წვდომის მენიუ

შპს „სისტემ ნეტთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალებისა და განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 560 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2017 19:09

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2017

შპს „სისტემ ნეტთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების განხილვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალებისა და  განცხადების განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში ურთიერთჩართვის, კერძოდ, საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობებთან დაკავშირებით კომისიას განცხადებით მომართა „სისტემ ნეტმა“ (№შ-6/6182-17; 17.08.2017).

შპს ,,სისტემ ნეტის“ განცხადებაში (№შ-6/6182-17; 17.08.2017) აღნიშნულია, რომ კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516/18 გადაწყვეტილების შესაბამისად მხარეებს შორის შეწყვეტილი ურთიერთჩართვა შპს ,,ჯეოსელის“ მხრიდან აღდგენილ იქნა. ამასთან, შპს ,,სისტემ ნეტმა“ 2017 წლის 16 აგვისტოს შპს ,,ჯეოსელისგან“ მიიღო წერილი, რომლითაც ის ითხოვს 2017 წლის 24 მაისს კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტის პირობებზე დათანხმებას. შპს „სისტემ ნეტი“ თავის განცხადებაში უთითებს, რომ ამ დროისთვის მხარეთა შორის მოქმედებს შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 10 აპრილის წერილით შემოთავაზებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობები, ხოლო თუ მხარეები ვერ თანხმდებიან, მათ უფლება აქვთ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას და მოითხოვონ ურთიერთჩართვის ერთ-ერთი სახის - საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების კანონთან შესაბამისი პირობების დადგენა.

შპს ,,სისტემ ნეტის“ განცხადების (№შ-6/6182-17; 17.08.2017) თანახმად, შპს „სისტემ ნეტმა“ 2017 წლის 26 ივლისს №03/131 წერილით მიმართა კომისიას და წარმოადგინა შენიშვნები შპს „ჯეოსელის“ 2017 წლის 24 მაისს გამოქვეყნებულ საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტასთან დაკავშირებით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-19 მუხლების საფუძველზე  შპს „სისტემ ნეტმა“ განცხადებით (№შ-6/6182-17; 17.08.2017) მოითხოვა კომისიამ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება: ა) შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის ურთიერთჩართვის ერთ-ერთი სახის - საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობების დადგენის მიზნით; ბ) ახალი პირობების დადგენამდე, დაევალოს შპს ,,ჯეოსელს“ ურთიერთჩართვის უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდება მხარეთა შორის მოქმედი პირობების შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „ჯეოსელის“ განცხადება (№შ-6/6206-17; 18.08.2017), რომლის თანახმად, კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №516-18 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯეოსელმა“ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს აღადგინა ურთიერთჩართვა (საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში) შპს ,,სისტემ ნეტთან“. საერთაშორისო ზარების მომსახურების აღდგენასთან ერთად შპს ,,სისტემ ნეტს“ განესაზღვრა ვადა 2017 წლის 17 აგვისტოს 18:00 საათამდე, რათა მას შპს ,,ჯეოსელთან“ 2017 წლის 24 მაისის საერთაშორისო ზარების დასრულების მომსახურების მოწვევის ოფერტაზე დადგენილი წესის დაცვით განეხორციელებინა თანხმობა/აქცეპტი. შპს ,,ჯეოსელის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, შპს ,,სისტემ ნეტმა“ დადგენილ ვადაში არ განახორციელა აქცეპტი შპს ,,ჯეოსელის“ ,,მოწვევის ოფერტაზე“, შპს ,,ჯეოსელი“ ითხოვს კომისიის თანხმობას შპს ,,სისტემ ნეტთან“ ურთიერთჩართვის შეჩერებაზე.

შპს „ჯეოსელის“ განცხადებაში (№შ-6/6206-17; 18.08.2017) ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ზარების მომსახურების აღდგენა შპს ,,სისტემ ნეტთან“ განხორციელდა მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და მხარე არ ასრულებს და არ ეთანხმება შპს ,,ჯეოსელის“ ,,მოწვევის ოფერტის“ პირობებს. აღნიშნული, შპს ,,ჯეოსელის“ განმარტებით, წარმოშობს გარკვეულ სამართლებრივ რისკებს, რის გამოც ის ითხოვს წარმოდგენილი განცხადების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში განხილვას.

შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ განცხადებების საფუძველზე, მათ შორის  ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის მიზნით კომისიაში 2017 წლის 24 აგვისტოს დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა, რის თაობაზე შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს  და ეთხოვათ დავასთან დაკავშირებული მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. მხარეებს ასევე განემარტათ მათი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

2017 წლის 23 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „სისტემ ნეტის“ ადამიანის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ქ. ახვლედიანის განცხადება (№შ-6/6300-17; 23.08.2017), რომლითაც მან ითხოვა შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის  ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის მიზნით დანიშნული მოსამზადებელი სხდომის გადადება იმ საფუძვლით, რომ კომპანიის დირექტორი ლ. ინჯია, დირექტორის მოადგილე ხ. ინჯია და კომპანიის იურისტი ლ. ამაშუკელი იმყოფებოდნენ შვებულებაში ა/წ 2 სექტემბრის ჩათვლით.

კომისიის 2017 წლის 24 აგვისტოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე, რომელმაც მხარი არ დაუჭირა შპს ,,სისტემ ნეტის“ მოთხოვნას სხდომის გადადების თაობაზე. მისი განმარტებით, შპს „ჯეოსელს“ შპს „სისტემ ნეტი“ თავის ქსელში ჩართული ჰყავს შპს „ჯეოსელის“ მოწვევის ოფერტაზე აქცეპტის განხორციელების გარეშე. მისი განცხადებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის პირობებში, თუ შპს „სისტემ ნეტი“ დააგროვებს დიდი ოდენობის დავალიანებას და არ გადაიხდის, შესაძლებელია შპს ,,ჯეოსელმა“ აღნიშნული თანხა ვერ ამოიღოს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ, ხოლო 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელის“ განცხადებებში აღნიშნული საკითხების განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯეოსელის“ მოთხოვნას წარმოადგენს შპს ,,სისტემ ნეტთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის  (საერთაშორისო ზარების დასრულების ნაწილში) შეჩერებაზე კომისიის თანხმობის გაცემა და აღნიშნული საკითხის შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში განხილვა, ხოლო შპს ,,სისტემ ნეტი“ ითხოვს კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს „ჯეოსელს“ შორის ურთიერთჩართვის ერთ-ერთი სახის - საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების პირობების დადგენის მიზნით და ახალი პირობების დადგენამდე,  შპს ,,ჯეოსელს“ დაევალოს ურთიერთჩართვის უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდება მხარეთა შორის მოქმედი პირობების შესაბამისად.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სისტემ ნეტისა“ და შპს „ჯეოსელის“ მოთხოვნები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, განსახილველია არა ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, არამედ ცალ-ცალკე, ორი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,სისტემ ნეტის“ განცხადება მოსამზადებელი სხდომის გადადების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შპს „ჯეოსელის“ ქსელში ურთიერთჩართვის, კერძოდ, საერთაშორისო  ზარის დასრულების მომსახურების პირობებთან დაკავშირებით შპს „სისტემ ნეტის“ განცხადების (№შ-6/6182-17; 17.08.2017) განხილვის ნაწილში. შესაბამისად, კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო  ზარის დასრულების ნაწილში ურთიერთჩართვის პირობებთან დაკავშირებით შპს „სისტემ ნეტსა“ და შპს ,,ჯეოსელს“ შორის არსებული დავის განხილვის მიზნით მოსამზადებელი სხდომა უნდა დაინიშნოს 2017 წლის 5 სექტემბერს, 15:00 საათზე. რაც შეეხება შპს „ჯეოსელის“ განცხადებას შპს ,,სისტემ ნეტთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე, აღნიშნული განცხადების განხილვა უნდა დაინიშნოს 2017 წლის 5 სექტემბერს, 15:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს ,,სისტემ ნეტთან“ მოქმედი ურთიერთჩართვის შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე შპს „ჯეოსელის“ განცხადების  განხილვა დაინიშნოს 2017 წლის 5 სექტემბერს, 15:00 საათზე;

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ხუხუნაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                 ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                 ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                 გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                 მერაბ ქათამაძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები