წვდომის მენიუ

ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 575 / 10

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2017 18:42

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2017

.ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად  გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2017 წლის 22 ივნისი N424/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონში სიხშირეზე 93,7 მჰც.

კომისიის 2017 წლის 22 ივნისი N424/10 გადაწყვეტილებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 24 ივლისის 17:00 საათი, მოსამზადებელი სხდომის ჩატარების თარიღად – 2017 წლის 27 ივლისი 13:00 საათი, ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად - 2017 წლის 24 აგვისტო 13:00 საათი, ხოლო კონკურსის ჩატარების თარიღად – 31 აგვისტო 13:00 საათი; სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 8100.00 (რვა ათას ასი ლარი და 00 თეთრი) ლარით. ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და 2017 წლის 22 ივნისი N424/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა მხოლოდ შპს ”მედ ეფემმა“ (განაცხადის კომისიაში რეგისტრაციის №11/5470-17, 24.07.2017წ).

კომისია აღნიშნავს, რომ 2017 წლის 27 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს ”მედ ეფემის“ დირექტორი ნოდარ მოდებაძე და დამფუძნებელი ირაკლი ბანძელაძე ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გახსნის შედეგად დადგინდა, რომ  წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლითა და კომისიის 2017 წლის22 ივნისი N424/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის პირობებს. კერძოდ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ  საკონკურსო განაცხადზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; ასევე არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი  განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;  ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;  ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ; ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.

კომისიის 2017 წლის 27 ივლისის №497/10 გადაწყვეტილების შესაბამისად  შპს ”მედ ეფემს“ დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით მიეცა ვადა 2017 წლის 3 აგვისტოს 19:00 საათამდე. შპს ”მედ ეფემის“ მიერ 2017 წლის 3 აგვისტოს (წერილი №6/5754-17) წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია.

ზეპირი მოსმენა ქ. ბათუმში (სიხშირეზე 93,7მჰც) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე ჩატარდა 2017 წლის 24 აგვისტოს 13:00 საათზე. ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომპანიის დამფუძნებელი და წარმომადგენელი ირაკლი ბანძელაძე.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნა (სამსახურებრივი ბარათი №10/6347-17, 24.08.2017) კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის, შპს ”მედ ეფემის“ მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შეფასების თაობაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საძიებელი ლიცენზიის სახეობაა - სპეციალიზებული რადიომაუწყებლობა; ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8) ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალიზებული მაუწყებლობა არის ერთი თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა. შეესაბამისად თუ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციაში შემოთავაზებულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, აღნიშნული ლიცენზიის მაძიებლის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

შპს ”მედ ეფემის“ სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, ეთერში განთავსდება შემდეგი  თემატიკის გადაცემები: 

- სამედიცინო ამბები;

- სამედიცინო შემეცნებითი პროგრამა;

- ახალგაზრდული პროგრამა;

- სპორტული (ჯანსაღი ცხოვრების) პროგრამა; 

სამედიცინო გამოშვება“ - ეთერში განთავსდება დღეში 3–ჯერ; გამოშვება ეთერში გავა დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე (09:00; 15:00; 21:00) სამედიცინო ამბების ხანგრძლივობა იქნება  10–15 წუთი. გამოშვების მთავარ თემებს შეადგენენ მედ ეფემის თანამშრომლები. გამოშვებაში გაშუქდება ყველა აქტუალური სიახლე სამედიცინო სფეროში; 

„პრაიმ თაიმი“ - თანამედროვე რეალობაში პაციენტის შეკითხვები ასე თუ ისე მაინც პასუხგაუცემელი რჩება, მოსახლეობა დეზორიენტირებულია და არ იცის, სად უნდა მივიდეს, საიდან მოიძიოს მკურნალობისთვის ფინანსები. ამასობაში კი უამრავი კლინიკა გაიხსნა. ექიმებში, ძველებთან ერთად, რა თქმა უნდა, ახალი პროფესიონალებიც გაჩნდნენ. სწორედ ამიტომ აღნიშნული გადაცემა საზოგადოებას უამრავ კითხვაზე გასცემს ამომწურავ პასუხს და პაციენტის სწორი გზით დაკვალიანებას შეეცდება. გადაცემის ავტორი და წამყვანი იქნება კომუნიკატორი პაციენტს, ექიმსა და სახელმწიფოს შორის. გადაცემა  პრობლემურ  საკითხებს  მიეძღვნება.  მედიკოსებთან  საუბარი  მსმენელისთვის გასაგებ ენაზე წარიმართება და არა სპეციალური სამედიცინო ტერმინოლოგიით;

„პედიატრის საათი“ - ყველაფერი ბავშვებზე და ბავშვებისთვის. გადაცემაში განხილული იქნება ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემები დაბადებიდან მოზრდილ ასაკამდე. სტუმრად გადაცემაში - გამოცდილი, პროფესიონალი, ცნობილი პედიატრები, ბავშვთა ფსიქოლოგები და ექიმები; 

„რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ - დიაგნოსტიკის დახვეწამ ბევრი აქამდე უცნობი დაავადება და მისი წარმომშობი მიზეზები აღმოაჩინა. ორსულობის დაგეგმვა და ნაყოფის განვითარების ეტაპები. ანტენალური მედიცინა (ანუ მუცლად ყოფნის პერიოდის მეცნიერება), პრენატალური დიაგნოსტიკა, ორსულთა პათოლოგიები - ყველაფერი მომავალი თაობის შესახებ. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, რომელმაც კლასიკური მეანობა ჩაანაცვლა. ყველაფერი რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. გადაცემაში მოწვეულები იქნებიან ამ დარგის სპეციალისტები; 

„ბიორეგულაციური მედიცინა“ - ბიოლოგიურ საფუძვლებზე დაყრდნობილი კლინიკური მედიცინა და მკურნალობის ხელოვნება. მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის ახალი ხედვა; 

