წვდომის მენიუ

შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 566 / 20

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 05, 2017 19:13

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2017

შპსჯეოსელისმიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს კომისიას წერილობით მიმართა შპს „ჯეოსელმა“ (განცხადება №შ-6/9008-15; 19.11.2015) და მოითხოვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №8.5-ის შპს ,,ჯეოსელის“ კომერციულ საიდუმლოებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა ზიანს მიაყენებდა მის კონკურენტუნარიანობას.

კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის წერილით (№08/3273-15; 29.11.2015), შპს ,,ჯეოსელს“ უარი ეთქვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 8.5-ის კომერციულ საიდუმლოებად ცნობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №08/3273-15 წერილი შპს ,,ჯეოსელის“ მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქმე №3/469-16) და მოთხოვნილ იქნა აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და შპს ,,ჯეოსელის“ მიერ კომისიისთვის მიწოდებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №8.5-ში მოყვანილი ინფორმაციის (მათ შორის, 2012 წლის პირველი იანვრიდან და ამის შემდეგ მოწოდებული ინფორმაციის) კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოდავე მხარეებმა გამოთქვეს სურვილი დავის მორიგებით დასრულების მიზნით მოლაპარაკების წარმოების თაობაზე, რის საფუძველზეც დავის განხილვა გადაიდო.

2017 წლის 5 აპრილს, კომისიაში შემოვიდა შპს „ჯეოსელის“ წერილი (№შ6/2947-17; 05.04.2017), რომლითაც მოთხოვნილ იქნა შპს ”ჯეოსელის”  საბაზო სადგურების რაოდენობის შესახებ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №8.5 ცხრილში მოყვანილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა (მათ შორის 2012 წლის პირველი იანვრიდან), რადგან, შპს ,,ჯეოსელის“ განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობის და მარტივი ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია აბონენტებისათვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდეს რომელიმე კონკურენტი კომპანია (ვისაც უფრო მეტი საბაზო სადგური გააჩნია კონკრეტული თარიღისთვის), რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება შპს ”ჯეოსელის” კონკურენტუნარიანობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიასა და შპს „ჯეოსელს“ შორის სასამართლო დავის (საქმე №3/469-16) მორიგებით დასრულებისა და მორიგების პირობების განსაზღვრის მიზნით კომისიაში საკითხის განხილვა გაიმართა 2017 წლის 6 ივნისს და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და შპს „ჯეოსელს“ შორის სასამართლო დავის (საქმე №3/469-16) მორიგებით დასრულებისა და მორიგების აქტზე ხელმომწერი პირის განსაზღვრის თაობაზე”.  მორიგების აქტს ხელი მოეწერა 2017 წლის 9 ივნისს.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ, 2017 წლის 19 ივლისს  შპს ”ჯეოსელმა” სასამართლო დავის განხილვისას იშუამდგომლა სარჩელის გახმობის გამო საქმის განუხილველად დატოვება. სასამართლომ დააკმაყოფილა შპს ”ჯეოსელის” წარმომადგენლის შუამდგომლობა და სარჩელი დატოვა განუხილველად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა  ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ”ჯეოსელის” მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა №8.5-ში მოყვანილი საბაზო სადგურების (BTS) რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად  ერთხმად

:

1. დაკმაყოფილდეს შპს ,,ჯეოსელის“ მოთხოვნა და ცნობილი იქნას კომერციულ საიდუმლოებად კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 8.5-ში მოყვანილი ინფორმაცია შპს ,,ჯეოსელის“ საბაზო სადგურების (BTS) რაოდენობის შესახებ, მათ შორის,  2012 წლის 1 იანვრიდან კომისიაში წარმოდგენილი მონაცემები;

2. ინფორმაცია შპს „ჯეოსელის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს  შპს „ჯეოსელის“ მიერ ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის   მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (დ.ქუთათელაძე) .

კომისიის თავმჯდომარე                                                    კახი ბექაური       

კომისიის წევრი                                                                    ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                    ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                    გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                    მერაბ ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები