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს;
4. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-171) მუხლის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის სფეროში რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებას არასათანადო რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებაზე ან კონტრრეკლამის განხორციელებაზე;
ბ) უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია;
5. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს; კერძოდ, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სარეკლამო ინფორმაციის წყაროს მისი შემდგომი წარმოების, განთავსებისა და გავრცელებისათვის; ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის მწარმოებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარეკლამო ინფორმაციას მზა სახეს აძლევს განთავსებისა და გავრცელებისათვის, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის გამავრცელებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს და/ან ავრცელებს რეკლამას ქონების (მათ შორის, რადიო და ტელემაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების, კავშირგაბმულობის არხების, საეთერო დროის და სხვა საშუალებების) გამოყენებით;
6. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ცალ-ცალკე ადგენს პასუხისმგებლობის ფარგლებს რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლისა და გამავრცელებლისთვის, კერძოდ: რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის რეკლამის შესაქმნელად წარდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ არ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა მოხდა რეკლამის მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიზეზით; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის მწარმოებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გაფორმებას, წარმოებას ან მომზადებას, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, რეკლამის გამავრცელებელი პასუხს აგებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს ან საშუალებებს;
7. „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-21 პუნქტის შესაბამისად, სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
8. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7) პუნქტის შესაბამისად, სოციალური რეკლამა განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;
9. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია.
10. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5) მუხლის მე-3) პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“;
11. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად;
12 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა;
13. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს;
14. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;
15. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
16. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) ქვეპუნქტის თანახმად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმათა დანაწესებიდან გამომდინარე კომისია აღნიშნავს, რომ კომისია წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სამაუწყებლო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის თანახმად, „სამაუწყებლო რეკლამის გავრცელების დროის, განთავსების ფორმისა (ადგილისა) და გამოყენებული საშუალებების, აგრეთვე სამაუწყებლო რეკლამის გამავრცელებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი შეზღუდვების დაცვის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დამრღვევს კანონით დადგენილი წესით დააკისროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქცია.
კომისია განმარტავს, რომ რეკლამისათვის სოციალური სტატუსის მინიჭების საკითხი მაუწყებელმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობის ფარგლებში. მაუწყებელი ვალდებულია შეაფასოს სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებს თუ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, სოციალური რეკლამისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონები ითვალისწინებენ სამი სახის - კომერციული, წინასაარჩევნო და სოციალურ რეკლამას, მაუწყებელმა:
ა) უნდა იხელმძღვანელოს „მაწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული კომერციული და წინასაარჩევნო რეკლამის განმარტებებით და უნდა იმსჯელოს, მასთან წარდგენილი სარეკლამო რგოლი ხომ არ წარმოადგენს კომერციულ, ან წინასაარჩევნო რეკლამას;
ბ) სარეკლამო რგოლის შეფასებისას უნდა იმსჯელოს მიმართულია თუ არა მასთან წარდგენილი სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ და ხომ არ შეიცავს აღნიშნული სარეკლამო რგოლი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებას;
გ) უნდა გადაამოწმოს სარეკლამო რგოლში ხომ არ არის მოხსენიებული კომერციული ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, მათი საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), აგრეთვე იმ საქონლის კონკრეტული მარკები (მოდელები, არტიკულები), რომელიც წარმოადგენს არაკომერციული ორგანიზაციების დამხმარე სამეწარმეო საქმიანობის შედეგს.
თუ აღნიშნულის შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მაუწყებლისთვის, წარდგენილი სარეკლამო რგოლი არ შეიცავს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებას, არ წარმოადგენს კომერციულ ან წინასაარჩევნო რეკლამას, აკმაყოფილებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ7 ქვეპუნქტითა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შინაარსობრივად მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა.
განსახილველ შემთხვევაში ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდმა“ (რეკლამის დამკვეთი) მიმართა შპს „ტელეიმედს“ (რეკლამის გამავრცელებელი) სარეკლამო რგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით. შპს „ტელეიმედმა“ უარი განაცხადა წარდგენილი ვიდეო მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ სარეკლამო რგოლები სლოგანური ხასიათისაა და არ ემსახურება რაიმე ახალი იდეისა თუ წამოწყების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
კომისია განმარტავს, რომ სოციალური რეკლამა შესაძლოა იყოს: საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა; საქველმოქმედო მიზნების მიღწევისკენ მიმართული რეკლამა; მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული რეკლამა; საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა. გარდა ამისა, სოციალური რეკლამა არ უნდა იყოს კომერციული ან წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნების მატარებელი, არ უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური რეკლამის, როგორც რეკლამის ერთ-ერთი სახეობის მაუწყებლის მიერ გავრცელება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობასთან, საქველმოქმედო მიზნების მიღწევასთან, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებული იდეებისა და წამოწყებებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, ანუ ასეთი იდეებისა და წამოწყებების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას.
ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ მაუწყებლებისთვის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით წარდგენილი ვიდეო რგოლები არ აკმაყოფილებენ სოციალური რეკლამისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, რაც უპირველესად გამოიხატება იმაში, რომ ვიდეო რგოლებს არ აქვთ რეკლამის ფორმა, კერძოდ სახეზე არ არის საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობასთან, საქველმოქმედო მიზნების მიღწევასთან, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებული იდეებისა და წამოწყებების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის განმარტებით, რეკლამა უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია რეკლამის ობიექტის თაობაზე. სადავო ვიდეო რგოლებში ზოგადად ხდება საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობების დეკლარირება და მათი შინაარსი არ ემსახურება კონკრეტული სოციალური პროექტის ან პროცესის რეკლამირებას დროის კონკრეტულ მომენტში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ შპს „ტელეიმედისთვის“ სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსების მოთხოვნით წარდგენილი ვიდეო რგოლები, არ ექვემდებარება სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსებას, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
კომისია დამატებით განმარტავს, რომ სადაო ვიდეო რგოლებში დეკლარირებული ღირებულებები წარმოადგენს საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნების საერთო ფასეულობებს, სადაო ვიდეო რგოლები არ შეიცავენ კომერციული ან/და წინასაარჩევნო რეკლამის ნიშნებს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამირებას, წარმოდგენილ ვიდეო მასალაში გაჟღერებული იდეები მნიშნველოვანია საზოგადოებისთვის, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ვიდეო რგოლები არ აკმაყოფილებენ სოციალური რეკლამისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კომისია ვერ დაავალდებულებს შპს „ტელეიმედს“ ასეთი ვიდეო რგოლების სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ბადეში განთავსებას. თუმცა, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეიმედს“ საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში შეუძლია წარმოდგენილი ვიდეო მასალის განთავსება, ისე, რომ აღნიშნული ხუთი ვიდეო რგოლის განთავსებით არ დაირღვეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით (განთავსების მიზნით მაუწყებლისთვის წარდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად უნდა დაეთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა) გათვალისწინებული მოთხოვნები სხვა რეკლამის დამკვეთთა მიმართ.
V. სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის წ) და ჰ7) ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდს“ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
2. განემარტოს შპს „ტელეიმედს“, რომ საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობის ფარგლებში ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ წარდგენილი ვიდეო მასალის განთავსებით არ უნდა დაირღვეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტით (განთავსების მიზნით მაუწყებლისთვის წარდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად უნდა დაეთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა) გათვალისწინებული მოთხოვნები სხვა რეკლამის დამკვეთთა მიმართ;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისთვის“ და შპს „ტელეიმედისთვის“ გაგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ი. ხარებავა);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ ყველა მაუწყებელთან გადაგზავნა (ი. ხარებავა);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., N6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისთვის“ და შპს „ტელეიმედისთვის“ ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე
კომისიის წევრი ელისო ასანიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
