წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის №818/23 გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე

ნომერი: 57 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 14, 2017 12:06

მიღების თარიღი იანვარი 26, 2017

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 და  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9   გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის  მიზნით   კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის №818/23 გადაწყვეტილებით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიამ 2016 წლის 18 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება N 757/11 „შპს “მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტა კომმის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე თანხმობის მიცემის  შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ აღნიშნა, რომ  „ინტერნეტის ქსელით საცალო და საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400/9 გადაწყვეტილების და  „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საცალო ბაზარზე დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკონკრეტების და სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” კომისიის 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილების მიხედვით შპს „მაგთიკომი“ ფიქსირებული მისამართიდან ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში დადგენილია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად და დაკისრებული აქვს  სპეციფიკური ვალდებულებები. შესაბამისად,  შპს „დელტა კომმისა” და შპს „დელტა ნეტის“, როგორც შპს „მაგთიკომთან“ აფილირებული ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების მიზნით  კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9  გადაწყვეტილებებში აუცილებელია ცვლილების შეტანა.  

კომისიამ 2016 წლის 15 დეკემბრის  N818/23  გადაწყვეტილებით „ კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9,  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9,  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის მიზნით, საკითხის  ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2017 წლის 26 იანვარს  15:00 საათზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 26 იანვრის კომისიის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა,  იურისტმა დ. ძიძიგურმა განცხადა, რომ  შპს „მაგთიკომს“ დაგეგმილი აქვს 2017 წლის პირველ მარტამდე მოახდინოს  შპს „დელტა ნეტის“, შპს „დელტა კომმის“ და შპს ‘ა ნეტის“ აბონენტების შპს „მაგთიკომის“ ქსელში გადაყვანა/მიგრაცია, რის შემდეგაც ინტერნეტის საცალო მომხმარებლებს მომსახურებას გაუწევს მხოლოდ შპს „მაგთიკომი“, ამასთან დ. ძიძიგურმა აღნიშნა, რომ აქტივების გადაცემასთან დაკავშირებით კომპანიაში მიმდინარეობს  მონაცემთა დაზუსტება, შესაბამისად შპს „მაგთიკომმა“ ითხოვა, რომ  საკითხის მოსმენა გადაიდოს 2017 წლის 9 მარტისთვის.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N817/11 გადაწყვეტილებით „შპს „დელტა კომმისა“ და შპს „დელტა-ნეტის“, ასევე  შპს „დელტა კომმისა“ და შპს „ა-ნეტის“ შერწყმაზე თანხმობის  მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“   შპს „დელტა კომმს“ თანხმობა მიეცა, შპს „დელტა-ნეტთან“ და შპს „ა-ნეტთან“ შერწყმაზე.

კომისია  აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ფაქტიურად განხორციელდება შპს „დელტა ნეტის“ , შპს „დელტა კომმის“ და შპს ‘ა ნეტის“ აბონენტების შპს „მაგთიკომის“ ქსელში გადაყვანა/მიგრაცია და  საცალო მომხმარებლებს მომსახურებას გაუწევს მხოლოდ შპს „მაგთიკომი“,   შპს „დელტა ნეტისთვის“,  შპს „დელტა კომმისთვის“ და „ა ნეტისთვის“ კომისიის  2007 წლის 20 ივლისის №400/9,  2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 და 2014 წლის 6 ნოემბრის  №620/9 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული სპეციფიკური  ვალდებულებების დაკისრება აღარ იქნება აუცილებელი, ვინაიდან მათ აღარ ეყოლებათ აბონენტები. შესაბამისად კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს,  რომ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომა გადაიდოს შპს „მაგთიკომის“ მიერ მოთხოვნილ თარიღამდე და ამ თარიღისთვის არსებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ კომისიამ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და  IX თავების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:                                                                                                                                                                          

1. კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N818/23 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის N818/23 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2017 წლის  9 მარტს  15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);“.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის  2016 წლის 15 დეკემბრის N818/23 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 7-ე პუნქტი:

„7. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის განისაზღვროს სამ თვიანი ვადა;“.

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას  საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ  ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                        ე. ასანიძე  

კომისიის წევრი                                                                       გ. ფრუიძე 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები