სს „რუსთავის აზოტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2017 12:36
მიღების თარიღი აგვისტო 17, 2017
სს „რუსთავის აზოტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „რუსთავის აზოტმა“ (რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 13 სექტემბერს; ს.კ. №404519794) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-7/5323-17, 18.07.17) ქ. რუსთავში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ სს „რუსთავის აზოტის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებად პირს, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად დადგენილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც ერთ სიხშირეზე შეადგენს 500 ლარს და ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ სს „რუსთავის აზოტს“ წარმოდგენილი აქვს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის (2000 ლარის ოდენობით) საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 29-ე პუნქტისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს სს „რუსთავის აზოტს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 1626 ნებართვა და მიენიჭოს 441.800 მჰც, 441.975 მჰც, 447.050 მჰც და 447.275 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. რუსთავში, ერთი წლის ვადით - 2017 წლის 17 აგვისტოდან 2018 წლის 17 აგვისტომდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. სს „რუსთავის აზოტის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;
3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. დაევალოს სს „რუსთავის აზოტს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „რუსთავის აზოტისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სს „რუსთავის აზოტისთვის“ ნებართვით მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „რუსთავის აზოტისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „რუსთავის აზოტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კომისიის თავმჯდომარე კ. ბექაური
კომისიის წევრი ვ. აბაშიძე
კომისიის წევრი ე. ასანიძე
კომისიის წევრი მ. ქათამაძე