,,შესაძლებლობები შეუზღუდავია“ - გადაცემა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ. საზოგადოება ნაკლებად არის გაცნობიერებული შეზღული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებში. ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები მათი დასაქმების შეუძლებლობაზე. მაგრამ რეალობა სხვა გვარია. ერთად დავამსხვრიოთ მითი შსაძლებლობათა შეზღუდვაზე, ერთად შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება, ერთად დავძლიოთ სტიგმა; 

,,ეკომედია“ - გადაცემა როგორც წესი მზადდება კვირის აქტუალური გარემოსდაცვითი და მომიჯნავე სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუმცა პერიოდულად იგი უფრო ზოგადი მიმართულებისაც იქნება. რა ბუნებრივ სიმდიდრეებს ფლობს საქართველო, რა გარემოსდაცვითი პრობლემები და რა მიღწევებია ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, რა საფრთხეები ემუქრება ჩვენს ჯანმრთელობას და რა უნდა გაკეთდეს რისკების შესამცირებლად. ასევე, - მავნე ზეგავლენის შემცირებისათვის. მსჯელობა მიმდინარეობს როგორც ზოგად ეროვნულ დონეზე არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების, ისე ინდივიდუალურად თითოეული მოქალაქის ქმედებებთან მიმართებაში. გადაცემის სტუმრები გასცემენ პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციებს, რომლებიც მსმენელს ეხმარება როგორც საკუთარი ჯანმრთელობისა და ფინანსების დაზოგვაში, ისე გარემოსდაცვითი კუთხით ქვეყნისათვის მეტი სარგებლის მოტანის მიმართულებით. ნარჩენების მართვა და მასთან დაკავშირებული პრობლემები, წყლის, ჰაერის, ნიადაგის დაბინძურება სხვადასხვა წყაროებიდან, კანალიზაციის და სხვა ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული პრობლემები. ენერგეტიკა, მათ შორის დამზოგავი ტექნოლოგიები, ენერგოეფექტურობა, ალტერნატიული წყაროები, დაცული და დაუცველი ტერიტორიების მნიშვნელობა და მდგომარეობა, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნდა, ეროვნული პარკები და ძეგლები, გადაშენების პირას მყოფი მცენარეები და ცხოველები, მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ახალი ტექნოლოგიები. ეს ყოველივე, ასევე სურსათის, სამშენებლო მასალების, ტანსაცმლის და სხვა პროდუქტების უვნებლობა, ვეტერინარიასა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები და სხვა მრავალი, წარმოადგენს იმ უაღრესად საინტერესო, საჭირობოროტო, მნიშვნელოვან თემატიკას; 

„თაობა და რეალობა“ - ახალგაზრდობის თანამედროვე მდგომარეობა. მათი სულიერი, ფიზიკური, გონებრივი მდგომარეობის ეტაპები. რა გავლენას ახდენს მასმედია მოზარდთა განვითარებაზე, გარემო ფაქტორები. ახალი თაობის კულტურული მისწრაფებები, დამოკიდებულება ტრადიციებთან, რწმენასთან, რელიგიასთან, მშობლებთან. მეგობრობის მნიშვნელობა და ურთიერთობის ფორმები. ახალგაზრდობის დამოკიდებულება წიგნთან; 

„აუდიო ავტოგრაფი“ - ის ვისაც  საზოგადოება    აფასებს,   ის ვისიც   საზოგადოებას  სჯერა. ღირსეული ადამიანების ცხოვრებისეული მოგონებები. სტუმრად ჩვენი ღვაწლმოსილი ადამიანები; 

„მაძიებელი“ - ყველაფერი სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე. თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდების აქტივობები, სხვადასხვა ღონისძიებები, სტუდენტური პროექტები. გადაცემის  ბოლო 15 წუთი ეთმობა გადაცემის რუბრიკას „შემოიარე საქართველო მაძიებელთან ერთად“. ბლოკის სტუმრები არიან ქართველი მოლაშქრეები და გიდები. საუბრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებზე და ადგილებზე, რომლებიც ტურისტებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს. გადაცემა „მაძიებელი“ აქტიურად ეწევა ტურიზმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. 

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსი ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კომისიაში ჩატარდა 2017 წლის 31 აგვისტოს 13:00 საათზე. საკონკურსო სხდომას ესწრებოდა  შპს „მედ ეფემის“ დირექტორი ნოდარ მოდებაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს ”მედ ეფემის“ მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე კომისიამ მიიჩნია, რომ სამაუწყებლო კონცეფცია აკმაყოფილებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჰ8) ქვეპუნქტის მოთხოვნებს.

კომისია დამატებით მიუთითებს ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის  მე-11 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მედ ეფემის“ დირექტორმა ნოდარ მოდებაძემ  სალიცენზიო გადასახდელის - 8100.00 (რვა ათას ასი ლარი და 00 თეთრი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის  43-ე მუხლისა და კომისიის 2017 წლის 22 ივნისი N424/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა: 

1.  ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”მედ ეფემი“;

2.  უზრუნველყოს  შპს ”მედ ეფემმა“ ერთი თვის ვადაში, სალიცენზიო გადასახდელის  20%-ის - 1620.00 (ერთი ათას ექვსასოცი და 00 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა

მიმღების ბანკის კოდი  - TRESGE22

სახაზინო  კოდი - 300773062

3. კომისია გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღებს სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე–2 პუნქტით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის ანუ 5,670.00 (ხუთი ათას ექვსასსამოცდაათი და 00 თეთრი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) კონკურსში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;

7.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) შპს ”მედ ეფემისთვის“ წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”მედ ეფემისთვის“ ჩაბარების დღიდან.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                             მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები